«ზვიადისტები» იუბილესათვის ემზადებიან
       

        22 დეკემბერს სრულდება ათი წელი ერთ-ერთი ყველაზე შავი, სისხლიანი და სამარცხვინო მოვლენიდან საქართველოს მრავლისმნახველ ისტორიაში. 1991 წლის 22 დეკემბერს მთავრობის სასახლესთან, ანუ 9 აპრილის ტრაგედიის ადგილას, დაიწყო შეიარაღებული დაპირისპირება კიტოვან-სიგუას გვარდიასა და ზვიად გამსახურდიას სამთავრობო შეიარაღებულ ფორმირებებს შორის. ამით დაედო დასაბამი «ზვიადისტებსა» და «ანტიზვიადისტებს» შორის სამოქალაქო ომს, რომელსაც საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა სრული გულგრილობითა და აპათიით ადევნებდა თვალს.
        მიუხედავად დაპირისპირებულ მხარეთა პათოლოგიურობისა, ეს მოვლენა მართლაც იმდენად ტრაგიკულია, რომ არც არის გასაკვირი, თუ «ზვიადისტები» (სამოქალაქო ომში დამარცხებული მხარე) აპირებენ ფართომაშტაბიანი საპროტესტო აქციების გამართვას იმავე ტერიტორიაზე, ანუ რუსთაველის გამზირზე - მთავრობის სასახლესთან.
        ზვიადისტები დარწმუნებული არიან, რომ დღეს იგივე ხელისუფლებაა საქართველოში, ვინც ზვიად გამსახურდია დაამხო. თუმცა, ეს სინამდვილეს არ შეესაბამება, ვინაიდან სამხედრო (და სახელმწიფო) გადატრიალება განახორციელა მრავალსუბიექტურმა კოალიციამ, რომლის ძალიან (მეტისმეტად) დიდი ნაწილი შემდეგ არათუ ჩამოშორდა ხელისუფლებას, არამედ ციხეშიც ამოჰყო თავი.
        ხოლო თუ მათ მიაჩნიათ, რომ «შევარდნაძემ მოაწყო გადატრიალება», მაშინ აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ იყვნენ თენგიზ სიგუა და თენგიზ კიტოვანი საქართველოში მისი დაბრუნების წინააღმდეგნი. გარკვეული ობიექტური და სუბიექტური ფაქტორები რომ არა, ისინი არც არასდროს დაეთანხმებოდნენ შევარდნაძის ჩამოსვლას საქართველოში «პირველ კაცად», ანუ უმაღლეს ხელისუფლად.
        ამაზე მსჯელობას ახლა არანაირი აზრი არა აქვს. ჩამოყალიბდა ისტორიული სტერეოტიპი, რომელსაც ძალიან აქტიურად იყენებენ და გამოიყენებენ კვლავაც. ამიტომ «ზვიადისტური» აქციები ნამდვილად მოსალოდნელია. მით უმეტეს, იმ მოვლენათა შემდეგ, რაც ამ ერთი თვის წინ განვითარდა თბილისში. Eსე იგი სტუდენტურმა მღელვარებამ, რასაც მთავრობისა და ზურაბ ჟვანიას გადადგომა მოჰყვა.
        ამ მოვლენებმა არა მხოლოდ «ორთქლი გამოუშვა», არამედ გარკვეული პრეცედენტი შექმნა, რაც, თითქოსდა, ძალზე საშიში შეიძლება იყოს ხელისუფლებისთვის. მაგრამ «ზვიადისტებს» ბევრი რამ ეშლებათ. ისინი კვლავინდებურად ილუზიების სამყაროში ცხოვრობენ. ჯერ ერთი, «ზვიადისტები» არ ითვალისწინებენ ამჟამად საქართველოში გამეფებული აპათიის დონეს. 80-90-იანი წლების მიჯნისგან განსხვავებით, როცა საქართველოში თითქოსდა ენერგია «დუღდა და გადმოდუღდა,» დღეს მოსახლეობას აღარაფერი აინტერესებს ყოფითი პრობლემები გარდა. მოხდა იმდროინდელ იდეალთა სრული დისკრედიტაცია და დევალვაცია, მოსახლეობა დარწმუნდა, რომ ის, რაც დღეს გვაქვს (საქართველოს სახელმწიფოებრივი სტატუსის ჩათვლით) არ ღირდა იმად, რის ფასადაც იგი დაგვიჯდა.
        მეორე: «ზვიადისტებს» ჰგონიათ, რომ რაკი ხელისუფლებამ არ დაარბია სტუდენტების საპროტესტო აქცია, - ასევე «ვერ გაბედავს», ხელი შეუშალოს მათ მთავრობის სასახლის წინ აქციების მოწყობაში. რეალურად კი, სტუდენტების აქცია არ დაირბა მხოლოდ იმის გამო, რომ ეს არ ყოფილა რომელიმე ერთი პოლიტიკური ძალის აქცია - სტუდენტობა ერთ-ერთი სოციალური ფენაა, ხელისუფლება კი არადსროს დაარბევს სოლიდური ფენის (და არა პოლიტიკური ძალის) აქციას.
        საეჭვოა, «ზვიადისტებმა» მომავალ აქციებზე მთელი სოციალური ძალების (მათ შორის, სტუდენტობის) მიმხრობა შეძლონ, ამიტომ მათი აქცია, როგორც ჩანს, მთავრობის სასახლის წინ ერთ-ორ დღიან გაწევ-გამოწევასა და ჯიკავ-ჯიკავს არ გასცდება. მით უმეტეს, სრული გაუგებრობაა მოთხოვნა «რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების» შესახებ. ნუთუ დღემდე არ არის ნათელი, რომ არც ერთი სერიოზული (მათ შორის საპარლამენტო) ძალა მხარს არ დაუჭერს ამ მოთხოვნას - არავის რიგგარეშე არჩევნები ხელს არ აძლევს. მათ შორის არც მოსახლეობას, რომელიც ამდენი არჩევნებით დაიღალა და ყველაფერი მოყირჭდა.
        ასეთივე ვითარებაა საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. არავის ახალი საპრეზიდენტო არჩევნები არ სჭირდება - ვგულისხმობ, ისევ და ისევ, როგორც პოლიტიკურ ძალებს, ასევე, მოსახლეობას. უკლებლივ ყველა სერიოზული პოლიტიკური ძალა, თუნდაც სძულდეს ედუარდ შევარდნაძე, ვერ ხედავს მის ალტერნატივას. სხვებს თავად აქვთ პრეტენზიები პრეზიდენტობაზე. მხოლოდ - პოსტშევარდნაძისტულ ეპოქაში - მანამდე კი ერთმანეთს აკვირდებიან ეჭვით, როგორც ველომრბოლელები, თუ ვინ გაბედავს პირველ საფინიშო სპურტს.
        ამრიგად, დღეს დაგეგმილი აქციებიდან ბევრი არაფერი გამოვა - სერიოზული პროცესების «აგორება» ვერ მოხერხდება. «ეროვნულ ძალასთან გაერთიანების» პოლიტიკური ორიენტაცია გაურკვეველია. მასში სხვადასხვა მიმართულება და სოციალ-პოლიტიკური წარმომავლობის ჯგუფები გაერთიანდნენ. გაურკვეველია ამ გაერთიანების სოციალური ბაზა, გაურკვეველია მისი პოლიტიკური ნიშა დღევანდელ სპექტრშიც, ანუ მიმართება სხვა ძალებთან.
        როგორც ჩანს, ეს გაერთიანება «ნელ-თბილი» დაძაბულობის კატალიზატორი გახდება, რაც ყოველთვის იმ მიზნით არ იქნება გამოყენებული, რომელსაც «ზვიადისტები» ისახავენ.

მერიდიანი, 10 დეკემბერი, 2001 წელი

მთელ გვერდზე