დავცინოთ რუსეთს ერთად!

        გუშინ საღამოს (თბილისის დროით, დღეს სისხამ დილით) ამიერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა რიჩარდ ბაუჩერმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მიზანშეწონილად მიიჩნევს, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში დისლოცირებულ რუსეთის სამშვიდობო ძალებს გაუგრძელდეთ მანდატის ვადა.
        ბუნებრვივია, ეს განცხადება რეაქციაა იმ დისკუსიებზე, რაც მიმდინარეობს ამჟამად «მშვიდობისმყოფელთა» მომავალთან დაკავშირებით. ვაშინგტონში შესანიშნავად უწყიან (ვისაც ეს პროფესიულად ეხება სახელმწიფო დეპარტამენტში) იმ მოლაპარაკებათა შინაარსი, რაც «ცისფერჩაფხუტიანთა» მანდატის ცვლილებებს ეხება.
        თუ მოხერხდებოდა სეპარატისტებთან ამ საკითხზე შეთანხმება (ანუ «საკონტროლო ზონის» გაფართოება ღალიძგამდე), ამერიკა ამას, რასაკვირველია, მიესალმებოდა და გალის რაიონის რეაბილიტაციისთვის თანხებსაც გამოყოფდა, მაგრამ რაკი არძინბა-ჯერგენიას ხროვა წინადადებას არ დაეთანხმა, ამერიკელები ერთმნიშვნელოვნად გვირჩევენ «ცუდი მშვიდობა სჯობს კარგ ომს», ანუ შეინარჩუნეთ სტატუს-კვო, სხვა გზა არ გაქვთ!
        თანაც, ეს მხოლოდ «რჩევა» როდია: ამერიკის ადმინისტრაციამ ამ განცხადებით ნათლად მიგვანიშნა: რა გადაწყვეტილებას მიიღებთ «სამშვიდობოთა» დატოვება-არდატოვებასთან დაკავშირებით, - თქვენი საქმეა, მაგრამ თუ ჯარის გაყვანას მოითხოვთ, ჩვენგან მხარდაჭერას ნუ ელით (ისევე, როგორც ამერიკა ვერ აიღებს პასუხისმგებლობას «სამშვიდობო ძალთა» გაყვანის გარდაუვალ შედეგებზე). ძალისმიერ მეთოდებს იგი მხარს არ დაუჭერს (ეს ნათლად ჩანს ბაუჩერის განცხადებაში) და კვლავინდებურად გვირჩევს, «განვაგრძოთ მოლაპარაკება», ანუ, ფაქტობრივად, წყლის ნაყვა.
        ერთადერთი, რასაც ამერიკა გვპირდება (თუმცა, ეს ცოტა როდია) ის გახლავთ, რომ იგი არ დაუშვებს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას რუსეთის ან რომელიმე შორეული ქვეყნის (ვთქვათ, პარაგვაის ან ერიტრეის) მიერ. არძინბა-ჯერგენიას მსტოვრები კი აქტიურად დაძვრებიან პლანეტის სამხრეთ ნახევარსფეროში.
        მაშ ასე, ამერიკელებმა მკაფიოდ გვითხრეს: რუსეთის სამშვიდობო ძალებს აფხაზეთში ალტერნატივა არა აქვს. ეს უეჭველად იმას გულისხმობს, (როგორც გეოპოლიტიკურ ფაქტორს), ალტერნატივა არა აქვს, ზოგადად, აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტისას. ანუ ამერიკა აღიარებს ამ პრობლემას (და ამ რეგიონს - აფხაზეთს, მთელ საქართველოს) რუსეთის გეოპოლიტიკური პასუხხისმგებლობის ზონად. ეს იმას არ ნიშნავს, თითქოს დასავლეთი (ამერიკა) რუსეთს ამ ზონაში თვითნებობისა და ბალანსის დარღვევის უფლებას მისცემს (სწორედ ამას გულისხმობს ტერმინი «პასუხისმგებლობის», და არა «გავლენის» - როგორც ადრე იყო), მაგრამ საქმეც სწორედ ის გახლავთ, რომ ევროატლანტიკურ გაერთიანებას ამჟამინდელი სტატუს-კვო და მისი შენარჩუნება რუსეთის მიერ სავსებით მისაღებად მიაჩნია. ბალანსის დარღვევა კი («ცისფერჩაფხუტიანთა» გაყვანით) ამერიკას სულაც არ ეპიტნავება.
        ასეთი გახლავთ მწარე რეალობა. რამდენიმე კვირის წინათ, ჩვენ გამოვთქვით აზრი, რომ იტალიაში მიღწეული შეთანხმება რუსეთსა და ნატოს შორის გულისხმობდა პასუხისმგებლობის ზონათა გადანაწილებას პოსტსაბჭოურ და პოსტკომუნისტურ სივრცეში. შეთანხმების შესაბამისად, საქართველო, სადაც, რუსეთის 4 სამხედრო ბაზაა განლაგებული (გუდაუთა, ახალქალაქი, ბათუმი, თბილისი «შტაბის» გარნიზონი) და ორი სამშვიდობო ოპერაცია ხორციელდება - აღიარეს რუსეთის გეოპოლიტიკური პასუხისმგებლობის ზონად.
        ამ ზონაში რუსეთი იღებს (დასავლეთისადმი) პასუხისმგებლობას, რომ არ დაუშვებს სისხლისღვრას, ომის განახლებას, დესტაბილიზაციას, თუმცა, იმაზეც აგებს პასუხს, რომ არ ხელყოფს საქართველოს დამოუკიდებლობას, არ ჩაერევა სახელისუფლებო პროექტებში და არ შეუშლის ხელს საქართველოს თანამშრომლობას ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან.
        ეს ორი თეზისი სულაც არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, თუ გავითვალისწინებთ, არსებულ სამხედრო-სტრატეგიულ რეალობას, რომელიც კატეგორიულად განსხვავდება ყირგიზეთსა და უზბეკეთში არსებული რეალობისგან, სადაც არანაირი «რუსული ბაზა» არ ჭაჭანებს და არანაირი «ეთნოკონფლიქტი» არ არის. სხვაგვარად თუ ვიტყვით, საქართველოს «დასავლურ ყაიდაზე» განვითარებას არავითარი საფრთხე არ ემუქრება, ოღონდ იმ აზრით, რომ თვით რუსეთი იქნება «ევროატლანტიკური სივრცის» განუყოფელი ნაწილი, ხოლო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სტატუს-კვო შენარჩუნდება – რუსეთის «ხელით» და დასავლეთის კონტროლით.
        ამ მოსაზრებას ზოგიერთი სპეციალისტისა და გეოპოლიტოლოგიის დამცინავი რეაქცია მოჰყვა: «ჰა, პა-პა – რა სისულელეა!» - «რის გეოპოლიტიკური პასუხისმგებლობის ზონა»?!
        ჰოდა, თუ «სისულელეა», წაიკითხეთ ახლა სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება. და წაიკითხეთ ყურადღებით – ის, რაც იქ წერია, და არა ის, რაც ჩვენ გვინდა ეწეროს.

დილის გაზეთი, 22 ივნისი, 2002 წელი

მთელ გვერდზე