პირველი რაუნდი
       

        გუშინ მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია ოპოზიციასთან პრეზიდენტის შეხვედრის შესახებ. დანამდვილებით ცნობილია, რომ თავდაპივრელად «ოპოზიციური კოალიცია» ერთობლივად აპირებდა შეხვედრას სახელმწიფოს მეთაურთან. ღონისძიება, შესაბამისად, ორგანიზებული იყო სახელმწიფო კანცელარიის მე-11 სართულზე, მაგრამ შემდეგ რაღაც შეიცვალა ახალი ფორმატით, პრეზიდენტი ხვდება «არაუმრავლესობის» ფრაქციებს ცალ-ცალკე, თანაც არა ყველას, არამედ ლიდერთა სამკაციან ჯგუფებს.
        პირველად პრეზიდენტმა გოგი თოფაძე და მისი «მრეწველები» მიიღო, შედმგომ - ტრადიციონალისტები. დღეს დაგეგმილია მოლაპარაკება «აღორძინებასთან», «ახლებთან», «სოციალისტებთან» და «XXI საუკუნეთსთან».
        ნიშანდობლივია, რომ ედუარდ შევარდნაძე ცალ-ცალკე ხვდება «კოალიციის» წევრებს, რაც «უმცირესობაში» არსებული ვითარების გათვალისწინებით, უფრო მიზანშეწონილი იყო, ვინაიდან ერთიანობა იქ აშკარად მოჩვენებითია.
        მოლაპარაკებებმა «დახურულ კარს» მიღმა შეიძლება გააძლიეროს იჭვნეულობა, მაგრამ ამ ეტაპზე ეს გამოიწვევს არა უმცირესობის დაშლას, არამედ (ყოველ შემთხვევაში, უახლოესი ერთი თვის განმავლობაში) კიდევ უფრო კონსოლიდაციას.
        არც ერთი მხარე არ არის მზად, დათმოს პრინციპული პოზიცია: უმცირესობამ თავად შექმნა ისეთი ვითარება, როდესაც ხელისუფლებამ უაზრობად მიიჩნია კომპრომისი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით.
        მიაქციეთ ყურადღება: «კოალიცია» მოითხოვდა «სრულ თვითმმართველობას», მაგრამ ამის შემდეგ «მინისტრთა კაბინეტის» მხოლოდ განილვაზე იყო თანახმა.
        არადა, პოლიტიკის ელემენტარული კანონის შესაბამისად, საკითხი უნდა შესულიყო გარკვეულ «პაკეტში», თორემ აბა, ვინ ენდობა მიღებული გადაწყვეტილების სანაცვლოდ მხოლოდ «განხილვაში მონაწილეობას»? განხილვა გადაწყვეტილების მიღებით ნამდვილად არ დასრულდებოდა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი მხარე თავისას გაინაღდებდა.
        საქმეც სწორედ ის არის, რომ მხარეებს ერთმანეთის მისწრაფებათა შესახებ არანაირი ილუზია არ ჰქონიათ და არა აქვთ: ოპოზიცია არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდებოდა და არ დათანხმდება «კაბინეტის დაფუძნებას», რათა არ დაუშვას ზურაბ ჟვანიას პრემიერ-მინისტრობა. ისინი «მინისტრთა კაბინეტის» მოთხოვნაში თავის დროზე მხოლოდ «კოალიციურობის» შინაარსს დებდნენ. ეს მისწრაფება აღმოფხვრილი არ არის, მაგრამ, თუ ადრე შესაბამის ბერკეტად «ნულოვანი ვარიანტი» გამოიყენებოდა, ამჟამად მოქმედებს საპარლამენტო ბოიკოტის მექანიზმი.
        წარმოუდგენელია, თვისებრივად რამე შეიცვალოს პრეზიდენტთან ოპოზიციური ლიდერების შეხვედრის შემდეგ. დარწმუნებით შეიძლება ითქვას: ყველა ლიდერი დაახლოებით ერთნაირი განწყობით გამოვა პრეზიდენტის კაბინეტიდან, განცხადებებს კი ფორმალურად სხვადასხვანაირს გააკეთებენ.
        ვახტანგ რჩეულიშვილი კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ არ დაუკარგავს ედუარდ შევარდნაძესთან «განსაკუთრებული ურთიერთობების» აღდგენის იმედი.
        «საზაფხულო რაუნდები» კვლავაც გაგრძელდება, ვინაიდან პოლიტიკურ ინტერესთა თანხვედრის პოტენციალი ამოწურული არ არის - მოსალოდნელია, სულ ცოტა, კიდევ ერთი რიგგარეშე სესია, რომელმაც უნდა მიიღოს კანონები «თვითმმართველობისა და მმართველობის», აგრეთვე «არჩევნების შესახებ». მათ მისაღებად საკმარისია აბსოლუტური უმრავლესობა, ანუ 118 ხმა.
        ჯერ–ჯერობით, არ არის ცნობილი, მიიღებს თუ არა ოპოზიცია მონაწილეობას «რიგგარეშე სხდომებში». როგორც ჩანს, გარდაუვალია დემარში და ბოიკოტი გაგრძელდება, მაგრამ ეს მხოლოდ «თვითმმართვლობასთან» დაკავშირებით: «საარჩევნო კოდექსის» თაობაზე კომპრომისი მომწიფდა, ხოლო ამ საკითხის ბოიკოტირებით «უმცირესობა» პოლიტიკურად წააგებს და ყველაფერს დატოვებს ისე, როგორც არის.
        სწორედ ასეთმა დივერსიფიცირებამ (იგი უეჭველად ზურაბ ჟვანიას მახვილგონივრული ნაბიჯია) შეიძლება გამოიწვიოს ბზარი «ოპოზიციურ კონგლომერატში».
       

დილის გაზეთი, 23 ივნისი, 2001 წელი

მთელ გვერდზე