ბასილ მკალავიშვილი «უკანასკნელად» გააფრთხილეს

        გუშინ პრეზიდენტი დაეთანხმა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას საქართველოში რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დარღვევის შესახებ. ასეთ დებულებას შეიცავს ყოველწლიური მოხსენება მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის თაობაზე.
        უპირველეს ყოვლისა, ნიშანდობლივია, რომ წლევანდელ «მოხსენებაში» პოლიტიკური ან პროფესიული მოტივებით ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები ამერიკელებმა ჩვენში თითქმის ვერ დააფიქსირეს. სამაგიეროდ, რელიგიური უფლებების დარღვევის გამო საქართველო «სერიოზული რისკის» ქვეყნად აღიარეს. ამ შემთხვევაში იგულისხმება «რისკი დემოკრატიისთვის».
        ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაში სკურპულოზურად არის ჩამოთვლილი ბასილ მკალავიშვილის «საქმენი საგმირონი», ხოლო მთავარი პრეტენზია ხელისუფლების მიმართ ის არის, რომ იგი არავითარ ზომებს არ იღებს ძალადობისგან რელიგიურ უმცირესობათა დასაცავად. ამაზე უარესი მხოლოდ ის იქნებოდა, თუ საქართველოს სახელმწიფო კანონმდებლობით შეეცდებოდა სექტების აკრძალვას, ანუ «რელიგიის კანონის» მიღება პანაცეა არ არის. «ვაის გავეყარე, ვუის შევეყარეო» - საქართველოს პარლამენტი ვერასდროს შეძლებს ისეთი კანონის მიღებას, ამა თუ იმ მხრიდან, ბობოქარი რეაქცია არ გამოიწვიოს: ან მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების მომხრენი ატეხავენ ვაი-უშველებელს (თუ კანონი არ მოეწონებათ) ან ევროსაბჭო დაგვაჯარიმებს 20-30 მილიონი დოლარით (როგორც საბერძნეთი დააჯარიმა) რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დარღვევის გამო.
        ამდენად, «კანონიერი ვაკუუმი» თითქოს ერთადერთი გამოსავალი ჩანს, მაგრამ დასავლეთს ეს არ აკმაყოფილებს და გაღიზიანებას სულ ურფო აშკარად გამოხატავს. საქართველოს ხელისუფლება ამას გრძნობს და სწორედ შესაბამისი შეშფოთების გამოხატულება იყო პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება.
        გუშინ საოლქო სასამართლო სხვა გადაწყვეტილებას უბრალოდ ვერ მიიღებდა: ვერც ერთი მოსამართლე ვერ გაბედავს იკისროს პასუხისმგებლობა იმ უბედურების გამო, რაც თბილისში შეიძლება დატრიალდეს ბასილ მკალავიშვილის დაპატიმრების შემთხვევაში. როგორც მინიმუმ, რუსთაველზე მაშსტაბური ბრძოლები გაიმართება პოლიციის რაზმებსა და მამა ბასილის მომხრეებს შორის. აქედან გამომდინარე, როგრც ჩანს, ხელისუფლებამ სხვა გზა აირჩია და ცდილობს მკალავიშვილს მოქმედების ასპარეზი შეუზღუდოს, იქნებ როგორმე გააფრთხილოს («ათასმეერთედ») და აქტიურ მოქმედებებზე (ანუ, ეგზეკუციებზე) ხელი ააღებინოს. რა თქმა უნდა, ეს სრულიად უიმედო მცდელობაა. მკალავიშვილთან დაპირისპირება შესაძლებელია მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების პოზიციებიდან, რომელიც საქართველოში ვერ ჩამოყალიბდა.

დილის გაზეთი, 2 აპრილი, 2002 წ.

მთელ გვერდზე