შოვინისტური ნექტარი
       

        რუსი ხალხი ნამდვილად არაფერ შუაშია იმის გამო, რაც გუშინ რუსეთში, განსაკუთრებით მოსკოვსა და რუსულ მედიაში ხდებოდა.
        ყველა საინფორმაციო არხმა აქტიურად გააშუქა ვნუკოვოსა და დომოდედოვოს აეროპორტებში მომხდარი ინციდენტები, სადაც «გრუზინებს» რუსული პროლიცია დაერია და «საპასპორტო რეჟიმის» დარღვევა დასდო ბრალად იმ საბაბით, რომ 1 მარტიდან სრული ძალით ამოქმედდა სავიზრო რეჟიმი რუსეთსა და საქართველოს შორის.
        რუსული საზოგადოების შოვინისტური ნაწილი ტკბებოდა საძულველი «სპეკულანტი გრუზინების» ტანჯვ-აწამება-დამცირებით, რაც (ვიმეორებ) ფართოდ გააშუქა რუსულმა მასმედიამ.
        აი, ამიტომ უყვართ პუტინი! ამიტომ არის იგი ესოდენ პოპულარული ამ მენტალურად ნაციონალ-სოციალისტურ საზოაგდოებაში.
        რუს ხალხს არავინ აყენებს შეურაცხყოფას, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: ყველაზე ობიექტური და მიუკერძოებელი გამოკვლევებით, ვლადიმირ პუტინის მაღალი რეიტინგი ორი ძირითადი ფაქტორითაა განპირობებული (ჩეჩენი ერის ხოცვა-ჟლეტის გარდა, რასაკვირველია): 1. საბჭოთა კავშირის ჰიმნის აღდგენით და 2. ქართველების რუსეითიდან გაყრით, სავიზრო რეჟიმის საბაბით მათი დარბევითა და დამცირებით.
        სწორედ ასე აღიქმება «სავიზრო რეჟიმი», როგორც შოვინისტური ქმედების ინდულგენცია.
        მიაქციეთ ყურადღება: გუშინ და გუშინწინ მოსკოვში გრძელდებოდა მოლაპარაკება რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შორის.
        ქართული მხრიდან მათში მონაწილეობდა მინისტრის მოადგილე მერაბ ანთაძე, ხოლო რუსეთის მხრიდან - საგარეო საქმეთა სამინისტროების საკონსულო სამმართველოს უფროსი სადჩიკოვი.
        ანთაძემ და სადჩიკოვმა მიაღწიეს ჯენტლმენურ შეთანხმებას, რომ კვირის ბოლომდე «მკაცრი» რეჟიმი არ ამოქმედდებოდა რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების, ისევე როგორც საქართველოში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების მიმართ.
        საქმე ისაა, რომ რუსეთის მხარემ ვერ მოასწრო ოთხშაბათს საღამომდე თავისი პოზიციის შეთანხმება ყველა ინსტანციაში.
        არ არის გამორიცხული, საგარეო საქმეთა მინისტრ ივანოვს ვერ დაუკავშიდნენ სამხრეთ კორეა - ვიეტნამში. ან ეს ჩვენი ახმეტელი «იგორიოკი» ვერ დაეთათბირა «შავ პოლკოვნიკს», თუ რამდენად გაემწარებინა ამჯერად დედულეთი.
        ასეა თუ ისე, სწორედ რუსმა დიპლომატებმა შესთავაზეს ქართველებს ასეთი «ჯენტლმენური შეთანხმება», მაგრამ რუსეთის ძალისმიერ სტრუქტურებს ქართველების ჩაწიხლვის ეგზომ «შესანიშნავი» შანსი მიეცათ და მას ხელიდან როგორ გაუშვებდნენ?
        Aამიტომ, 1 მარტსვე მოაწყვეს ეგზეკუცია აეროპორტებში.
        ჯერჯერობით უცნობია, ქართულმა მხარემ თუ უპასუხა მათებურად «მათებს» - მაგალითად, რუსეთის მოქალაქეებს, სამხედროებს ან მათი ოჯახის წევრებს.
        ასე რომ, ჩვენც შეგვიძლია დავიჭიროთ ქუჩაში რომელიღაც რუსი ოფიცერის ცოლი, ან სრულწლოვარი შვილი, დავაბრალოთ (1 მარტიდან) საპასპორტო რეჟიმის დარღვევა, მივათრიოთ პოლიციის განყოფილებაში, დავამციროთ, გადავახდევინოთ ჯარიმა და მოვთხოვოთ (როგორც ჩვენებს სთხოვენ) 24 საათის განმავლობაში წაეთრიონ საქართველოდან.
        ქართული მხარე ამას არ აკეთებს - პირიქით, ქართველი დიპლომატები კოლეგებს დათმობებს-დათმობებზე სთავაზობენ.
        თუმცა, კვლავაც უშედეგოდ. მაგალითად, ქართული დელეგაციის წინადადებით, რუს სამხედროებს და მათი ოჯახის წევრებს შეიძლებოდა მისცემოდათ უფლება, თბილისში გაეფორმებინათ გრძელვადიანი ვიზები (და მოსკოვში გამგზავრება არ ყოფილიყო საჭირო იმ პირობით, თუ რუსეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებიც მიიღებდნენ საშუალებას, მოსკოვშივე გაეფორმებინათ ვიზები.
        ეს ეხებოდათ მხოლოდ გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებს - სტუდენტებს, სამკურნალოდ წასულებს, ლტოლვილებს (რაც ძალზე მნიშვნელოვანია) და ასე შემდეგ.
        სხვათა შორის, რუსეთის სპეცსამსახურმა მოსკოვში საქართველოს საელჩოსთან ლტოლვილთა საპროტესტო აქციის მოწყობა სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, ვინაიდან ლტოლვილებს სინდისიც ჰყოფნით და ჭკუაც, - მიხვდნენ, აქ რა ალგორითმი მუშაობს: სავიზრო რეჟიმით რუსეთს სურს საქართველოს აიძულოს, დათანხმდეს სამხედრო ბაზების დაკანონებას საკუთარ ტერიტორიაზე.
        თბილისი ამ დათმობაზე წასვლას მხოლოდ აფხაზეთში ლტოლვილთა დაბრუნების სანაცვლოდ განიხილავს და არა «უვიზრო რეჟიმის» მაგივრად.
        წინააღმდეგ შემთხვევაში, სავიზო რეჟიმი საერთოდ არ იქნებოდა.
        მაგრამ, ამასთანავე, იმასაც დააკვირდით, ლტოლვილთაგან განსხვავებით, რა განცხადებებს აკეთებს ის ხალხი, ვისაც არც არაფერი დაუკარგავს, თბილისში სახლ-კარიც აქვს, მაგრამ მოსკოვში ცხოვრება ურჩევნია და ამის გამო მრისხანებას ვერ მალავს.
        არადა, ვინ გვაიძულებდა? ვყოფილიყავით ნეტარხსენებულ საბჭოთა კავშირში. რის ვიზა, რა ვიზა, ვიცნობ უფროსი თაობის ხალხს, ვინც შუადღისას მიფრინავდა მოსკოვში, რესტორან «არაგვში» ისადილებდა ძმაკაცებთან ერთად და საღამოს კარგ ხასიათზე ბრუნდებოდა თბილისში.
        აი, ეს არის ნამდვილი ქართველი!
       
        დილის გაზეთი, 2 მარტი, 2001 წელი
       
        მთელ გვერდზე