მსოფლიო ბანკი იმედს არ გვიკლავს

        ამჟამად საქართველოში მსოფლიო ბანკის პროგრამა (მთლიანობაში) შეჩერებულია. თუმცა, რამდენიმე კონკრეტული პროექტი კვლავინდებურად ხორციელდება. მოლაპარაკებათა ძირითადი თემა იყო სტრატეგიული თანამშრომლობა მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის. ამჯერად ეს სტრატეგიული თანამშრომლობა გამოიხატება განათლების განვითარებისთვის გამოყოფილ 60 მილიონში.

        რასაკვირველია, წარსულს ჩაბარდა სულელური მსჯელობა იმის თაობაზე, რომ 60 მილიონი პირდაპირ დაურიგდებოდათ მასწავლებლებს, მათი ხელფასი ათას ლარს გაუტოლდებოდა და ასე შემდეგ. მიუხედავად ამისა, ეს გრძელვადიანი კრედიტი, რასაც სამ ტრანშად მსოფლი ბანკი შეგვპირდა 2005 წლამდე საქართველოსთვის ნამდვილად ძალზე სასარგებლო იქნებოდა, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ მსოფლიო ბანკი აქ ჯერ არნახულ, მოულოდნელ პრობლემას წააწყდა: ვაშინგტონში უეჭველად ჩააღწევდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გამოაცხადეს ეს 60 მილიონი დოლარი ლამის სტიქიურ უბედურებად და ქვეყნის განადგურების მცდელობად.
        მსოფლიო ბანკს ამერიკელი ანტიგლობალისტები არ ეყოფოდა, ახლა ქართველებისაგან არ ითმინოს ბრალდებები ეროვნული კულტურის განადგურების მცდელობის შეოსახებ?
        ბანკის ოფისში უბრალოდ მხრებს აიჩეჩენ და იტყვიან: არ გინდათ? სხვა მხრივ პირი გვიქნია! ასეულობით ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ამ 60 მილიონისთვის მსოფლიო ბანკის პრეზიდენტსა და მისიის ხელმძღვანელებს ხელებს დაუკოცნიან და მადლიერების ცრემლით დაულბობენ რა ძალა ადგიათ, ჩვენ მოგვცენ, თუკი ფულს გვაძლევენ (!) და ამის გამო იმპერიალისტებად გამოვაცხადეთ?
        როგორც ჩანს, ამ 60 მილიონ დოლარს საქართველო ვეღარც მიიღებს მსოფლიო ბანკიდან. რაც შეეხება დამანგრეველ საგანმანათლებლო პროგრამებს, რასაც ვითომდაც მსოფლიო ბანკი გვაძალებს (ესეც არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან მბ უფრო ინსტიტუციური რეფორმებისთვის ზრუნავს), ეს პროგრამები ხომ ჯერ ძალაში არ შესულა, ანუ დიდგორის მემორიალის მძარცველი გარეწრები სწორედ იმ შესანიშნავი პროგრამებითა და საგანმანათლებლო კონცეფციით აღიზარდნენ, რომელთა ჩანაცვლებასაც მზაკვარი მსოფლიო ბანკი გვაიძულებს თავისი ანტიეროვნული პროგრამებით.
        მაგრამ ეს პრობლემები საერთოდაც რომ არ არსებობდეს, მსოფლიო ბანკი საქართველოსთან თანამშრომლობის პროგრამას არ აღადგენს, ვიდრე საერთაშორისო სავალუტო ფონდი არ დართავს ნებას. სსფ კი მხოლოდ თვის ბოლოს განიხილავს ასეთ შესაძლებლობას. დირექტორთა საბჭოს მაგიდაზე დაიდება საქართველოს საბიუჯეტო შემოსავლების შესრულების გრაფიკი. ექვის თვის ბიუჯეტი, როგორც ჩანს, შესრულდა საშემოსავლო ნაწილში. მთლიანობაში საბიუჯეტო გარღვევა 50 მილიონ დოლარს აჭარბებს, მაგრამ აქ საგადასახადო (მათ შორის საბაჟო) შემოსავლები არაფერ შუაშია: საქართველომ ვერ მიიღო მსოფლიო ბანკის კრედიტის პირველი ტრანში ათი მილიონი დოლარი ზემოთ ნახსენები მიზეზების გამო. ბიუჯეტში (იმავე მიზეზით) ვერ შემოვიდა რამდენიმე გრანტი ევროკავშირის ქვეყნებიდან. მაგრამ ამ გარემოებებს სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭო მხედველობაში არ მიიღებს. მისთვის მთავარია წინა მისიის ვიზიტისას შეთანხმებული პირობების შესრულება. ერთ-ერთი ურთულესი პირობა, ჯართის ექსპორტის აკრძალვის გაუქმების შესახებ, უკვე შესრულებულია. წინააღმდეგ შემთხვევაში სავალუტო ფონდი საქართველოს საკითხს არც კი განიხილავდა.
        მაგრამ საკითხის განხილვაც ჯერ კიდევ არ ნიშნავს დადებით გადაწყვეტილებას. ვაშინგტონში აღიზიანებთ კონტრაბანდის ჩანჩქერი, რომელიც კვლავინდებურად მოედინება საქართველოში. აქ მხოლოდ ინსტიტუციურ ცვლილებებში და ანტიკორუფციულ სისტემებში კი არ არის საქმე, არამედ ელემენტარულად იმაში, რომ ეს კონტრაბანდა ჭამს სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის ფულს, რაც საქართველოსთვის არის გამოყოფილი.
        როგორც ჩანს, საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა უახლოეს მომავალში მაინც აღდგება, ვინაიდან საქართველოს ხელისუფლებაში მომხდარი კატაკლიზმების შედეგად, ამ ინსტიტუტებმა მიაღწიეს მთავარს: ბიუჯეტი იგეგმება რეალური შემოსავლების შესაბამისად, ანუ ქვეყანას აქვს დაბალანსებული ბიუჯეტი.
        მონეტარისტებისთვის ეს იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ იგი მრავალ ნაკლს გადაწონის.

დილის გაზეთი, 3 ივლისი, 2002 წელი

მთელ გვერდზე