ამერიკა აფხაზეთით დაინტერესდა

        გუშინ ყველა იმ «სახელისუფლებო ცენტრში», სადაც აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტაზე მსჯელობენ და მუშაობენ, მთავარი განსახილველი თემა ამერიკის ადმინისტრაციის ოფიციალური წარმომადგენლის, რუდოლფ პერინას ვიზიტი იყო.

        თითქოს მოულოდნელად ჟღერს, რომ ამერიკა აპირებს უშუალოდ ჩაერთოს (სპეცწარმომადგენლის დონეზე) აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგებაში. სინამდვილეში აქ მოულოდნელი ბევრი არაფერია. ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს საქართველოს პრეზიდენტმა სთხოვა ამერიკის ხელისუფალთ, გამოეყოთ სპეცწარმომადგენელი კონკრეტულად აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით. ის, რომ თეთრმა სახლმა და სახელმწიფო დეპარტამენტმა ამგვარი გადაწყვეტილება მიიღეს, – ძალზე ნიშანდობლივია. სულ 2-3 წლის წინათ ამგვარი რამ წარმოუდგენელი იყო. ამერიკა მართლაც სულ უფრო და უფრო აქტიურად ერევა სამხრეთ კავკასიის საქმეებში, რომელიც კვლავინდებურად რჩება რუსეთის პრიორიტეტული გავლენისა და პასუხისმგებლობის ზონად.
        სხვა საქმეა, რა რეალური შესაძლებლობები აქვს ვაშინგტონს პროცესებზე რეალური ზეგავლენის განსახორციელებლად. საქართველო ხომ ისრაელი არ არის, რომლის გულისთვისაც ამერიკა ატომურ ომსაც დაიწყებს.
        თუ სიმართლეს თვალს გავუსწორებთ, რეალური ზეგავლენის მექანიზმები რუსეთს მეტი აქვს, ვიდრე ოკეანისმიღმა მდებარე გრანდიოზულ ზესახელმწიფოს.
        მიუხედავად ამისა, პერინას მისიაში რამდენიმე ფაქტორი იპყრობს ყურადღებას: ჯერ ერთი, თუ ამერიკის პრეზიდენტმა სპეცწარმომადგენელი დანიშნა, მაშასადამე, ამჟამად არსებული «ჟენევის ფორმატმა» თავისი თავი ამოწურა და მისი დამსხვრევის დრო მოვიდა. დღემდე რუსეთი «პრიორიტეტული შუამავლად» ითვლებოდა, მაგრამ ოფიციალური თბილისის მოთმინების ფიალა უნდა ავსებულიყო მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი სოხუმში დაუკითხავად ჩავიდა და აშკარად პროვოკაციული განცხადებები გააკეთა.
        ნიშანდობლივია აგრეთვე, რომ პერინას მისიას მოსკოვში აშკარა გაღიზიანებებით შეხვდნენ. ერთ-ერთმა ნახევრადოფიციალურმა სააგენტომ რამდენიმე დღის წინათ გაავრცელა ცნობა, რომ თბილისში ამერიკის ელჩი რიჩარდ მაილსი იმყოფებოდა სოხუმში და ანრი ჯერგენიას გულუხვი ფინანსურ დახმარებას შეჰპირდა. იმ პირობით, თუ აფხაზეთი დამოუკიდებელ კურსს გაატარებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რუსეთის მიმართ. ამ შემთხვევაში (ვითომდაც მაილსის თქმით) ამერიკა აღიარებს აფხაზეთის სუვერენიტეტს.
        რასაკვირველია, ეს პროპაგანდისტული დივერსიაა, მაგრამ თავისთავად საყურადღებოა ის ეჭვიანობა და გაღიზიანება, რითაც მოსკოვში აკვირდებიან სოხუმის ნებისმიერ კონტაქტს ამერიკის წარმომადგენლებთან.
        ამ თემებზე კომპეტენტური მსჯელობისათვის აუცილებელია ერთხელ და სამუდამოდ ამოვიღოთ თავიდან პრიმიტიული სქემ,ა რომლის თანხამად, აფსუათა ლიდერები ყოველთვის იმას აკეთებენ და გააკეთებენ, რასაც მოსკოვიდან ეტყვიან. სინამდვილეში საქმე ბევრად უფრო რთულად არის და იმპერიალისტ-სეპარატისტთა ტანდემი საქართველოს წინააღმდეგ ინტერესთა თანხვედრას ეფუძნება.
        სხვა საქმეა, რომ ჯერჯერობით ამერიკეას ბევრი არაფერი შეუძლია შემოგვთავაზოს. პოლიტიკური თვალსაზრისით იგი, რა თქმა უნდა, ურყევად აღიარებს საქართვლეოს ტერიტორიულ მთლიანობას. გალის რაიონში ლტოლვილთა დაბრუნების შემთხვევშაი, მზად არის რამდენიმე მილიონი დოლარი გამოყოს სარეაბილიტაციო პროცესთა დასაფინანსებლად, მაგრამ სტრატეგიული თვალსაზრისით ამერიკა შემოგვთავაზებს იმავეს, რასაც გვთავაზობს რუსეთი მოუხსენით აფხაზეთს ბლოკადა, განავითარეთ ეკონომიკური კავშირები და ასე შემდეგ.
        ბუნებრივია, გალის რაიონში იურისდიქციის (ან თუნდაც ერთობლივი ადმინისტრაციის) საკითხის გადაწყვეტამდე საქართველოს ხელისუფლება ამ წინადადებებს ვერ დაეთანხმება, მით უმეტეს, ლტოვლილთა უშიშროების გარანტიების შექმნამდე. ამერიკა ნამდვილად არ არის მზად, კონფლიქტის ზონაში თავისი სამშვიდობო კონტინგენტი გამოაგზავნოს. ძალისიმერ გადაწყვეტას კი იგი არავითარ შემთხვევაში მხარს არ დაუჭერს. ამრიგად, ძალზე საეჭვოა უახლოეს მომავალში პერინას მისიამ აფხაზეთის პრობლემებზე სერიოზული ზეგავლენა მოახდინოს.

დილის გაზეთი, 3 ოქტომბერი, 2002 წელი

მთელ გვერდზე