ბატონო ვახტანგ, ასჯერ გაზომეთ და... ნუ გაჭრით!
       

        კავშირგაბმულობის მარეგულირებელმა კომისიამ ხელმეორედ შესთავაზა პარლამენტს მიიღოს საკანონმდებლო დებულება, რომელიც დაავალდებულებს საქართველოში მოქმედ ტელეკომპანიებს, გაუშვან ეთერში განსაზღვრული ოდენობით «საკუთარი პროდუქცია», აგრეთვე, იქონიონ მხოლოდ ქართულენოვანი გადაცემები. მათ შორის, ქართულად (და არა რუსულად) დუბლირებული ფილმები.
        ამთავითვე უნდა ითქვას, რომ ამგვარი კანონი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოქმედებს. მათ შორის საფრანგეთშიც, სადაც მკაცრად არის განსაზღვრული ფრანგულენოვანი და საფრანგეთში მომზადებული ტელე და რადიოგადაცემების კვოტა.
        ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ეს კანონი საფრანგეთის «კოკა კოლონიზაციის» წინააღმდეგაა მიმართული, თუმცა საფრანგეთი ნამდვილად ვერ ჩაითვლება სუსტ, განვითარებად ქვეყნად.
        ანალოგიური კანონის მომხრეები საქართველოში აცხადებენ, რომ იგი ხელს შეუწყობს «ეროვნული ელემენტის» გაძლიერებას ტელეკომპანიათა პროდუქციაში და აიძულებს მათ, დაამზადონ საკუთარი პროდუქცია, ან «გადმოაქართულონ» უცხოური - შესაბამისი ლიცენზიით.
        საპარლამენტო უმრავლესობა მიიჩნევს, რომ კანონის ამ ფორმით მიღება გამოიწვევს არა «ეროვნული პროდუქციის» გამრავლებასა და ტელეკომპანიათა განვითარებას, არამედ ერთდროულად რამდენიმე პატარა ტელეკომპანიის გაუქმებას. მაშინ, როდესაც შედარებით ძლიერი ტელეკომპანიები შეძლებენ ფორმალურად «შეავსონ» საეთერო დრო მდარე, ყოველგვარ მხატვრულ და შინაარსობრივ ღირსებას მოკლებული პროდუქციით.
        მაგრამ მეორე მხრივ, ადგილობრივი პროდუქციის ხელშეწყობა ნამდვილად დიდებული საქმეა, რისი მიღწევაც შესაძლებელია კვოტის შემცირებით 10-20 პროცენტამდე, რაც უზრუნველყოფს თუნდაც ერთი «საკუთარი გადაცემის» მომზადებას.
        რაც მთავარია, საქართველოში ნელ-ნელა ყალიბდება და ძლიერდება ეროვნული საინფორმცაიო სივრცე, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება ტელეკომპანია მთლიანად უცხოურ პროდუქციას უჩვენებდეს (თუმცა, ეს უკვე ასე აღარ არის), მაგრამ ეროვნულ საინფორმცაიო სივრცეს აძლიერებდეს.
        ყველას გვახსოვს, რომ რამდენიმე წლის წინათ საქართველოს მოქალაქე რუსულ საინფორმაციო სივრცეში ცხოვრობდა - იგი ინფორმაციას იღებდა, უპირველესად, რუსული საინფორმაციო არხების მეშვეობით. ეს ერთგვარი «ფსიქოლოგიური ნარკოტიკიც იყო»: როდესაც 1991 წლის შემოდგომაზე ზვიად გამსახურდიამ გათიშა მოსკოვის ტელეარხთა მაუწყებლობა, - ამ გადაწყვეტილებით ერთგვარი «ფსიქოლოგიური დისკომფორტი» იგრძნო იმ ხალხმაც, ვინც გააფთრებით მოითხოვდა საქართველოს დამოუკიდებლობას.
        არადა, საინფორმაციო დამოუკიდებლობის გარეშე რეალური დამოუკიდებლობა წარმოუდგენელია. ვითარება შეიცვალა 1999 წლიდან, როდესაც საქართველოს პარლამენტმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, უცხოურ (ანუ რუსულ) ტელეკომპანიათა დაბეგვრის რეჟიმის შეცვლის შესახებ, რის შედეგადაც ორტ-მ და რტრ-მა შეწყვიტეს მაუწყებლობა საქართველოში.
        ქართველი ტელემაყურებელი კი სულ უფრო მეტად ენდობა «მშობლიურ მედიას». დღეს სიანფორმაციო გადაცემებს ისევე ელიან, როგორც ელოდნენ რუსულ ტსნ-სა და «ვესტი»-ს, ვინაიდან უკვე არსებობს იმის გარანტია, რომ ქართულ მედიას არც ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა არ გამოეპარება - თუ აღარაფერს ვიტყვით «მიჩქმალვაზე», რაც უკვე საერთოდ გამორიცხულია.
        იმ ფონზე, როდესაც ვლადიმირ პუტინის «დერჟიმორდა რეჟიმის» დამკვიდრებასთან ერთად რუსული მედია სულ უფრო შებორკილი და ანგაჟირებული ხდება, ქართული მედიასივრცე სულ უფრო თავისუფლად სუნთქავს.
        მაგრამ ეროვნული პროდუქციის კვოტების თავისთავად კეთილშობილმა იდეამ შეიძლება ის შედეგი გამოიღოს, რომ ქართული საინფორმაციო სივრცე შეიკუმშოს, დაიხუროს რამდენიმე ტელეკომპანია, რომელიც კონკურენციას ვერ გაუძლებს. მართალია, ძლიერნი გაიმარჯვებენ (გადარჩებიან და თავს შეინარჩუნებენ), მაგრამ საინფორმაციო სივრცე მაინც შეიკვეცება - ეს კი საქართველოს საინფორმაციო დამოუკიდებლობის ხარისხს დააკნინებს.
        ამ სივრცის შენარჩუნება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე «შესანიშნავი შვიდეულის» ქართულად დუბლირება ან თუნდაც ისეთი საავტორო გადაცემების გამრავლება, როგორიცაა კოტე მახარაძის ტელესპექტაკლი სტალინზე.

დილის გაზეთი, 17 იანგვარი, 2001 წელი

მთელ გვერდზე