წალკაში ვითარება საეჭვოდ იძაბება

        გუშინ წალკის მოსახლეობას ერთგვარი მღელვარება დაეტყო პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ამ რაიონში შინაგანი ჯარის ქვედანგაყოფების შეყვანას ითვალისწინებს. ეს იყო გაფრთხილება იმ ძალების მიმართ, ვინც უკვე მესამე წელია მიზანმიმართულად ძაბავს სიტუაციას ქვეყნის ამ მრავალეროვან და სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში. საერთოდ, წალკის რაიონი «ბუნებრივ საინფორმაციო» ბლოკადაშია მოქცეული.
        წალკის რაიონში ცხოვრობენ XIX საუკუნეში თურქეთიდან გადმოსახლებული ბერძნები (ელინები). 1989 წელს, «მიოძრაობის» გარიჟრაჟზე, თბილისელმა ლიდერებმა წალკის «მიკროსაზოგადოებაშიც» შეიტანეს მღელვერება. მაშინ წალკაში გავრცელდა ხმები, თითქოს, «ქართველები ბერძნების ამოწყვეტასა და გაძევებას» აპირებენ.
        იმავე პერიოდში დაიწყო ბერძნების ემიგრაცია საბერძნეთში, რასაც ობიექტური მიზეზები ჰქონდა: საბერძნეთს ცხოვრების დონით საქართველო ვერ შეედრებოდა. სამოქალაქო ომის თანმხლები ყაჩაღობა და ძარცვა-გლეჯაც ბუნებრივად განაწყობდა ადამიანებს, გაქცეულიყვნენ და თავისთვის ეშველათ.
        სწორედ მაშინ შეიქმნა უმთავრესი პრობლემა, რაც ამჟამინდელ დაძაბულობას განაპირობებს: ბერძნები საბერძნეთში კი მიდიოდნენ, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში, არ ყიდდნენ წალკაში სახლ-კარს. მათ იმედი ჰქონდათ, ოდესმე დაბრუნდებოდნენ და ქონებას უფრო სარფიანად გაყიდდნენ. მაგრამ დაცარიელებულ სახლ-კარს ახალი პატრონები გამოუჩნდნენ. ბუნებრივია, წლების განმალვობაში, მათ სავსებით გამართლებული პრეტენზია გაუჩნდათ. რა თქმა უნდა, აქ უეჭველად წარმოიშობა ინტერესთა გარკვეული კონფლიქტი, რომელსაც ამძაფრებს წალკაში დარჩენილი ბერძნული თემის «კოლექტიური ნევროზი» - მათი შიში მომავლისადმი. წალკა უშუალოდ ესაზღვრება სამცხე-ჯავახეთის რეგიონს. გარკვეული აზრით (არა მხოლოდ ადმინისტრაციულად, არამედ გეოპოლიტიკურადაც) ეს რაიონი საქართველოს არამდგრადი «სამხრეთ ზოლის» განუყოფელი ნაწილია. ამჟამად დემოგრაფიული ვითარება რაიონში სერიოზულად შეიცვალა (მათ შორის, აჭარიდან გადმოსახლებულთა წყალობით).
        წალკაში არსებობდა ეთნიკური შეფერილობის ყოფითი კონფლიქტის რამდენიმე ფაქტი, რაც გაცილებით უფრო სერიოზულ ექსცესში შეიძლებოდა გაზარდილიყო, რომ არა შინაგანი ჯარის ნაწილების დროული და ქმედითი ჩარევა.
        ამჟამინდელი უკმაყოფილება კი შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ ადგილობრივ ძალებს რაიონში საქართველოს სუვერენიტეტის გავრცელება არ ეპიტნავებათ. ლევან მამალაძეს მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას კონკრეტული ფაქტები არ დაუსახელებია (შესაძლოა, მათი გამოქვეყნება მიზანშეწონილად არ ჩაითვალა), მაგრამ მთლიანობაში, შეიძლება დავასკვნათ, რომ წალკაში არსებობს რაღაც სერიოზული პროვოკაციის საფრთხე, რომელსაც ერთდროულად რამდენიმე შემადგენელი ნაწილი ექნება, მათ შორის, ერევნის დაინტერესება, საბერძნეთის გარკვეული ინტერესი და (ერთ-ერთ) სამიზნედ აჭარიდან ჩასახლებულთა ფაქტორის გამოყენება, ბათუმითან ახალი პრობლემების შესაქმნელად.
        ამ პროვოკაციის დაშვება მთელ საქართველოში ვითარების აფეთქების ტოლფასი იქნებოდა.

დილის გაზეთი, 26 ივლისი, 2002 წელი

მთელ გვერდზე