ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები: მოტივი და რეალობა
       

        პარლამენტში გრძელდება კონსულტაციები (ჩვენს პირობებში, იგივე ვაჭრობა) აღმასრულებელ ხელისუფლებაში ძალთა ახალ გადანაწილებასთან დაკავშირებით. სწორედ ამაში მდგომარეობს იმ პროცესის არსი, რომელიც დაიწყო პრეზიდენტის მიერ სამთავრობო სტრუქტურის ცვლილებათა ინიცირებით. საპარლამენტო ჯგუფებს მიაჩნიათ, რომ რაკი შედგა ძალთა გადანაწილება პარლამენტში, იგივე უნდა მოხდეს აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც.
        უშიშროების მინისტრად ვალერი ხაბურზანიას კანდიდატურა ვნებათა ღელვას არ იწვევს, თუმცა ეკონომიკური ბლოკის მინისტრებთან დაკავშირებით ისეთი ამბავი ატყდება, როგორც იტყვიან, «დედა შვილს არ აიყვანს ხელში». ამ ორომტრიალში თანდათანობით ჩაიკარგა პოლიტიკური მოთხოვნები, რაც საფუძვლად დაედო სახალხო მღელვარებას. პარლამენტის შენობის წინ გამართული აქციის ორგანიზატორებს მიზნის მიღწევა თუ სურდათ, ერთადერთი მოთხოვნა უნდა დაეფიქსირებინათ: ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. მაგრამ სხვა, უფრო რადიკალურმა მოთხოვნებმა (მაგალითად, პრეზიდენტის გადადგომამ) ვითარება განმუხტა, რაკი უკლებლივ ყველა «მოთამაშე» მიხვდა: ეს არარეალური მოთხოვნა იყო და მას არც ერთი სერიოზული ძალა მხარს არ დაუჭერდა დღევანდელ ვითარებაში.
        მართლაც, უცნაურია: როგორ შეიძლება რადიკალურმა მოთხოვნამ ვითარება, გამწვავების ნაცვლად, განმუხტოს? არადა, ნამდვილად ასე მოხდა: დღეს ედუარდ შევარდნაძის გადადგომა გამოიწვევს ფართომაშტაბიან დესტაბილიზაციას. თანაც, არა მხოლოდ ხილულს (ხელშესახებს - შესაძლოა, შეიარაღებულ დაპირისპირებასაც) არამედ იურიდიულსაც: საბოლოოდ მოირღვევა კონსტიტუციური დამცავი მექანიზმი და არსებული კონსტიტუციისგან აღარაფერი დარჩება. ქვეყნის ძირითადი კანონი არ ითვალისწინებს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას. იგი არც რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ითვალისწინებს, მაგრამ, უკიდურეს შემთხვევაში, «მცირე საყრდენის» ხალახალი აგებისთვის მისი მოშლა და დროებითი დანგრევა კიდევ ლოგიკური იქნებოდა.
        ხელისუფლებათა დაყოფის ამერიკული მოდელის სიკეთეც იმაში მდგომარეობს, რომ იგი არ უშვებს კომპრომისს. მისი დევიზია: ან სამოქალაქო ომი, ან მშვიდობიანი თანაარსებობა.
        საპარლამენტო არჩევნების დასანიშნად აუცილებელი იქნებოდა ყველა ძირითადი ძალის შეთანხმება. ესე იგი, გადაწყვეტილება მიიღებოდა კონსენსუსით. არსებობდა მხოლოდ ერთი შესაძლო მექანიზმი: პარლამენტს უნდა შეეტანა ცვლილებები მოქმედ კონსტიტუციაში (ანუ გადაწყვეტილება მიეღო 157 ხმით) და შეექმნა ახალი იურიდიული ინსტიტუტი: ასლი საპარლამენტო არჩევნებისა, რასაც მოქმედი კონსტიტუცია არ ითვალისწინებს. უფრო მეტიც, 1995 წლის კონსტიტუციით პარლამენტს (უბრალო უმრავლესობით, ანუ კანონით) არც აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილება ახალი არჩევნების დანიშვნის თაობაზე.
        იურიდიულად უკანონო იქნება, აგრეთვე, პარლამენტის გადაწყვეტილება თვითდაშლის შესახებ - კონსტიტუციური თვალსაზრისით, ეს ისეთივე შედეგებს გამოიღებს, როგორც დეკემბერ-იანვრის მოვლენებმა გამოიწვია, ანუ მოხდება კონსტიტუციური წყვეტა. მაშასადამე, კანონიერი მექანიზმი ერთადერთია: პარლამენტმა შეიტანოს ცვლილებები კონსტიტუციაში (ყველა პროცედურის დაცვით ამას 3 თვე მაინც დასჭირდება), შემდეგ, ახალი კონსტიტუციური ნორმის შესაბამისად, შემოდგომისთვის დანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები.
        ვიმეორებ: იურიდიული და პრაქტიკულ-პოლიტიკური თვალსაზრისით ეს შესაძლებელია მხოლოდ ფართო კონსენსუსის პირობებში. ბევრად უფრო ფართოსიც კი, ვიდრე 157 ხმით.
        ეს, რაც შეეხება ფორმალურ მხარეს, მაგრამ იმავე საკითხს კიდევ ერთი ასპექტი აქვს: რამდენად დაინტერესებული არიან ძირითადი პოლიტიკური ძალები ახალი არჩევნების გამართვით? დარწმუნებით შეიძლება ითქვას, სისხლ-ხორცეულად დაინტერესებული რომ ყოფილიყვნენ, ყველა წინააღმდეგობის გადალახვას, უეჭველად შეძლებდნენ ყოველგვარი დესტაბილიზაციის გარეშეც.
        საქმეც სწორედ ის არის, რომ არ არიან დაინტერესებულნი ამ არჩევნებით, ხოლო ყველა ეს საუბარი პოლიტიკური ხერხი იყო და სხვა არაფერი: თუ გახსოვთ, 7 პროცენტიანი ბარიერის შემოღების დროს, ის ჯგუფებიც კი, რომლებიც დარწმუნებული იყვნენ, ესოდენ მაღალ ბარიერს ვერ გადალახავდნენ, ამჯერად არ გამოდიოდნენ ცვლილებების წინააღმდეგ (პირიქით, მხარსაც უჭერდნენ), რათა ისეთი შთაბეჭდილება შეექმნათ, თითქოს იმდენად ძლიერნი არიან, ახალი ბარიერისა არ ეშინიათ. თავად ირინა სარიშვილს ცვლილება იმისთვის დასჭირდა, რათა აეძულებინა «მრეწველები», ერთობლივი ბლოკი შეექმნათ, რადგან შესანიშნავად უწყოდა, რომ 5 პროცენტიანი ბარიერსაც ვერ გადალახავდა.
        შედეგად ის მოხდა, რომ ეროვნულ-დემოკრატები პარლამენტს გარეთ დარჩნენ, ხოლო «მრეწველებმა» ძლივს-ძლივობით შეაღწიეს პარლამენტში.
        ანალოგიური ვითარებაა ამჟამადაც. აშკარად არავინ იტყვის და არ შეიქმჩნევს, რომ ეშინია ახალი საპარლამენტო არჩევნების. მით უმეტეს, იგი ახალი კვოტით ტარდება, ხოლო ძლიერი პარტიები არ არიან დაინტერესებულნი მისი შემცირებით, სუსტები კი ამის მოთხოვნას ვერ გაბედავენ, რადგან ამით საკუთარ სისუსტეს ადასტურებენ.:
        ძალზე გაურკვეველი ვითარებაა, აგრეთვე, «აღორძინების ბლოკში» და ეს მისმა სუბიექტებმა შესანიშნავად უწყიან. რასაკვირველია, «აღორძინების» საარჩევნო ბლოკის წევრობა გარანტირებულ დეპუტატობას ნიშნავს, ოღონდ, დავუშვათ, დაინიშნა ახალი არჩევნები - ვის შეუძლია თქვას დანამდვილებით, როგორ მოიქცევა ასლან აბაშიძე: მოინდომებს თუ არა იგი ბლოკის შენარჩუნებას? «ვაი თუ» უშუალოდ «აღორძინების პარტია» (გოგიტიძე-გელბახიანი-თარგამაძე-ბრეგვაძე) გააძილეროს, ხოლო «სოციალისტებს», «ტრადიციონალისტებს» და «ზვიადისტებს» თავაზიანი უარი უთხრას - აწი თქვენს პროცენტებს თავად მიხედეთო.
        ამგვარი სცენარი გამორიცხული ნამდვილად არ არის. ყოველ შემთხვევაში, რისკზე წასვლა არვის ეპიტნავება. აქვე უნდა ითქვას, რომ «ტრადიციონალისტთა» იდეა საკონსტიტუციო ცვლილებებისა და «კაბინეტის» დაფუძნების შესახებ უეჭველად გულისხმობს სრულიად ახალი საარჩევნო ვითარების შექმნას: ორპალატიანი პარლამენტის ჩამოყალიბებას (ეს გარდაუვალია რეგიონალიზაციის შემთხვევაში) და, პარლამენტის ქვედა პალატის შემცირებით, კვოტის შემცირებას 2-3 პროცენტამდე. ამ «სოუსით» კი მართლაც შესაძლებელია კვოტის შემცირება, მაგრამ ეს პროცესი სულ სხვა ალგორითმს მოითხოვს.
        თვისებრივადაც, ძალიან დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ დღევანდელმა პარლამენტმა 2003 წლამდე ვერ მიიღოს კანონპროექტი «კონსტიიტუციური ცვლილების შესახებ», ან, თუ მიიღებს, ახალი (რიგითი) არჩევნების შემდეგ აამოქმედოს, ან, საეროთდ, ვერ მიიღოს და ეს პრობლემა შემდეგ პარლამენტს (2003-2007) გადააბაროს.

მერიდიანი, 19 ნოემბერი, 2001 წ.

მთელ გვერდზე