პრეზიდენტი «მოჟღურტულეებს» გაემიჯნა

        გუშინ ედუარდ შევარდნაძემ უპრეცედენტოდ მკვეთრი განცხადება გააკეთა თბილისში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის შესახებ. მისი თქმით, «ზოგიერთები ტყუილად ცდილობენ პრეზიდენტი ჩარიონ იმ გნისსა და გაწევ-გამოწევაში, რაც ამჟამად მიმდინარეობს.»

        საეჭვოა აქ პრეზიდენტს მხოლოდ მისი ყოფილი პარტია ჰყოლოდა მხედველობაში. იგი ნამდვილად გულისხმობდა მთელ პოლიტიკურ სპექტრს და განსაკუთრებით იმ ნაწილს, რომელიც ამჟამად აქტიურობს.
        აქვე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტი, ალბათ ითვალისწინებდა სოციოლოგიური გამოკითხვებისა და გამოკვლევების შედეგებს, რასაც ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევს. ამაზე მეტყველებს თუნდაც შემდეგი, ძალზე ნიშანდობლივი ფრაზა: «მოსახლეობა 2 ივნისს, ადგილობრივი არჩევნების დღეს, ალბათ, არ დაუჭერს მხარს ასეთ პარტიებს და უფრო იმათკენ გადაიხრება, ვინც მთელ ამ ისტერიაში არ მონაწილეობს».
        უდავოა, რომ ერთგვარ საარჩევნო ტექნოლოგიასთან გვაქვს საქმე. ორი დაპირისპირებული მხარის ხმაურიანი ანტაგონიზმი ობიექტურად ორივეს რეიტინგზე მუშაობდა.
        ტრადიციულად, ყველა ადრინდელი არჩევნების დროს, ეს ტაქტიკა წარმატებით მუშაობდა, მაგრამ დღეს ახალმა ფაქტორებმა იჩინეს თავი: ამჯერად არათუ ორი, არამედ სამი დაპირისპირებული მხარე იბრძვის - «მოქალაქეთა კავშირის» ორ ფრთას დაემატა «ახლების პარტია», რომელიც აგრეთვე «მოქკავშირიდან» არის გამოსული ისევე, როგორც მიხეილ სააკაშვილის «ნაციონალური მოძრაობა».
        ასეთ ვითარებაში ყურადღება იფანტება და, პოლიტიკური კაპიტალის «გადანაწილების» ნაცვლად, მოსახლეობის ყურადღების ვექტორის შეცვლა ხდება.
        საინტერესოა ისიც, რომ სოციოლოგიური გამოკითხვებით ირკვევა: 2 ივნისის არჩევნებში მოსახლეობის დიდი ნაწილი მონაწილეობას საერთოდ არ აპირებს.
        ისე, საფიქრებელია, რომ ამომრჩეველთა სიმპათიები მართლაც იმ პარტიებისკენ გადაიხრება, რომლებიც არ ჩანან. უპირველეს ყოვლისა, ესენი არიან «მრეწველთა პარტია» და «ლეიბორისტები». წარმატების შანსებს ინარჩუნებენ «აღორძინება» და «სოციალისტები». როგორც ჩანს, სწორედ ეს ორგანიზაციები («ახლებთან» და «ნაციონალისტებთან» ერთად) დააკომპლექტებენ თბილისის საკრებულოს.
        2 ივნისის არჩევნები ერთგვარი «სარეიტინგო გამოკითხვაა», რომელიც დაადასტურებს, თუ «რა ღირს» ესა თუ ის პარტია, ანუ რა საწყისი პოზიციები აქვთ მათ 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის.
        «ფასის» ცოდნა მნიშვნელოვანი რამაა, რაკი პოლიტიკური პროცესები საქართველოში ვაჭრობის გარეშე არ ვითარდება. ძალიან საინტერესოა «საპრეზიდენტო რეიტინგებიც». თითქმის ყველა გამოკითხვით, საპრეზიდენტო არჩევნები 2 ივნისს რომ ჩატარებულიყო და მასში ედუარდ შევარდნაძეს მონაწილეობა არ მიეღო, საქართველოს პრეზიდენტი ჯუმბერ პატიაშვილი გახდებოდა. ფაქტობრივად, მას კონკურენტი არც ეყოლებოდა.
        თბილისის ახალი საკრებულოს არჩევის შემდეგ თითქმის ასპროცენტიანი დარწმუნებით შეიძლება ვივარაუდოთ ვითარების გამწვავება საკრებულოსა და მერს, - ვანო ზოდელავას შორის, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში, რომელმა პოლიტიკურმა ძალამაც არ უნდა გაიმარჯვოს 2 ივნისის არჩევნებში, გამარჯვებული პარტიის ლიდერი ან პირადად ჩაუდგება სათავეში საკრებულოს, ან თავისი «წარმომადგენლის» მეშვეობით შეეცდება ქალაქში ფაქტობრივი ძალაუფლების მოპოვებას, რისთვისაც აუცილებელი გახდება ვანო ზოდელავას «შევიწროება».
        ეს აუცილებლად წარმოშობს ინტერესთა სერიოზულ კონფლიქტს: ზოდელავა «ხელწამოსაკრავი» ფიგურა არ არის. მას თბილისში ძალიან ძლიერი დასაყრდენი აქვს.
        მთლიანობაში ისეთი პირი უჩანს, რომ წინასაარჩევნო კამპანია თავად არჩევნებზე უფრო ბობოქარი იქნება, ანუ დაპირისპირება გამწვავდება არა თვით არჩევნების დღეს, არამედ ადრევე, მაგალითად, თუნდაც უზენაესი სასამართლოს სხდომისას, როდესაც საბოლოოდ გადაწყდება, თუ ყოფილი მმართველი პარტიის რომელი ფრთა მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას.
        საქართველოში პოლიტიკური კულტურის ზოგადი დონის გათვალისწინებით, საქმე შეიძლება ბარიკადებამდეც კი მივიდეს.

დილის გაზეთი, 14 მაისი, 2002 წელი

მთელ გვერდზე