ვინ გახდება სახელმწიფო მინისტრი
       

        მას შემდეგ, რაც პარლამენტმა თითქმის ერთხმად დაამტკიცა ქონების მართვის მინისტრის პოსტზე სოლიკო პავლიაშვილი, ხოლო პრეზიდენტმა (რაც სრულიად ლოგიკურია) ხელმეორედ შესთავაზა საკანონმდებლო ორგანოს დასამტკიცებლად ნინო ჩხობაძის კანდიდატურა გარემოს დაცვის მინისტრის პოსტზე, მთავრობაში დარჩა ერთადერთი ვაკანსია - სახელმწიფო მინისტრისა
        დიდი ხანია, ასეთი გაურკვევლობა არ ყოფილა რომელიმე საკადრო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, თვით ყოველთვის ყველაზე კომპეტენტური წყაროებიც კი ვერ ასახელებენ ზუსტ კანდიდატურას. უფრო სწორად, მათი ვარაუდები ერთდროულად რამდენიმე ფიგურას ეხება, რაც, უეჭველად, იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტი რამდენიმე ალტერნატივას განიხილავს.
        კვლავ და კვლავ უნდა აღინიშნოს: პრეზიდენტ შევარდნაძის გადაწყვეტილება სახელმწიფო მინისტრთან დაკავშირებით, დღევანდელ პირობებში უაღრესად ნიშანდობლივი იქნება და ბევრ რამეს ნათელყოფს სამომავლო პერსპექტივის თვალსაზრისით. სახელმწიფო მინისტრის ფიგურის მიხედვით, შეიძლება ვიმსჯელოთ, მაგალითად, იმის თაობაზე, როგორია პრეზიდენტის პოზიცია «მინისტრთა კაბინეტის» საკითხში.
        პრეზიდენტმა შეიძლება აირჩიოს «ტექნიკური» ფიგურა სახელმწიფო მინისტრად, ანუ ისეთი მოღვაწე, ვისაც არ ექნება «უფრო მეტის» პრეტენზია და ვრეც პრემიერობისთვის იბრძოლებს - იმ შემთხვევაში, თუ 1999 წლის მოწვევის პარლამენტმა შეძლო კონსტიტუციური რეფორმის განხორციელება, რაც ძალზე პრობლემური და საეჭვოა.
        მაგრამ ედუარდ შევარდნაძემ შეიძლება უარიც თქვას «ტექნიკურ სახელმწიფო მინისტრზე» და ამ პოსტზე პოლიტიკური ფიგურა შეარჩიოს. ეს კი უკვე სრულიად სხვა პოლიტიკისა და პერსპექტივის მომასწავებელი იქნება უახლოესი 2-3 წლისათვის.
        რაც შეეხება კანდიდატურებს, მათი ვინაობა ცნობილია და უკვე შეიძლება ვიმსჯელოთ, თუ რა თვისებრიობის მატარებელია თითოეული მათგანი.
        «არაპოლიტიკური», ანუ «ტექნიკური სახელმწიფო მინისტრობის» კანდიდატურაა, მაგალითად, სახელმწიფო კანცელარიის რეგიონალური მართვის სამსახურის ხელმძღვანელი ბადრი ხატიძე. ოღონდ თუ იგი პოლიტიკურად არაანგაჟირებულია, ეს სრულებითაც არ ნიშნავს გავლენის ნაკლებობას. პირიქით, ბადრი ხატიძე ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა პრეზიდენტის გარემოცვაში. იგი უშუალო ხელმძღვანელობს სახელმწიფოს რეგიონალურ სტრუქტურებს, ანუ ყველა გამგებელი (მეტნაკლებად რწმუნებულებიც კი) მას ემორჩილება ან სერიოზულ ანგარიშს უწევს. ბადრი ხატიძე პრეზიდენტის ფავორიტადაც ითვლება იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან რთული პრობლემების გადაწყვეტას ართმევს თავს. თუ სახელმწიფო მინისტრად ბადრი ხატიძე დაინიშნა, იგი, უეჭველად, დიდხანს გაძლებს ამ პოსტზე. მისი დანიშვნა მანიშნებელი იქნება იმ ტაქტიკისა, რაც პრეზიდენტმა აირჩია: არ გამოყოს არც ერთი პოლიტიკური ფიგურა დღეს მოქმედ ძალთაგან და ერთგვარი დისტანცია «დაიჭიროს» მთლიანად ქართული პოლიტიკური ელიტის მიმართ.
        ასეთი ტაქტიკა შეიძლება ნიშნავდეს «მინისტრთა კაბინეტის» თემის აქსელირებას. ამით პრეზიდენტი თითქოს ეტყვის ჩვენს «პოლიტოკრატიას». აღმასრულებელ ხელისუფლებაში ერთადერთი პოლიტიკური ფიგურა იქნება საქართველოს პრეზიდენტი! მას შგემდეგ, რაც მთავრობის დამტკიცებასთან დაკავშირებით მოხდა - ეს თითქოს ლოგიკურიცაა. მართლაც, ამჟამინდელი მთავრობა მთლიანად დეპოლიტიზებულია, მასში მონაწილეობენ ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალთა «პოტენციური მოკავშირენი», მაგრამ არ არიან მოქმედი პოლიტიკური, ერთადერთი მოქმედი პოლიტიკოსი მთავრობაში (პრეზიდენტის გარდა, რასაკვივრელია) მიხეილ სააკაშვილი იყო გადადგომამდე.
        მაგრამ აქ ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რა ინფორმაციას ფლობს პრეზიდენტი პარლამენტში (და უკვე არა მხოლოდ!) წარმოდგენილი პოლიტიკური ელიტის შესაძლო რეაქციის თაობაზე «პოლიტიკურ» თუ «ტექნიკურ» სახელმწიფო მინისტრთან დაკავშირებით. გააჩნია, რას ჩათვლის პრეზიდენტი უფრო მეტად მიზანშეწონილად სახელისფლებო სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე: სჭირდება თუ არა მას რეალურად «მინისტრთა კაბინეტის» მომხრე თუ მოწინააღმდეგე». «პოლიტიკურ» სახელმწიფო მოღვაწეთაგან განიხილება დავით გამყრელიძის კანდიდატურა, რასაც პოლიტიკურ დაფაზე» დომინოს პრინციპით» აღნიშნული ურთიერთოდაკავშირებულ-განმაპირობებელი შედეგების მთელი წყება შეიძლება მოჰყვეს. ოღონდ ერთი წუთითაც არ უნდა დავივიწყოთ ის რეალობა, რომ დღევანდელ სისტემაში სახელმწიფო მინისტრი («პოლიტიკური» თუ «ტექნიკური») პრეზიდენტის ჩრდილი იქნება ყველა თვალსაზრისით: იგი ვერც ერთი გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებას ვერ შეძლებს და, ფაქტობრივად, იძულებული იქნება მინისტრთა კოორდინატორის როლს დასჯერდეს. განხილულ «პოლიტიკურ» კანდიდატურათაგან ყველაზე სერიოზულია თემურ შაშიაშვილი. მიუხედავად მისი არაერთგზის განცხადებისა, ვიდრე პრეზიდენტი შევარდნაძეა, თბილისში არც ერთ თანამდებობას არ მაღირსებსო, - შაშიაშვილის დანიშვნა უფრო მეტად სავარაუდოა, ვიდრე მისი თანხმობა, დაიკავოს ეს თანამდებობა (პრემიერობა სხვა საქმე იქნებოდა).
        მნიშვნელოვანი ნიუანსი: იმერეთის გუბერნატორმა რამდენიმე კვირის წინ საყურადღებო განცხადება გააკეთა: ადრე, როცა პრეზიდენტს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ თხოვნით მივმართე, ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა. ახლა კი მე აღარ მივმართავ ასეთი განცხადებით და თვითონ მომხსნასო. თემურ შაშიაშვილი შესანიშნავად ხვდება, რომ სახელმწიფო მინისტრად დანიშვნა შეიძლება «განცხადების დაკმაყოფილების» ფორმა იყოს - ოღონდ დროში გაწელილი.
        კიდევ ერთი კანდიდატურა, რომლის გვარიც ისმოდა ამ დღეებში, კოტე გაბაშვილია. იგი კარგა ხნის განმავლობაში მოწყვეტილი იყო თბილისურ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ბომონდს (1992-94 წლებში კი ყველაზე პრესტიჟული, თბილისის მერის თანამდებობა ეკავა), სამაგიეროდ სარგებლობს პრეზიდენტის უსაზღვრო ნდობით. ვინაიდან ედუარდ შევარდნაძის გვერდით იყო აფხაზეთში ომის უმძიმეს დღეებში, კოტე გაბაშვილის უპირატესობა ის არის, რომ იგი, ერთი მხრივ, პოლიტიკურ ფიგურად ითვლება, მაგრამ, იმავდროულად, არაანგაჟირებულია.

მერიდიანი, 12 დეკემბერი, 2001 წელი

მთელ გვერდზე