შევარდნაძე მესამედ გაპრეზიდენტებას აღარ აპირებს?
       

        გუშინ, ტრადიციულ ბრიფინგზე, რუსეთის ტელეკომპანია ნტვ-ს წარმომადგენელმა პრეზიდენტს საკმაოდ «მრავალპლანიანი» კითხვა დაუსვა, რომლის შინაარსი «მესამე საპრეზიდენტო ვადას» ეხებოდა.
        საერთოდ, რუსული მედია ბოლო დროს განსაკუთრებულ ინტერესს ამჟღავნებს დსთ-ის ქვეყნებში სახელისუფლებო ცვლილებების მიმართ. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ პოლკოვნიკ პუტინის «ახალი რუსეთი» თავს უფლებამოისილად (და შემძლედ) მიიჩნევს, გადაწყვიტოს «სახელისფლებო მემკვიდრეობის» საკითხები ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებში - იქნება ეს უკრაინა, საქართველო, აზერბაიჯანი თუ ყაზახეთი.
        ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და იმპერატიული «შეკვეთა» რუსული ისტებლიშმენტისა - ვლადიმირ პუტინის მიმართ, ვისაც «მიწების ხელახალ შემკრებად» აღიქვამენ და ამ მისიას აკისრებენ.
        ძალიან ზუსტი ინდიკატორი ამ თვალსაზრისით «ნეზავისიმაია გაზეტაა», სადაც ხშირად ქვეყნდება სხვადასხვა «პროგნოზი» - ამა თუ იმ რესპუბლიკაში ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსთა სია, რეიტინგები და ასე შემდეგ.
        ერთ-ერთ უკანასკნელ ნომერში იგი აქვეყნებს ასეთ «პროგნოზს» და ასკვნის, რომ «კრემლი მხარს არ დაუჭერს ზურაბ ჟვანიას კანდიდატურას, ვინაიდან იგი ყველაზე თანმიმდევრულად ატარებს პროდასავლურ კურსს, ანუ დასავლეთის კრეატურად ითვლება».
        მაგრამ ამ განზრახულობათა ანალიზისას, კრემლის «ლაბორატორიებში» აინტერესებთ, უპირველეს ყოვლისა, თვით პრეზიდენტ შევარდნაძის აზრი და (ბუნებრივია) ისიც, აპირებს თუ არა იგი, 2005 წელს ძალაუფლება გადასცეს მემკვიდრეს.
        აქედან ლოგიკურად გამომდინარეობს კითხვა: მიიჩნევს თუ არა ედუარდ შევარდნაძე თავის უფლებამოსილებას «შემოსაზღვრულად» მეორე საპრეზიდენტო ვადით, აპირებს იგი მესამედ იბრძოლოს პრეზიდენტობისთვის თუ თანახმაა დაასრულოს თავისი მრავალწლიანი პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი მოღვაწეობა 2005 წელს.
        ეს კითხვა კვლავინდებურად საკმაოდ აქტუალურია, ვინაიდან ედუარდ შევარდნაძის ფაქტორის უგულებელყოფა ქართულ პოლიტიკურ სცენაზე აბსოლუტურად შეუძლებელია.
        ხსენებული ფაქტორი ობიექტურად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკონსტიტუციო ნორმა, რომელიც ორი ვადით ზღუდავს პრეზიდენტის უფლებამოსილებას.
        განსაკუთრებით უნდა გაესვას ხაზი, რომ პოლიტოლოგიური თვალსაზრისით ყველაფერი თვით ედუარდ შევარდნაძის პირად განწყობაზეც არ არის დამოკიდებული: ძალიან მნიშვნელოვანია იმ სოციალური ჯგუფების პრაგმატული ინტერესი, ვინც თავის სტაბილურობას სწორედ ამ ფიგურას უკავშირებს.
        არც ისაა შემთხვევითი, თუ ეს თემა მუსირებს დღეს (4 წლით ადრე მეორე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე) და მუსირებდა (შეგახსენებთ) ჯერ კიდევ 2000 წლის 9 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნებამდე.
        ასეა თუ ისე, ედუარდ შევარდნაძემ გუშინ ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ არ აპირებს კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილების ინიცირებას. სახელმწიფოს მეთაურის აზრით, «შემდეგ პრეზიდენტი» ახალგაზრდა პიროვნება უნდა იყოს. განცხადებების შესაბამისად, ედუარდ შევარდნაძე 2005 წლის შემდეგ პრეზიდენტობაზე არ ფიქრობს, მაგრამ ეს განცხადებები (ვიმეორებ) საკითხს მთლიანობაში არ მოიცავს, თუ არ გავითვალისწინებთ სოციუმისა და პოლიტიკური ისტებლიშმენტის განწყობას.
        ნუ დავივიწყებთ, რომ კვლავინდებურად აქტუალურია «მინისტრთა კაბინეტის» თემა. ადრე თუ გვიან ეს საკითხი გამწვავდება. შეიძლება ეს მოხდეს წლეულს, შემოდგომაზე, ან, ყოველ შემთხვევაში, აუცილებლად მოხდება 2003 წლის გაზაფხულზე და ზაფხულში - შემდეგი საპარლამენტო არჩევნების წინ.
        მაგრამ ასეთი ცვლილება მოითხოვს კონსტიტუციის ძალიან ღრმა რეფორმირებას.
        მინისტრთა კაბინეტი კი შეიძლება მოერგოს «საპრეზიდენტო რესპუბლიკასაც» და «საპარლამენტოსაც».
        ნებისმიერ შემთხვევაში, ედუარდ შევარდნაძის ფაქტორის გამორიცვხა ობიექტურად შეუძლებელია - თუნდაც როგორც გერმანული ტიპის პრეზიდენტისა.
       

დილის გაზეთი, 7 აგვისტო, 2001 წელი

მთელ გვერდზე