ვინ ელის «რევოლუციას»?
       

        პრეზიდენტის ინიციატივამ «მინისტრთა კაბინეტის» შემოღების შესახებ ქართულ პოლიტიკაში «მცირე მიწისძვრა» გამოიწვია. «წყალხმელეთა» პოლიტიკოსები (როგორც პარლამენტში, ასევე პარლამენტს გარეთ) ზედაპირზე ამოტივტივებისთვის იბრძვიან, რაკი «მცირე რევოლუციის» სუნი იკრეს. მათთვის ის, რაც ხდება, ნეტარ 1992 წელში დაბრუნებაა. ყოველ შემთხვევაში, თავად ასე ჰგონიათ. მაშინ იყო, თუ იყო, ვაჭრობა «მოადგილეთა» და «სამმართველო-დეპარტამენტთა» უფროსების ვაკანსიებით.
        ყველა პარტიას თავისი კვოტა ჰქონდა და თითოეული თანამდებობა «რეალური ფული» ღირდა. მაგრამ მიუხედავად პოლიტიკანთა ამ ტკბილი ნოსტალგიისა, საეჭვოა, იგივე განმეორდეს. უპირველეს ყოვლისა, 8-9 წლის განმალვობაში ძლაიან ბევრი რამ შეიცვალა და დღევანდელი პარლამენტიც არ არის «პირველი პარლამენტი», რომელშიც პოლიტიკური პროცესები «კავკასიის ბირჟასთან» გამართული ვაჭრობის კანონებით მიმდინარეობდა.
        დღევანდელ პარლამენტში არსებობს მყარი «უბრალო უმრავლესობა» - იგი გაერთიანებულია საერთო კორპორაციული ინტერესებით. ამდენად, ზურაბ ჟვანიას პრეტენზია, დააკომპლექტოს კაბინეტი, სავსებით რეალური და საფუძვლიანია. «დესანტი» მთავრობაში უკვე მოქმედებს - იუსტიციის, საგადასახადო, ფინანსთა, სოფლის მეურნეობის მინისტრები «ჟვანიას გუნდს» წარმოადგენენ.
        გასათვალისწინებელია, რომ თუ ზურაბ ჟვანია გახდება პრემიერ-მინისტრი (რაც 80 პროცენტით გადაწყვეტილია), მას გაცილებით მეტი საშუალება ექნება, იმავე გუნდის პოზიციები გააძლიეროს აღმასრულებელი ხელისუფლების (სამინისტროების, დეპარტამენტების) მეორე და მესამე ეშელონებში. ეს პროცესი უკვე დაიწყო. ამ მხრივ სიმპტომატურია საგადასახადო დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელის ფიგურა.
        ბუნებრივია, პრემიერ-მინისტრის შესაძლებლობები (ამგვარი ტრანსფორმაციის განსახრციელებლად) განუზომლად მეტია, ვიდრე სახელმწიფო მინისტრისა. ზურაბ ჟვანია შესაძლებლობას მაქსიმალურად გამოიყენებს, ხოლო «მეორე და მესამე» ეშელონში გარკვეული გენერაციის წარმომადგენელთა დანერგვა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე მინისტრების «ვინაობა».
        ამრიგად, ზურაბ ჟვანიასა და «რეფორმატორთა გუნდის» ამბიცია არცთუ უსაფუძვლოდ გამოიყურება. იმავეს ვერ ვიტყვით სხვა პოლიტიკურ ლიდერებზე. აკაკი ასათიანის ბოლოდროინდელი აქტივობა აშკარად მიუთითებს: «ტრადიციონალისტებს» საკუთარი სამინისტრო პრეტენზიებიც ექნებათ. აკაკი ასათიანის გუშინდელი პრესკონფერენცია, ფაქტობრივად, ულტიმატუმი იყო. მაგრამ ისევ და ისევ, «ტრადიციონალისტები» დღეს (განსხვავებით 1993 ან 1995 წლისგან) აშკარად გადაჭარბებით აფასებენ თავიანთ შესაძლებლობებს.
        საკვანძო პრობლემა აქ ის გახლავთ, რომ საქართველოში შესაბამისი პოლიტიკური კულტურა არ არსებობს. «კაბინეტურ სისტემაში» არამმართველი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის დანიშვნის შემთხვევაში, პარტია რჩება «უმცირესობად», მაგრამ აღარ შეიძლება იყოს ოპოზიციური მთავრობის მიმართ, ვინაიდან «კაბინეტი» გუნდურ პასუხისმგებლობას გულისხმობს: განურჩევლად იმისა, ფინანსთა მინისტრად დაინიშნა «ოპოზიციონერი» თუ განათლების ან კულტურის მინისტრად.
        ჩვენში ასეთი რამ არ გამოვა: «ოპოზიციის» წარმომადგენელი, შესაბამისი საპარლამენტო მხარდაჭერით, «კაბინეტის» პირველივე სხდომაზე მოაწყობს სკანდალს, რათა დაამტკიცოს, რომ «ობოლი მარგალიტია» ხალხის მტერთა ამ საკრებულოში და ასე გაგრძელდება თვეობით.
        იმავდროულად, საპარლამენტო წარმომადგენლობა მხარს არ დაუჭერს მთავრობის გადადგომას (ვინაიდან ეს «მათი» მინისტრის გადადგომაც იქნება), ხოლო პრემიერის კრიტიკას «პოლიტიკურ ტერორად» გამოაცხადებს, რაც საეროთდ ანეკდოტად აქცევს «კოალიციურ მინისტრთა კაბინეტს».
        რომ არა ჩვენი პოლიტიკური კულტურის ეს მახასიათებელი, «კაბინეტში» არა მხოლოდ «ტრადიციონალისტებს» შეეძლოთ მიეღოთ პორტფელი (რა თქმა უნდა, არა პირველხარისხოვანი და არა პირველმნიშვნელოვანი), არამედ თუნდაც «მემარცხენე» სოციალისტებს - ვახტანგ რჩეულიშვილი ვიცე-პრემიერობაზე ნამდვილად არ იტყოდა უარს.
        ზემოთქმულიდან გამომდინარე, «მინისტრთა კაბინეტი» იქნება სწორედ «მოქალაქეთა კავშირის» კაბინეტი - მთავრობის დასამტკიცებლად აუცილებელ ხმათა უბრალო უმრავლესობას იგი ნამვდილად მოერგება, ხოლო თუ ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს თვის საკონსტიტუციო ცვლილებას, ამ შემთხვევაში, შენარჩუნდება სტატუსიც, რაც არავის აძლევს ხელს.
        გარესაპარლამენტო ოპოზიცია კი ტყუილად ცქმუტავს - მისი ადგილი ოლიმპზე საერთოდ აღარ არის.

დილის გაზეთი, 24 აპრილი, 2001 წელი

მთელ გვერდზე