ბუქარესტიდან – ლისაბონამდე

        19 ნოემბერს, პორტუგალიურ ლისაბონში იხსნება ჩრდილო ატლანტიკური კავშირის მორიგი სამიტი, რომელიც, როგორც ცნობილია, 2 წელიწადში ერთხელ იმართება. წინა, ბუქარესტის სამიტი ისტორიული აღმოჩნდა, რადგან სწორედ მის გარშემო ატეხილმა ბრძოლამ განაპირობა რუსეთის შემოჭრა საქართველოში 2008 წლის აგვისტოში.
            ბუქარესტის სამიტს უნდა გადაეწყვიტა, მიიღებდნენ თუ არა საქართველო და უკრაინა ე.წ. «საგზაო რუქას» ნატოში გასაწევრიანებლად. სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, პრეზიდენტი პუტინი შეხვდა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს და საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის. მოილაპარაკეს, რომ ეს ორი ქვეყანა (განსაკუთრებით Gგერმანია) ყოველნაირად დაბლოკავდა პრეზიდენტ ბუშის მცდელობას, სამიტს სამართლიანი გადაწყვეტილება მიეღო.
            მართლაც, როცა ბუქარესტის გრანდიოზულ სასახლეში (იგი ჯერ კიდევ ნიკოლაე ჩაუშესკუმ ააშენა) ცხარე კამათი გაიმართა, პუტინის «ახალგაზრდობის მეგობარმა» ანგელამ დემაგოგიური არგუმენტი მოიშველია: «ხომ ვნახეთ, 2007 წლის ნოემბერში, რომ საქართველოს მოსახლეობა პრეზიდენტ სააკაშვილს მხარს არ უჭერს, ყოველ შემთხვეავში მისი კურსის მხარდაჭერა სათუაო და ასეთი ქვეყნის მიმართ ვალდებულებები რატომ უნდა ავიღოთო».
            სინამდვილეში მისთვის მთავარი ქართული დემოკარტიის ბედი კი არ იყო, არამედ ის ვალდებულებები, რომელიც თვით ქალბატონ ანგელას ჰქონდა (და აქვს) პუტინისადმი ჯერ კიდევ დრეზდენიდან მოყოლებული.
            ამით, სხვათა შორის, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქართული ოპოზიციის შინაარსი არ იცვლება: იცვლებიან პერსონაჟები, პოლიტიკოსები, ლიდერები, მაგრამ მთლიანობაში ოპოზიცია საქართველოში რჩება იმ ძალად, რომელიც ნებით თუ სიბრიყვით, გაცნობიერებულად თუ უპასუხისმგებლობით, მაგრამ მაინც ახარებს მტერს! ანუ Dაკეთებს მტრისთვის სასარგებლო საქმეს.
            ასე იყო 1991 წელს, ასე იყო 2007 წელს, ასეა დღესაც. სხვაგვარი ოპოზიცია ამ ქვეყანაში უკვე ალბათ აღარც გვეყოლება და ამას უნდა შევურიგდეთ, როგორც სტიქიურ უბედურებას.
            რაც შეეხება ნატოს სამიტს, ორი წლის წინ, საქართველოს გულწრფელმა მეგობარმა (სხვა საქმეა, რომ ყველაფერი არ გამოუვიდა), ჯორჯ ბუშ – უმცროსმა მაინც გაიტანა საბოლოო დეკლარაციაში ჩანაწერი, რომ «უკრაინა და საქართველო აუცილებლად გახდებიან ნატოს წევრნი». მაგრამ ხარკოვის სამარცხვინო გარიგების შედეგად, კიევმა მიიღო გაადწყვეტილება, უარი თქვას ნატოს წევრობაზე. ამით იანუკოვიჩმა მთელი მსოფლიოს თვალწინ დაადასტურა ბუქარესტის სამიტზე პუტინის ნათქვამი, რომ უკრაინა არასერიოუზლი სახელმწიფოა». აბა როგორ შეიძლება სერიოზული სახელმწიფო და სოლიდური ქვეყანა ყოველი არჩევნების მერე იცვლიდეს პოზიციას ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე?
            2 წლის შემდეგ, ლისაბონის სამიტის მოახლოებასთან ერთად, კრემლი კვლავ გააქტიურდა. ამჯერად პრეზიდენტი მედვედევი დოვილში შეხვდა მერკელსა და სარკოზის. იმის მოთხოვნა ვეღარ გაბედა, მიხეილ სააკაშვილი ლისაბონში საერთოდ არ მიეწვიათ, მაგრამ მიაღწია დაპირებას, რომ საქართველო «საგზაო რუქას» ამჯერადაც ვერ მიიღებს.
            ამ თემას ემოციის გარეშე თუ შევხედავთ, ჩვენთვის მთავარი უსაფრთხოების გარანტიაა, - რომ ოკუპანტები ახალ აგრესიას არ დაიწყებენ. ამ გარანტიას კი, ლისაბონის სამიტი, პერზიდენტ სააკაშვილის თანდასწრებით, საქართველოს ნამდვილად მისცემს! Oორივე დაპყრობილ ტერიტორიას მოსკოვი 2008 წლის აგვისტომდეც აკონტროლებდა. თუმცა, ნატოს მხრიდან ამ დათმობის სანაცვლოდ, რუსეთს მოუწევს ტვირთების გატარება ორივე მიმართულებით: ავღანეთიდან და ავღანეთისკენ. Gგარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ მოსკოვი დაეთანხმება ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემას. რუსი ექსპერტები უკვე აქტიურად სვამენ კითხვას: ამდენს ვუთმობთ ნატოს და საქართველოს საკითხში მისი ზომიერება მეტისმეტად ძვირი ხომ არ გვიჯდებაო. ანუ, მეტისმეტად ბევრს ხომ არ ვუთმობთ იმის სანაცვლოდ, რომ საქართველომ «მაპ»-ი არ მიიღოს?
            ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის მიწვევა ნატოს სამიტზე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთმა ვერ მიაღწია მთავარ მიზანს, რომელსაც 2008 წელს ისახავდა და არა მხოლოდ ქვეყნის კურსის შეცვლა ვერ შეძლო, არამედ (რაც მისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია) ვერც ის მოახერხა, ნატოს საქართველო და კავკასია საერთოდ ამოეღო დღის წესრიგიდან.
           
           

მთელ გვერდზე