თარგამაძე-გრიზლოვი: ვინ ვის არ ეყოფა ლუკმად?!
       

        საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი კახა თარგამაძე, «დიდი ელჩობის» ფარგლებში, მოსკოვში იმყოფება და მოლაპარაკებას მართავს რუს კოლეგა ბორის გრიზლოვთან. არ არის გამორიცხული თარგამაძის შეხვედრა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივან ვლადიმირ რუშაილოსთან, რომელთანაც კახა თარგამაძეს საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვს: «ბორჯომის ოთხეული» (რუსეთი, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრები) სწორედ მათი დაარსებულია.
        რუშაილო პროფესიონალია, მისგან განსხვავებით, ბორის გრიზლოვი რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე პუტინის პარტია «ედინსტვოდან» მოვიდა (საპარლამენტო რფაქციას ხელმძღვანელობდა), ანუ პოლიტიკური მოტივით დაინიშნა და, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამობრძმედილ თარგამაძესთან შედარებით, საკმაოდ გულუბრყვილოდ გამოიყურება - ჩვეულებრივი რუსი ინტელიგენტია და «მგლების ბრძოლისა არაფერი გაეგება. საერთოდ, კახა თარგამაძის მოსკოვში ვიზიტები ყოველთვის შესამჩნევი მოვლენა ხდება ხოლმე. ერთი მხრივ, მოსკოვში რეალურად აფასებენ (ეს არ გამოეპარებათ) საქართველოს ხელისუფლებაში თარგამაძის წონასა და გავლენას. მეორე მხრივ, ედუარდ შევარდნაძე შინაგან საქმეთა მინისტრს კვლავინდებურად უსაზღვროდ ენდობა და საკმოად რთული ამოცანების გადაწყვეტას ავალებს. კახა თარგამაძეს კი მოსკოვში მოუწევს, პასუხი გასცეს ერთობ საჩოთირო კითხვებს აფხაზეთში მოქმედი «ქართულ-ჩეჩნური» ფორმირების თაობაზე.
        რუსულ მედიას ეჭვიც არ ეპარება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ჩეჩნები პანკისიდან კოდორში გადაიყვანა. ეს საკმაოდ არარეალური ვერსია ჩანს. ყოველ შემთხვევაში, თუ კოდორში მყოფი რაზმის რაოდენობას (400-დან 900 მეომრამდე) ვირწმუნებთ. ასეთი მასის გადაადგილება (თანაც კბილებამდე შეიარაღებულ მეომართა) თუნდაც ღამით, შეუმჩნეველი ვერასგზით დარჩებოდა - მათ ხომ მთელი საქართველო უნდა გაევლოთ და სვანეთიდან გადასულიყვნენ ჯერ კოდორში, შემდეგ (იქიდან) - ტყვარჩელის მიდამოებში, სადაც ამჟამად იმყოფებიან. აქედან გამომდინარე, თარგამაძე შეეცდება, გრიზლოვი დაარწმუნოს, რომ ჩეჩნურ-ყაბარდოულ-ქართულ-ბალყარულ-ჩერქეზული ფორმირება მართლაც დაძრწის სადღაც ტყვარჩელის ტყეებში, მაგრამ ისინი იქ კოდორიდან კი არ ჩავიდნენ, არამედ თანდათან შეგროვდნენ სხვადასხვა გზებით, მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიიდანაც. სხვათა შორის, ამგვარი ვერსია ჭეშმარიტებისგან (ნაწილობრივ მაინც) არც ისე შორს არის. თუ გახსოვთ, ივნისში ქართველმა მესაზღვრეებმა სვანეთში დააკავეს ჩრდილოეთკავკასიელთა რაზმი, რმოელიც ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან გადმოვიდა. რამდენიმე კვირის შემდეგ, რუსულმა მედიამ გვამცნო, რომ ყარაჩაი-ჩერქეზეთში აღმოჩენილია იატაკქვეშა შეიარაღებული ორგანიზაცია, რომელიც რესპუბლიკაში ხელისუფლების დამხობას ისახავდა მიზნად და სეპარატისტული ზრახვები ჰქონდა. რამდენიმე წევრი ამ იდუმალი ორგანიზაციისა უმალვე დააკავეს. დანარჩენებმა, შესაძლოა, სწორედ აფხაზეთს შეაფარეს თავი და ამჟამად «არავის მიწაზე» იმყოფებიან კოდორის ხეობისა და ქალაქ ტყვარჩელის გამყოფ ტყეში. თუ მათ შორის ჩეჩნები არიან, არც ესაა გასაკვირი: სვანეთში დაკავეუბლთა შორისაც იყვნენ ჩეჩნები. ისინი კი აშკარად ყარაჩაიდან გადმოვიდნენ.
        კახა თარგამაძე უეჭველად შესთავაზებს ბორის გრიზლოვს ისეთი ოპერაციის ჩატარებას, რაც უკვე აფხაზი სეპარატისტებისთვის იქნება მიუღებელი - შესალძოა, ეს ყველაზე ეშმაკური გამოსავალი იყოს შექმნილი ვითარებიდან.
        თარგამაძე არ არის უფლებამოსილი, რაიმე სტრატეგიული მნიშვნელობის გადაწყვევტილება მიიღოს, თუმცა, ტაქტიკური თვალსაზრისით, თარგამაძე ამ მოლაპარაკებით მიზნად ისახავს დაძაბულობის განმუხტვას, მით უმეტეს, რომ, თუ მდგომარეობა გამწვავდა, მისი უწყება კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვევა.

დილის გაზეთი, 29 სექტემბერი, 2001 წელი

მთელ გვერდზე