აზერბაიჯანული რგოლი

        რუსეთისა და სომხეთის საინფორმაციო საშუალებები, უკვე რამდენიმე დღეა, დიდი აურზაურითა და ისტერიული კმაყოფილებით ავრცელებენ ცნობებს ბაქოს მახლობლად, ნარდარანში მიმდინარე პროცესების შესახებ, სადაც პოლიციასთან შეტაკების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორმოცი დაიჭრა.

        უფრო სწორი იქნება ვთქვათ, რომ, საქმე გვაქვს ხელისუფლების «კრიმინალიზებულ ოპოზიციასთან», რაც ჩვენთვის საკმაოდ კარგად ცნობილი ფენომენია – საქართველოს უახლესი ისტორიიდან.
        საეჭვოა, ამ ექსცესს რაიმე სერიოზული გართულება მოჰყვეს. პრეზიდენტი ალიევი აკონტროლებს ვითარებას აზერბაიჯანში. მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ პრეზიდენტი ალიევი სერიოზულად არის შეფიქრიანებული ხელისუფლების «მემკვიდრეობის» აუცილებლობით. უპირველეს კანდიდატად მიიჩნევა მისი ვაჟი ილხამ ალიევი. რასაკვირველია, ამგვარი რამ ჩვენ არცთუ გვესიმპათიურება და ქართულ პოლიტიკურ ტრადიციაში ნამდვილად არ თავსდება, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ეს არ არის ჩვენი საქმე: აზერბაიჯანი მენტალიტეტით აღმოსავლური ქვეყანაა და იქ ასეთი რამ ბუნებრივია. საქართველოსთვის კი მთავარია, ეს სახელმწიფო ჩვენდამი მეგობრულად იყოს განწყობილი, შეინარჩუნოს სტაბილურობა და განაგრძოს მონაწილეობა რეგიონულ პროექტებში.
        ნარდარანის მოვლენები საეჭვოდ ემთხვევა უდიდესი მნიშვნელობის სამიტის მოახლოებას: 24-25 ივნისს სტამბულში «შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის» წევრ სახელმწიფოთა პრეზიდენტები შეიკრიბებიან - ნიშანდობლივია, რომ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი სტამბულში არ ჩავა და თურქეთში მეორეხარისხოვან ფიგურას გააგზავნის.
        ეს ორგანიზაცია ჯერ კიდევ 1993 წლის 24 ივნისს დაფუძნდა, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ერთგვარი ალტერნატივა. ამ თვალსაზრისით, მან ნამდვილად გაამართლა, ვინაიდან, შექმნა ფონი გრანდიოზული საკომუნიკაციო პროექტების განხორციელებისთვის. იგულისხმება, თუნდაც, ბაქო-სუფსა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და შაჰ-დენიზი-თბილისი-ერზურმი.
        დაფუძნდა «შავი ზღვის ბანკი» და შეიქმნა, თუ შეიძლება ასე ითქვას, «პოლიტიკური ინფრასტრუქტურა» შავიზღვისპირა სახელმწიფოთა თანამშრომლობისთვის, რასაც სამხედრო-სტრატეგიული ქვეტექსტიც ჰქონდა.
        24 ივნისს (ორგანიზაციის შექმნის 10 წლისთავზე) სტამბულში პრეზიდენტები მოილაპარაკებენ სრულფასოვანი საერთაშორისო რეგიონული კავშირის დაფუძნების შესახებ.
        გათვალისწინებულია, აგრეთვე, მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრებიც და «მცირე სამიტი» სუუამის ფორმატით. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა გახდება თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის სამიტი. ნეჯდეთ სეზერის, ჰეიდარ ალიევისა და ედუარდ შევარდნაძის შეხვედრაში, ალბათ, მონაწილეობას მიიღებს ამერიკის პრეზიდენტის საგანგებო მრჩეველი კასპიის ენერგორესურსთა საკითხებში სტივენ მანი. სწორედ ამ შეხვედრის დროს გაფორმდება საბოლოოდ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის რეალური მშენებლობა.
        მშენებლობის დაწყებისთვის უკვე ყველაფერი მზადაა. ვითარება ყველა თვალსაზრისით «მომწიფდა». თურქულმა სამშენებლო კომპანიამ «ბოტაშმა» დაასრულა მოლაპარაკება ფინანსურ პარტნიორებთან და ინვესტორებთან. ბოლო დრომდე შეუთანხმებელი იყო სრული ფინანსური მოცულობის, დაახლოებით, 8 პროცენტი, თუმცა, ეს პრობლემაც, 24 ივნისამდე აუცილებლად გადაწყდება და მრავალმილიარდიანი პროექტის განხორციელებას უკვე ვეღარაფერი შეაფერხებს, თუ, რასაკვირველია, რუსეთმა ვერ შეძლო რეგიონში ფართომაშსტაბიანი დესტაბილიზაციის პროვოცირება.

დილის გაზეთი, 6 ივნისი, 2002 წელი

მთელ გვერდზე