ბობოქარი პერიოდის ბობოქარი პრელუდია

        გუშინდელი მთავრობის სხდომა, რომელზეც პრეზიდენტმა მინისტრი გაათავისუფლა (რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, თბილისის მერს მიეცა უკანასკნელი გაფრთხილება). ძალზე ნიშანდობლივი მოვლენა იყო იმ ჭეშმარიტად ბობოქარი მოვლენებისა და პროცესების წინ, რაც უახლოეს მომავალში საქართველოში გაიშლება.

        საყურადღებოა, რომ საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გუშინვე ჩაატარა აღმასრულებელი ხელისუფლების წევრთა თათბირი, რომელზეც განიხილეს ერთადერთი საკითხი: «პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლისას წამოყენებულ წინადადებათა რეალიზაცია». ეს იმას ნიშნავს, რომ, ფაქტობრივად, ედუარდ შევარდნაძემ დაიწყო იმ ინიციატივათა რეალიზება, რომელთა თაობაზე მან ისაუბრა მიმართვაში «პარლამენტისა და ხალხისადმი». იგულისხმება კონკრეტული კანონპროექტის მომზადება.
        უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სახელმწიფო კანცელარიის რეფორმას. ამთავითვე უნდა ითქვას, რომ სარწმუნო წყაროთა ცნობით, ავთანდილ ჯორბენაძე თავად არ აპირებს იმ წინადადებათა რეალიზაციას, რაც მისთვის საკანონმდებლო ინიციატივის მინიჭებას გულისხმობს, ვინაიდან სახელმწიფო მინისტრს, როგორც ჩანს, რეალობისა და ზომიერების გრძნობა არ აკლია. ამდენად, შესანიშნავად ესმის, რომ ხსენებული პრობლემა მხოლოდ პრეზიდენტისა და პარლამენტის ურთიერთმოქმედების დონეზე შეიძლება გადაწყდეს. თუმცა, საეჭვოა, ასეთი წინადადება დღის წესრიგში დადგეს – პრეზიდენტმა იგი გააჟღერა, როგორც «მინისტრთა კაბინეტის» ალტერნატივა და მისი «ბოლო ვარიანტი», თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი და პარლამენტის კონსტიტუციური უმრავლესობა შეთანხმდებიან (პრინციპში) აღმასრულებელი ხელისუფლების რეფორმირებაზე, მაშინ თვით «კაბინეტის» (ანუ რადიკალური ვარიანტის) პროექტი იქცევა სავსებით რეალურად, ხოლო პრეზიდენტ შევარდნაძეს არადსროს დაუმალავს, რომ სწორედ ავთანდილ ჯორბენაძეს მიიჩნევს პრემიერმინისტრობის ერთადერთ კანდიდატად, მთავრობის სხდომაზე განვითარებულმა გუშინდელმა მოვლენებმაც (განსაკუთრებით, მწარე საყვედურმა თბილისის მერიის მიმართ) კეიდევ ერთხელ დაადასტურა სახელმწიფო მინისტრის მზარდი გავლენა.
        გუშინდელ თათბირზე, სახელმწიფო მინისტრის თავმჯდომარეობით, განიხილეს სამინისტროების გაერთიანების ეს გეგმა, რომელიც პრეზიდენტის მოხსენებაში იყო აღწერილი, ანუ უახლოესი 2-3 თვის განმავლობაში, ჩამოყალიბდება 12 სამინისტრო და დაახლოებით ამდენივე დეპარტამენტი. თვით კანონპროექტის მომზადება რთული არ იქნება. მით უმეტეს თუ გავიხსენებთ, რომ პრეზიდენტმა იგი ჯერ კიდევ შარშან შეიტანა პარლამენტში განსახილველად, თუმცა დეპუტატებმა «ჩააგდეს», მაგრამ რა ბედი ელის საკანონმდებლო ორგანოში – კიდევ საკითხავია.
        მიუხედავად ამისა, კანონპროექტის ინიცირება «აღმასრულებელი ხელისუფლების ოპტიმიზაციის შესახებ» მაინც მოხდება, ვინაიდან ეს პრეზიდენტის ახალი პროგრამის ნაწილია. გარდა ამისა, იმავე პროგრამიდან მთავრობა სხვა სიახლეთა განხორციელებასაც გეგმავს. მათ შორისაა ენერგეტიკის სფეროს რეფორმის დასრულება. გათვალისწინებულია ენერგეტიკული ბაზრის სუბიექტთა გათავისუფლება და უშუალო კონტრაქტების ინსტიტუტის შემოღება. ეს დაახლოებით ისეთივე მაშსტაბის ღონისძიებაა, როგორიც პურზე ფასების ლიბერალიზაცია ან სავალუტო ბაზარზე ეროვნული ბანკის ინტეგრაციათა შეწყვეტა.
        გარდა ამისა, გასათვალისწინებელია დროთა განმავლობაში პრეზიდენტის კიდევ ერთი წინადადების განხილვა. ყველა მაკონტროლებელი ორგანოს კონტროლის პალატასთან შეერთების თაობაზე.
        ავთანდილ ჯორბენაძე ახლახანს ჯანმრთელობის სოციალური დაცვის მინისტრი იყო. ამდენად, მისთვის განსაკუთრებით ახლობელია პრეზიდენტის კიდევ ერთი ინიციატივა საპენსიო რეფორმა, რის შემდეგაც საპენსიო უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში სოლიდარობისა და დაზღვევის პრინციპებს დაეფუძნება.
        შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სწორედ ავთანდილ ჯორბენაძე უხელმძღვანელებს სამართალდაცვის სისტემის ღრმა რეფორმას. იგი ითვალისწინებს სერიოზულ ცვლილდებებს გამოძიების სფრეოში – მოკვლევისა და გამოძიების გაერთიანებას, პროკურატურის ფუნქციის შეცვლას და ასე შემდეგ.
        კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კანონპროექტები მზადდება ეკონომიკურ სფეროში. პრეზიდენტის გამოსვლაში საუბარი იყო გაკოტრებისა და დაყადაღების მექანიზზმთა რეალურ ამოქმედებაზე, რაც შეუძლებელია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე.
        კიდევ ერთი სავარაუდო თემაა კანონპროექტთა პაკეტი ინტერნეტ-ტექნოლოგიების განვითარებისა და საინფორმცაიო ბანკების შექმნის შესახებ. მთავრობა უახლოეს მომავალში პარლამენტს შესთავაზებს ახალი საგადასახადო კოდექსის კონცეფციას, რომელიც, ძირითადად, «მცირე ბიზნესის» მხარდაჭერისკენ იქნება მიმართული.

დილის გაზეთი, 24 ოქტომბერი, 2002 წელი

მთელ გვერდზე