რუხი კარდინალის მოლოდინში

        გუშინ, როგორც მოსალოდნელი იყო, დიდი გნიასითა და თავ-პირის მტვრევით ჩატარდა ეგრეთ წოდებული, «ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები», რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დემოკრატიას, ზოგადად, მენტალიტეტის გარკვეული თავისებურება ესაჭიროება - რომ აღარაფერი ვთქვათ პოლიტიკურ კულტურაზე.

        თვითმმართველობა კი მართლაც «ეგრეთ წშოდებულია», ვინაიდან არავითარი კავშირი თბილისში ჩატარებულ არჩევნებს «ლოკალურ დემოკრატიასთან» და «ადგილობრივი» პრობლემების მოგვარებასთან არ ჰქონია: პარტიები გააფთრებით იბრძოდნენ «თბილისური რეიტინგისათვის», რათა ეს რეიტინგი მომავალი საპარლამენტო არჩევნებისათვის მძლავრ არგუმენტად და ფსიქოლოგიურ ფენომენად აქციონ.
        წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში ხუთი ძირითადი პარტია ლიდერობს - «ნაციონალური მოძრაობა», «ლეიბორისტები», «ახლები», «მრეწველები» და, რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, «ჟვანიას გუნდი».
        ამ ფონზე, ტრაგიკომიკურ ვითარებაში აღმოჩნდნენ, მაგალითად, «სოციალისტები», ვინაიდან ზურაბ ჟვანიამ, რომელსაც 7 წელია გააფთრებით ებრძვიან, ფაქტობრივად, «შემთხვევითი სიებით» (რომლებიც შოთა მალაშხიამ დაუთმო) მაინც მათზე სამჯერ მეტი ხმა მიიღო!
        არცთუ შთამბეჭდავია «აღორძინების» შედეგი, რაც უკვე ჩამოყლაიბებული ტენდენციაა, თუმცა, რეგიონებში მათი რეიტინგი საგრძნობლად მაღალია.
        სწორედ აქ იკვეთება უმთავრესი კითხვა: რამდენად სამართლიანი იქნებოდა გუშინდელი შედეგის «პროეცირება» მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე? ჩემი ღრმა რწმენით, ამგვარმა «პროვოცირებამ» შეიძლება, უდიდეს შეცდომამდე მიგვიყვანოს: ჯერ ერთი, საპარლამენტო არჩევნებამდე ჯერ კიდევ წელიწად-ნახევარია. ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ შეიცვლება. ყველას გვახსოვს 1998 წლის არჩევნებში ლეიბორისტთა ტრიუმფალური წარმატება და მათი უგერგილო შედეგი ერთი წლის შემდეგ. ელექტორატის განწყობა საქართველოში ძალიან სწრაფად იცვლება. მეორე: თბილისის სოციუმი, მრავალი თვალსაზრისით (მათ შორის, მენტალურად), განსხვავდება დანარჩენი საქართველოს სოციუმისგან. შემთხვევითი არ გახლავთ, რომ იგივე «აღორძინება» რეგიონებში უფრო პოპულარულია, ვიდრე თბილისში.
        მესამე, ყველაზე მთავარი: ნუ დავივიწყებთ, რომ თბილისში საარჩევნო უბნებთან მხოლოდ ამომრჩეველთა მესამედი მივიდა. ამის მიზეზი წვიმა ან ფეხბურთი არ ყოფილა - მათ არ უნდოდათ ხმა მიეცათ არც ერთი მონაწილე პარტიისთვის.
        ეს ელექტორალური მასა იმ მომავალი «ახალი პარტიის» პოტენციური ამომრჩეველია, რომელიც აუცილებლად შეიქმნება 2003 წლის ზაფხულისთვის. სწორედ ამ პარტიას შეიძლება ვუწოდოთ პირობითად «ქართული პოლიტიკის რუხი კარდინალი», რომელიც, ჯერჯერობით, თავის დროს ელოდება. იგი ჩამოყალიბდება სადღაც შაშიაშვილ-ლორთქიფანიძე-გულუას «ბერმუდის სამკუთხედში», თუმცა, ამ პოლიტიკური სამკუთხედის რომელიმე წვეროს შეიძლება სხვა ფიგურაც ჩაენაცვლოს.
        ნებისმიერ შემთხვევაში, 2003 წლის არჩევნების პროგნოზირება დღეს მხოლოდ, ასე ვთქვათ, «ალგებრულად» შეიძლება, ფორმულით: 5+X = y, სადაც ხუთ უძლიერეს პარტიას («ნაციონალური მოძრაობა-ჟვანიას მომავალი პარტია; 2. «ახლები»; 3. «მრეწველები»; 4. ლეიბორისტები; 5. «აღორძინება»; დაემატება ჯერ უცნობი პარტია (X), ხოლო ჯამი უდრის ხელისუფლებას.
        ნურც იმას დავივიწყებთ, რომ 2003 წლის არჩევნებისთვის «სრული ძალით» ამოქმედდება პოლიტიკურად «მონოპოლიზებული» რეგიონების ფაქტორი: ქვემო ქართლი, აჭარა, სამცხე-ჯავახეთი.

დილის გაზეთი, 3 ივნისი, 2002 წელი

მთელ გვერდზე