ამერიკა უკან არ იხევს

        ერთდროულად ორი სახელმწიფო მოხელე – თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი – ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებიან, ოღონდ განსხვავებული მისიებით. საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საგანგებო სესიაში, რომელიც ბავშვთა პრობლემას ეხება.

        როგორც ცნობილია, ამ სესიაში თვით პრეზიდენტს უნდა მიეღო მონაწილეობა, მით უმეტეს, რომ იგი «ბავშვთა ფონდის» და პირველი სამიტის მთავარი ინიციატორი იყო 12 წლის წინ – 1990 წელს.
        პრეზიდენტი შევარდნაძე აპირებდა გამოსულიყო ნიუ-იორკის სესიაზე მწვავე განცხადებით აფხაზეთში ქართველი მოსახლეობის უფლებათა დარღვევის თაობაზე: უპირველესად, იმის შესახებ, რომ გალის რაიონში სეპარატისტებმა აკრძალეს ქართულად სწავლება, მაგრამ მიწისძვრამ ეს გეგმები ჩაშალა და პრეზიდენტი ამერიკაში ვეღარ გაემგზავრა.
        ზოგიერთი ცნობით, შევარდნაძე აპირებდა ამერიკაში მნიშვნელოვანი მოლაპარაკების გამართვას სამხედრო ინფრასტრუქტურებსა და საქართველო-ამერიკის სამხედრო თანამშრომლობაზე.
        დავით თევზაძე ამერიკაში პრეზიდენტის მიწვევით იმყოფება, ისევ და ისევ, «აღჭურვა-წვრთნის» პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროცესებზე მოლაპარაკების გასამართად.
        ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ თევზაძე არათუ შეხვდა თავდაცვის მინისტრ დონალდ რამსფელდს, არამედ მასთან ერთობლივი პრესკონფერენციაც გამართა. ამერიკის თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ საქართველოში დაწყებული პროგრამა სულ უფრო გაღრმავდება და მთლიანად შესრულდება ადრე შეთანხმებულ ჩარჩოებში.
        დღეს თბილისში 18 ინსტრუქტორი იმყოფება. მაისის ბოლომდე ჩამოვა დამატებით 150 სამხედრო სპეციალისტი, რომლებიც 1 200-მდე ქართველ მებრძოლს მოამზადებენ, ოღონდ ეს იქნება სხვადასხვა უწყების კონტინგენტი: თავდაცვისა და უშიშროების სამინისტროების, ასევე საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის ქვედანაყოფები.
        კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სამხედრო აღჭურვილობის გადმოცემა: განსხვავებით საბჭოთა კავშირ-რუსეთისგან, ამერიკა თავის «ელიტურ» იარაღს (ავტომატურ შაშხანებს მ-16) ბევრს არავის აწვდის მსოფლიოში (ისრაელის გარდა), მაშინ, როდესაც «კალაშნიკოვის» ავტომატი დედამიწაზე ყველა ყაჩაღსა და ბანდიტს აქვს შეიარაღებაში.
        იარაღის გადმოცემა საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის, თუნდაც ეს მსუბუქი შეიარაღება იყოს, ნდობისა და სამხედრო-სტრატეგიული თანაშმრომლობის საწყისი, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია.
        თუ საქართველო შეძლებს გააგრძელოს დემოკრატიული გარდაქმნების კურსი, მომავალში თანაშმრომლობა უეჭველად გაღრმავდება. ყოველ შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიაზე უკვე იმყოფება ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების ჯგუფი. ეს ჯერ არ არის «სამხედრო კონტინგენტის» შემოსვლა, მაგრამ უკვე აღარც უბრალო «ტექნიკური დახმარებაა».
        პოლიტიკური სტრატეგიის ენაზე, «სამხედრო ყოფნის» სხვადასხვა ხარისხის დეტერმინირება ხდება: ამერიკის სამხედრო «ყოფნა» საქართველოში გაცილებით ნაკლები ხარისხისაა (ჯერჯერობით), ვიდრე რუსეთის სამხედრო ყოფნა, თუმცა, პირველს «მატებისა და გაძლიერების» ტენდენცია აქვს, ხოლო მეორეს - კლებისა. როგორ განვითარდება შემდგომ ეს ტენდენციები - ისევ და ისევ საქართველოზეა დამოკიდებული.
        ამ ქვეყანაში უკანასკნელი 3 ათასი წლის განმავლობაში მრავალი იმპერიისა და ძლევამოსილი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალები შემოსულან: დაწყებული ძველი სპარსეთის მეფეებით, რომის კონსულები, ბიზანტიის იმპერატორები, ირანი, არაბეთი, თურქეთი, ბოლოს რუსეთის იმპერია.
        მათი სამხედრო კონტინგენტი შემოდიოდა ერთადერთი მიზნით: დაეპყრო საქართველო, მოეშალა სახელმწიფოებრივი სტრუქტურა და საკუთარი სამხედრო ინფრასტრუქტურა დაეფუძნებინა. ბევრმა შედეგსაც დიდი ხნით მიაღწია. ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შემოსვლა პირველი პრეცედენტია, როდესაც უცხო სამხედრო ძალა შემოდის ქართული ეროვნული სამხედრო ინფრასტრუქტურის გასაძლიერებლად.
        ეს მართლაც სასიკეთო ტენდენციაა, მაგრამ დავით თევზაძეს, ზოგიერთი ცნობით, ამერიკაშიც უთხრეს, რომ აუცილებელია ხელისუფლებისა და ისტებლიშმენტის კონსოლიდირება, ვინაიდან გაუთავებელი ერთმანეთის «ჭამა» და აყალ-მაყალი სტრატეგიულ პარტნიორობას ხელს არ უწყობს.

დილის გაზეთი, 9 მაისი, 2002 წელი

მთელ გვერდზე