აფხაზური ტეხილი

        საქართველოს ხელისუფლება კვლავ რუბიკონთან დგას. პანკისში მიმდინარე მოვლენათა მნიშვნელობის მიუხედავად, ისინი (პოტენციური შედეგით) ნამდვილად ვერ შეედრებიან იმას, რაც ამჟამად აფხაზეთის გარშემო (ენგურთან, კოდორში) ხდება.
        რუხში გამართულ აქციას ლტოლვილთა ახალი ნაკადები ემატება. მზადდება ლტოლვილთა ყრილობა, რომელმაც შეიძლება, სათავე დაუდოს გამოსვლებსა და საპროტესტო მანიფესტაციებს დედაქალაქში. ჯერ-ჯერობით, «თბილისური» პოლიტიკური პარტიები არ აქტიურობენ, მაგრამ თუ ვითარება მეტისმეტად დაიძაბა და სახალხო მღელვარების ხასიათი შეიძინა, მათი «გამოსვლაც» არ არის გამორიცხული, სხვადასხვა პოლიტიკური მოთხოვნით, ისევე, როგორც, გასული წლის ოქტომბერში. ხელისუფლება ერთგვარი «პატის» მდგომარეობაში აღმოჩნდა.
        რუსეთის პრეზიდენტმა ქართველ კოლეგას დაბადების დღე მიულოცა. თუმცა, არც ის დავიწყნია, ესარგებლა ამ დიპლომატიური შესაძლებლობით და საქართველოს პრეზიდენტისთვის შეეხსენებინა: ან გაუგრძელებთ სამშვიდობო ძალებს მანდატის ვადას, ან იძულებული ვიქნებით, ისინი გავიყვანოთო. არა მგონია, ამ შემთხვევაში პუტინი «ბლეფობდეს» - რუსი «ცისფერჩაფხუტიანები» დსთ-ის ეგიდით იმყოფებიან ენგურის აუზში. უკრაინა, აზერბაიჯანი, უზბეკეთი (უზბეკეთი უკვე, მით უმეტეს!) და სხვა ქვეყნები არაფრის დიდებით არ დაუშვებენ (რუსები რომც დათანხმდნენ) პასუხისმგებლობის აღებას იმ სიტუაციაში, როცა სამშვიდობო კონტინგენტს საქართველოს თანხმობით (ანუ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად) დადასტურებული მანდატი არ ექნება. ესე იგი, არ არის გამორიცხული, რუსი «ცისფერჩაფხუტიანები» მართლაც წავიდნენ. ნიშნავს თუ არა ეს ომს, თუ ხვალ არა, ექვსი თვის შემდეგ _ რა იცვლება ამით? ეს, ალბათ, არ უნდა იყოს რიტორიკული კითხვები.
        არანაკლებ რისკის შემცველია მშვიდობისმყოფელებისთვის მანდატის გაგრძელება, მით უმეტეს, როდესაც არსებობს პარლამენტის დადგენილება მათი «გაყვანის» მოთხოვნით და, მიუხედავად იმისა, რომ ამ დადგენილებას იურიდიულად «დამავალდებულებელი» ძალა არა აქვს, პოლიტიკური თვალსაზრისით, მისი ანგაჟირება მაინც შესაძლებელია.
        უახლოეს დღეებში თბილისს ეწვევა პუტინის გუნდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ვლადიმერ რუშაილო, აგრეთვე, დსთ-ის აღმასრულებელი მდივანი იური იაროვი. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ორივე ვიზიტი შევარდნაძე-პუტინის საუბრისას დაიგეგმა. ბუნებრივია, საქართველოს პრეზიდენტი რუსეთის საჭეთმპყრობელს დაწვრილებით აუხსნიდა, რა მდგომარეობაა ამჟამად საქართველოში, რა სირთულეები არსებობს მანდატის გაგრძელებასთან დაკავშირებით და რატომ უკავშირებს ოფიციალური თბილისი მანდატის გაგრძელების საკითხს მის შინაარსობრივ გაფართოებას.
        მართლაც, მიუხედავად იმისა, რომ ენგურის აქციის მონაწილენი მოითხოვენ სამშვიდობო ძალთა საერთოდ გაყვანას კონფლიქტის ზონიდან, თუ მოხერხდება რუსული კონტინგენტის გადაადგილება ღალიძგაზე და საქართველოს იურისდიქციის თუნდაც ნაწილობრივ აღდგენა გალის რაიონში, ეს უდავოდ შეარბილებს დაძაბულობას, ვინაიდან აღიქმება პირველ ნაბიჯად აფხაზეთის დასაბრუნებლად.
        ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ასეთ შემთხვევაში აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება დაუყოვნებლივ დაიდებს ბინას გალში, რაც, ყველა თვალსაზრისით, უდიდესი გამარჯვება იქნება და სწორედ ამიტომ არ დაეთანხმებიან აფხაზი სეპარატისტები არანაირი ცვლილების შეტანას მანდატში. მით უმეტეს, გალში იურისდიქციის ფაქტობრივ დათმობას და «გამმიჯნავი ხაზის» გატარებას ღალიძგაზე.
        არძინბას რეჟიმი არანაირი პირობით არ დაეთანხმება ამ ვარიანტს. რუშაილოსა და იაროვის ვიზიტები აღიქმება, როგორც პრობლემის რუსული კომპონენტი, მაგრამ სრული დარწმუნებთი შეიძლება ითქვას, ეს არ არის საკმარისი! ვლადიმირ რუშაილო თბილისში ვიზიტისას აქტუირად განიხილავს აფხაზეთის პრობლემებს და გაიმეორებს ცნობილ რუსულ ფორმულას – დაითანხმეთ აფხაზური მხარე და ჩვენ თანახმა ვართ ყველაფერზე. საქმეც სწორედ ის გახლავთ, რომ კრემლი «თითს თითზე არ დააკარებს» აფხაზური მხარის თანხმობის უზრუნველსაყოფად.
        ამრიგად, რუშაილო-იაროვის ვიზიტი იოტისოდენად ვერ მოგვაშორებს ხსენებულ რუბიკონს: ომი თუ მშვიდობა? მძიმე «სტატუს-კვოს» შენარჩუნება თუ ხიფათიანი და გაურკვეველიო მომავალი?

დილის გაზეთი, 29 იანვარი, 2002 წელი

მთელ გვერდზე