პარლამენტსა და ნაციას
       

        გუშინ ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ მისი მიმართვა «ქვეყნის საშინაო და საგარეო მდგომარეობის შესახებ» მარტში შედგება. პარლამენტის თავმჯდომარემ და პრეზიდენტმა უკვე ჩამოაყალიბეს ერთგვარი ტრადიცია ასეთი «ყოველწლიური მიმართვებისა», როდესაც პრეზიდენტი პარლამენტში შედის «ოფიციალური სტუმრის» პროტოკოლით, - პარლამენტის თავმჯდომარე ხვდება მას შენობის ზღურბლთან და აცილებს სახელმწიფოს მეთაურისთვის განკუთვნილ ლოჟამდე სხდომათა დარბაზში.
        პრინციპში, პრეზიდენტის მისვლა საკანონმდებლო ორგანოში (მით უმეტეს, თუ საუბარია საპრეზიდენტო მმართველობაზე) ყოველთვის საგანგებო მოვლენა უნდა იყოს. სახელმწიფოს მეთაური სხდომებს არ აცდენდა 1992-95 წლების დაუვიწყარ «პირველ პარლამენტში», მაგრამ მაშინ რა «სახელმწიფოც» ვიყავით, ყველამ კარგად ვიცით.
        ამერიკის შეერთებულ შტატებში (ჩვენც ხომ ხელისუფლებათა გამიჯვნის «ამერიკული მოდელი» ავირჩიეთ) პრეზიდენტი მხოლოდ ერთხელ მიდის წლის განმალვობაში კონგრესში - სწორედ ყოველწლიური მიმართვის წარსადგენად, მაგრამ იქ ეს ღონისძიება მიზნად ისახავს ზესახელმწიფოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების პატრიოტული ერთიანობის დემონსტრირებას.
        ეწყობა ნამდვილი შოუ: ბილ კლინტონის მიმართვისას კონგრესმენებმა (ორივე პალატის გაერთიანებულ სხდომაზე) პრეზიდენტს 40-წუთიანი (!) სიტყვა 100-ჯერ შეაწყვეტინეს მქუხარე ოვაციით, შეგიძლიათ დაიჯეროთ? - ნუ დაიჯერებთ, მაგრამ ფაქტია.
        აქვე უნდა ითქვას, რომ საქართველოში ტრადიციამ უკვე მიიღო არცთუ ხეირიანი სახე, ვინაიდან პრეზიდენტი არ არის ვალდებული, 4-5 საათიანი მოხსენებით გამოვიდეს პარლამენტში. შევარდნაძეს ჯანი კვლავ არ აკლია, მაგრამ აბა სცადეთ, თუნდაც ერთი საათი განუწყვეტლივ იკითხოთ ტექსტი, ამიტომ, ალბათ, უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა, პრეზიდენტის მოხსენება დაბეჭდილიყო ბროშურად, ხოლო საპარლამენტო სიტყვა ყოფილიყო სულ 35-40 წუთი- ძირითადი თეზისები.
        ზუსტად ასე იქცევა ამერიკის ყველა პრეზიდენტი და ასევე იქცეოდა რუსეთის პრეზიდენტი ელცინი - მაშინაც კი, როდესაც «მორჟებთან» ერთად ჭყუმპალაობდა ყინულის ნაპრალში.
        მართლაც და, რა უბედურებაა ეს 4-5 საათიანი მოხსენებები? თუმცა, დარწმუნებულნი ბრძანდებოდეთ, სქელტანიან «ბროშურას» (მოხსენებას) ჩვენი შესანიშნავი დეპუტატთა კორპუსიდან, ალბათ თავმჯდომარე თუ წაიკითხავს და კიდევ თითო-ოროლა «გულმოდგინე».
        აქ არის ერთი საინტერესო მომენტ: კონსტიტუცია არ განსაზღვრავს ზუსტად, როდის უნდა წარდგეს პრეზიდენტი ერისა და პარლამენტის წინაშე მოხსენებით «ქვეყნის საშინაო და საგარეო მდგომარეობის შესახებ».
        ეს არის ერთგვარი პრივილეგია, რომელიც ენიჭება პრეზიდენტს და ამ «სამანევრო სივრცით» ედუარდ შევარდნაძემ ამჯერადაც ოსტატურად ისარგებლა მარტში.
        პოლიტიკური ვითარება როგორც სახელისუფლებო ოლიმპზე, ასევე ზოგად პოლიტიკურ ლანდშაფტზე (ბომონდსაც ვგულისხმობ) უფრო მეტად «დაწმენდილი» იქნება. ბევრი რამ გაირკვევა კორუფციის წინააღმდეგ ბროძლის კონტექსტში, ვინაიდან მანამდე გამოქვეყნდება ანტიკორუფციული პროგრამა და ახალი გენერალური პროკურორიც შეუდგება საქმიანობას.
        აქ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია საპარლამენტო ძალთა განლაგება - პრეზიდენტს სურს დააკვირდეს, როგორ იქნება იგი, ვინაიდან შევარდნაძე გუმანით გრძნობს, რომ განლაგება შეიძლება ისეთი აღარ აღმოჩნდეს, როგორიც გასული სესიის დასასრულს ან, თუნდაც, საგაზაფხულო სესიის დასაწყისში იქნებოდა.
        ამიტომ პრეზიდენტი «დროით თვალსაწიერს» იფართოებს.
        გარდა ამისა, მარტისთვის საბოლოოდ გარკვეული ქნება ვალების რესტრუქტურიზაციის საკითხი, რუსეთთან და სავალუტო ფონდთან ურთიერთობა «ნულოვანი ვარიანტის კონტექსტში».
        შესაძლოა, იმ დროისთვის გაირკვეს რუსეთის ბაზების თემაც ამოიწუროს.
        თუმცა, ეს მხოლოდ სავარაუდოდ. ენერგოკრიზისიც შემსუბუქდება ნანატრი, მოახლოებული აპრილის თბილი სუნთქვით.

დილის გაზეთი, 13 თებერვალი, 2001 წელი

მთელ გვერდზე