სახელმწიფო მინისტრის გარშემო ვითარება იძაბება
       

        პოლიტიკური ხელოვნების განუყოფელი ნაწილია «პაუზა» ანუ «პაუზის დაცვის» უნარი. პარლამენტში მინისტრთა «რიხინ-რიხინით» დამტკიცების შემდეგ პრეზიდენტმა სწორედ ასეთი «პაუზა დაიცვა» ყველაზე მნიშვნელოვან და ნიშანდობლივ გადაწყვეტილებამდე. საქმე ეხება სახელმწიფო მინისტრს. მისი ვინაობა დღემდე უცნობია, მაგრამ ამ ფიგურის გარშემო უკვე ვნებები ბობოქრობს.
        რასაკვირველია, ეს უფრო მეტად «სკამის» მნიშვნელობითაა განპირობებული, ანუ იმ სიდიდით, რაც უცვლელია ნებისმიერი პერსონალური (საკადრო) არჩევანის შემთხვევაში.
        სანამ კონკრეტულ კანდიდატურებზე გავაგრძელბდეთ მსჯელობას, არცთუ საფუძველს მოკლებული იქნებოდა კითხვა: საერთოდ რაში სჭირდება საქართველოს (პრეზიდენტს) სახელმწიფო მინისტრი? ხელისუფლებათა გაყოფის «ამერიკულ მოდელში» პრემიერ-მინისტრის პოსტი გათვალისწინებული არ არის. უბრალოდ, იმ მიზეზით, რომ ამ სისტემაში პრეზიდენტი არა მხოლოდ სახელმწიფოს მეთაურია, არამედ აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელიც. თვით ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტს მინისტრთა «კოორდინატორი» არა ჰყავს. სახელმწიფო მდივანი კი საგარეო საქმეთა მინისტრის ფუნქციას ასრულებს.
        რატომ არ შეიძლება ასეთივე ვითარება შეიქმნას საქართველოშიც? კონსტიტუცია სულაც არ ავალდებულებს პრეზიდენტს, დანიშნოს «მაკოორდინირებელი მინისტრი», ანუ სახელმწიფო მინისტრი. შესაძლოა, სახელმწიფო მინისტრობა (იგივე სახელმწიფო მდივნობა) მან რომელიმე მინისტრს დაავალოს - დარგის მნიშვნელობიდან გამომდინარე ვთქვათ, იმავე საგარეო საქმეთა მინისტრს, ან საგადასახადო შემოსავლების მინისტრს. სხვათა შორის, ამის სიმპტომი გახლდათ არცთუ უსაფუძვლო ინფორმაცია სახელმწიფო მინისტრსა და საგადასახადო შემოსავლების მინისტრის თანამდებობათა ფაქტობრივი შეთავსების შესახებ - მისთვის «საგადასახადო» და «საბაჟო» დეპარტამენტთა დაქვემდებარებით.
        თეორიულად ასეთი ვარიანტი შესაძლებელია, მაგრამ რიგი მიზეზების გამო, რეალურად არ განხორციელდება, ვინაიდან სახელისუფლებო «წონასწორობის» დასაცავად სახელმწიფო მინისტრის დანიშვნა გარდაუვალია.
        სახელმწიფო მინისტრის პოსტზე ასახელებენ თემურ შაშიაშვილის, ვანო ზოდელავას, ბადრი ხატიძისა და კოტე გაბაშვილის კანდიდატურებს. ყველა მათგანი რეალურია, ანუ არც ერთი ეს გვარი «შემოგდებული» არ არის - პრეზიდენტი უეჭველად განიხილავს ამ კანდიდატურებს, თუმცა, ვინ იქნება «რჩეული» ჯერაც უცნობია.
        თითოეულ კანდიდატს თავისი პლუსები და მინუსები აქვს სახელისუფლებო ტექნოლოგიისა და, რაც მთავარია, საქმის (ეკონომიკური პოლიტიკის) თვალსაზრისით. უეჭველია, რომ სახელმწიფო მინისტრი კვლავაც «ეკონომიკური ბლოკის უფროსი» იქნება და პასუხს აგებს ყველაფერზე, რაც ბიუჯეტის გარშემო მოხდება.
        რამდენიმე მიზეზის გამო (თურქეთის ეკონომიკური კრიზისი, მსოფლიო ფინანსური სტაგნაცია - 11 სექტემბრის ტერაქტების შედეგად) საეჭვოა, უახლოეს მომავალში ვითარება საქართველოში რაიმე თვალსაზრისით გამოსწორდეს. ამ სიტუაციაში თემურ შაშიაშვილის დანიშვნა (მაგალითად) სახელმწიფო მინისტრად იმას ნიშნავს, რომ მძვინვარე და ბობოქარი მთავრობის სხდომები არ მოგვაკლდება.
        ჟურნალისტებისთვის სასიხარულოა რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ხომ ყველაფერი არ არის? ვანო ზოდელავასთვის სახელმწიფო მინისტრობა, გარკვეული თვალსაზრისით, «დაქვეითებაც» იქნება, კოტე გაბაშვილი ადვილად ვერ მიატოვებს საათივით აწყობილ ქვეყანას. ბადრი ხატიძე შეიძლება იქცეს «შემსრულებელ სახელმწიფო მინისტრად». მას არ ექნება პოლიტიკური ამბიცია, მაგრამ პარლამენტთან ურთიერთობა გაუჭირდება. კოტე გაბავშილს, ამ თვალსაზრისით, მეტი შესაძლებლობები აქვს - იგი კვლავინდებურად რჩება «თბილისური ისტებლიმშენტის» წევრად.
        საბოლოო გადაწყვეტილება დღეს ან ხვალ იქნება მიღებული, თუმცა, იგი შეიძლება ოდნავ მოგვიანებითაც გამოცხადდეს. გავბედავ ვივარაუდო, რომ ეს სახელმწიფო მინისტრი უკანასკნელი იქნება «პრემიერამდე», ოღონდ ეს არ ნიშნავს მოკლევდიანობას.

დილის გაზეთი, 13 დეკემბერი, 2001 წელი

მთელ გვერდზე