სავიზო ბალანსი
       

        გასულ კვირას, დაახოლებით ერთკვირიანი დისკუსიის შემდეგ, მოსკოვში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანთაძე და რუსეთის საკონსულო სამსახურის უფროსი, სადჩიკოვი შეთანხმდნენ, რომ 5 დეკემბრიდან შემოღებული და 1 მარტიდან სრული ძალით ამოქმედებული სავიზრო რეჟიმი ოდნავ შერბილდება გარკვეული კატეგორიის მოქალაქეთათვის.
        კიდევ ერხთელ იპყრობს ყურადღებას «სრული ძალით ამოქმედების» თარიღი - საქართველოს დსთ-ში ოფიციალურად გაწევრიანების 7 წლისთავი.
        ისევე, როგორც თავდაპირველი შემოღებისა - 1933 წელს, სწორედ 5 მარტს, იოსებ სტალინმა «ქრისტე მხსნელის» ტაძრის აფეთქება ბრძანა. შემთხვევითია თუ არა ასეთი დამთხვევა - ამაზე მსჯელობა სოფისტიკა იქნებოდა. საკრალურ სუბსტანციებსა და მეტაფიზიკაზე მარჩიელობას ისევ სასტიკად პრაგმატულ რეალობაზე მსჯელობა სჯობს.
        მოსკოვის მოლაპარაკებათა შედეგად მხარეებმა ხელი მოაწერეს ოქმს, რომლითაც დადასტურდა გარკვეული კომპრომისი: რუსეთში მცხორვები საქართველოს მოქალაქეების ნაწილმა (ძირითადად, ლტოლვილებმა, სტუდენტებმა, სამკურნალოდ წასულებმა, მივლინებაში მყოფებმა და ასე შემდეგ) მიიღეს საშუალება, ვიზები მოსკოვშივე გაიფორმონ.
        ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ეს შეღავათი მიეცა იმ კონტინგენტს, ვინც უკვე იმყოფება რუსეთში (ძირითადად, მოსკოვში) და ვერ მოასწრო რუსეთის მოქალაქეობის გაფორმება.
        მათი რიცხვი რამდენიმე ათეულ ათასს არ აღემატება. მტკნარი ზღაპარია, «ჰიპერბოლები» რუსეთში გადახვეწილი მილიონი ქართველის შესახებ. 1992 წლიდან (ანუ სამოქალაქო ომის პერიოდიდან) - დღემდე საქართველო შესაძლოა მართლაც დატოვა 600-700 ათასმა ადამიანმა, მაგრამ მათი დიდი ნაწილი ისტორიულ სამშობლოს დაუბრუნდა. რუსები გაემგზავრენ რუსეთში (მათ ბევრი სომეხიც მიჰყვა), ბერძნები - საბერძნეთში, ებრაელები - ისრაელში, უკრაინელები - უკრაინაში და ასე შემდეგ.
        სამოქალაქო ომის წლებში რუსეთში გადასახლებული 200-300 ათასი ქართველიდან აბსოულტურმა უმრავლესობამ უკვე მიიღო რუსეთის მოქალაქეობა და შეძლებდა თუ არა საქართველო რუსეთთან კომპრომისის მიღწევას, მათ სრულებითაც არ აღელვებდათ.
        ამ კატეგორიის უდიდესი ნაწილი ოჯახებიანად (დედაწულიანად) გადასახლდა მოსკოვში და საქართველოსთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა - თავისი საქმეც წამოიწყო რუსეთში, უძრავ ქონებას დაეუფლა და ასე შემდეგ.
        ამრიგად, ერთადერთი კატეგორია, რომელსაც «სავიზრო რეჟიმი» მართლაც ძალიან სასტიკად დაარტყავდა, იყვნენ ლტოლვილები.
        უფრო ზუსტად, ლტოლვილთა მასის ყველაზე მრავალრიცხოვანი, სოციალურად დაუცველი ფენა.
        სწორედ მათთვის შედგა ხსენებული კომპრომის - რათა ისინი არ გამოეყარათ რუსეითიდან. არადა, ამ კატეგორიის ლტოლვილთა რიცხვი მხოლოდ მოსკოვში 50-60 ათასს აღწევს.
        რაც შეეხება კომპრომისის არსს, იგი შემდეგშია: სანაცვლოდ იმისა, რომ რუსეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები მიიღებენ საშუალებას, მოსკოვშივე შეიძინონ ვიზები, საქართველოში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებსაც ექნებათ ასეთი საშუალება.
        მათ შორის იგულისხმებიან სამხედროები და რუს ოფიცერთა ოჯახების წევრები.
        თავდაპირველად რუსეთი საქართველოს სთავაზობდა სამსახურებრივი პასპორტების გაცემას ოფიცრებისთვის, რაც საქართველოში რუსული კონტინგენტის დაკანონებას ნიშნავდა. ყოველ შემთხვევაში, ირიბად.
        ხოლო თუ რუსი სამხედროები ვალდებულნი იქნებიან, თუნდაც გრძელვადიანი ვიზები შეიძინონ (მათ შორის, სატრანზიტო ვიზებიც) - გარდა გვარიან შემოსავლებისა (თუმცა, ეს მეორეხარისხოვანი საკითხია), ეს რუსული არმადის საქართველოში ყოფნის დროებით სტატუსის დადასტურებაცაა.
        მაშასადამე, საკმარისია, საქართველომ ვიზა არ გასცეს და «სამხედრო ყოფნა» იურიდიულად კიდევ უფრო უკანონო იქნება. სამაგიეროდ, რუსეთიც აღარ გასცემს ვიზებს რუსეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებზე.
        მათ ადვილად გამოყრიან მოსკოვიდან, ხოლო საქართველოდან რუსული არმადის გაყვანა, როგორც ჩანს, კიდევ რამდენიმე წლისა და ხანგრძლივი მოლაპარაკების, აგრეთვე, ახალი მსხვერპლის შედეგად თუ მოხერხდა.
        გარდა ამისა, კომპრომისის განუყოფელ ნაწილად იქცა საქართველოს ვალდებულება, გაატაროს ტრანზიტად მიმავალი რუსი სამხედროები სომხეთში, სადაც მათი ძირითადი ბაზაა განლაგებული.
        რასაკვივრელია, ასეთი შეთანხმება (ვიზების გაცემის ფორმით) არ ნიშნავს, თითქოს საქართველომ ამით იკისრა ვალდებულება, არმიაც გაატაროს თავის ტერიტორიაზე - ამგვარი ინტერპრეპტაცია მეტისმეტი უტრირება იქნებოდა.
        იმპერატიულობას აქ მხოლოდ ის ქმნის (ისევ), რომ თუ სატრანზიტო ვიზებს არ გავცემთ და საერთოდ, ვიზებს გამოვიყენებთ რუსული სახმდერო კონტიგენტის შესავიწროებლად, მაშინ რუსეთიც გამოიყენებს «სავიზო ბერკეტს» ლტოლვილების წინააღმდეგ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, თითქოს ამგვარი რამ საერთოდ შეუძლებელია თეორიულად ან პრაქტიკულად (მომავალში).
        ძალიან მნიშვნელოვანია თვით ის ფაქტი, რომ რუსეთმა ოფიცრებისა და ზოგადად, სამხედრო მოსამსახურეთათვის ვიზების გაცემის აუცილებლობა პოლიტიკურადაც აღიარა და იურიდიულადაც დააფიქსირა.
        ბუნებრივია, მან სანაცვლოდ დათმობებიც მოითხოვა. კერძოდ, მოსკოვისთვის ამჟამად ძალზე მნიშვნელოვანია, შეარბილოს საპროტესტო ტალღა აფხაზეთთან და «სახმრეთ ოსეთთან» ცალმხრივად უვიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით. ოღონდ, მას იმდენად საქართველოს პროტესტები არ აღელვებს, რამდენადაც საერთაშორისო ასპარეზზე დაფიქსირებული პრეცედენტი, რაც შესაძლოა მის წინააღმდეგ შემობრუნდეს.
        დასავლეთმა ეს მომენტი მისთვის ჩვეული პრაგმატიზმით ძალიან კარგად გამოიყენა საქართველოსთან ინტერესთა თანხვედრის კონტექსტში და ასეთი პრეცედენტი დააფიქსირა.
        სხვაგვარად თუ ვიტყვით, ყაზბეგის რაიონის მცხოვრებნი ტანჯვა-წამებას გადაარჩინა...
        ევროპარლამენტის მკვეთრი «ანტირუსული» განცხადებით ბრიუსელი აფხაზეთთან და «სამხრეთ ოსეთთან» უვიზო რეჟიმის შემოღებას აფასებდა, როგორც საქართველოს ტერიტორიების ანექსიას.
        შესაბამისად, რუსეთს კონტრზომების მიღება დასჭირდა და რაკი ვერ მიაღწია საქართველოსთან ისეთ ხელშეკრულების გაფორმებას, რომლითაც «უვიზო» რეჟიმი სეპარატისტულ რეგიონებთან დაკანონდებოდა, მესამე რეგიონში დააფიქსირა ანალოგიური პრეცედენტი.
        ეს არგუმენტი (საქართველოს თანხმობა ამაზე) გამოდგება საერთაშორისო ასპარეზზე პირველი პრეცედენტის გარკვეული საპირწონეს შესაქმნელად.
        საქართველოს ხელისუფლება დათანხმებოდა თუ არა ამას - რიტორიკული კითხვაა. ხევი კავკასიონის წყალგამყოფ ქედს მიღმა მდებარეობს. ზამთრის პერიოდში (განსაკუთრებით) და ზაფხულშიც იგი ათასი სასიცოცხლო ძაფითაა დაკავშირებული ვლადიკავკაზთან, რომელსაც მოხევეები «ძაუგს» უწოდებენ.
        სრულფასოვანი სავიზრო რეჟიმი ყაზბეგში ძალიან მწვავე პრობლემების მიზეზი გახდებოდა. უკვე გაისმა მოწოდებები რუსეთის მოქალაქეობის მასობრივად მიღების შესახებ.
        არ იქნებოდა გასაკვირი ამას სხვა, უფრო რადიკალური და მოულოდნელი მოთხოვნები მოჰყოლოდა.
        ეროვნულ-სახელმწიფოებრივ შეგნების დონე როდესაც ასეთი «ნიშნულისაა», კომპრომისი გარადუვალი ხდება.
        სხვათა შორის, ხევში ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლება ტრადიციულად ატარებს ძალიან ფრთხილ, მაგრამ გეგმაზომიერ, ეშმაკურ, შორსგამიზნულ, მიზანმიმართულ პოლიტიკას. გამომდინარე ისევ და ისევ ვლადიკავკაზზე ხევის მრავალმხრივი დამოკიდებულებიდან.
        ეს პოლიტიკა განსაკუთრებით სწორედ ბოლო დროს გააქტიურდა. ყაზბეგში ლარის სიმბოლურობასა და რუბლის, ისევე, როგორც რუსული აქციზიანი საქონლის შემოდინებაზე საუბარი საერთოდ არ ღირს, მაგრამ ზაფხულის მოახლოებასთან ერთად «სავიზრო რეჟიმი» ამ რეგიონში ძალიან სერიოზული პროცესების მაპროვოცირებელი გახდებოდა. ოსებმა ესეც ზუსტად გათვალეს, ხოლო თბილისისა და მოსკოვის კომპრომისმა შესაძლოა მათი გათვლები ჩაშალა: მოხევეები ვიზებს საზღვარზევე გააფორმებენ - არც ეს არის სასიკეთო მაინცდამაინც, მაგრამ იმას მაინც სჯობს, რაც ყაზბეგის რაიონში მოხდებოდა სრული იზოლაციის შემთხვევაში: ხევი სამხრეთისგან თოვლით იქნებოდა მოწყვეტილი, ხოლო ჩრდილოეთიდან - სავიზრო რეჟიმით.
        ამ ბერკეტს რუსეთი მომავალში კიდევ გამოიყენებს. ოღონდ ამაზე დროებით ზავი გაფორმდა.
        განსაკუთრებით ნიშანდობლივი იყო საპარლამენტო დისკუსია «მოსკოვურ ოქმზე», რომელიც ცხრა წლისწინანდელ ბობოქარ საპარლამენტო სხდომას მოგვაგონებდა - ვახტანგ რჩეულიშვილისა და რამაზან აბდულატიპოვის მიერ თბილისში (აფხაზეთთან დაკავშირებით) გაფორმებული ოქმის თაობაზე.
        თუმცა, ამჯერად ოპოზიციის პრეტენზიებს გარკვეულობა აკლდა: ხომ არ შეიძლება ერთი და იმავე ბლოკის წარმომადგენლები ხელისუფლებას, ერთი მხრივ, «კაპიტულაციაში» ადანაშაულებდნენ, ხოლო, მეორე მხრივ, «მეტისმეტ შეურიგებლობაში» რუსეთის მიმართ?!
        ან ერთი ან მეორე. Oორივე ერთად, დიდი მონდომების შემთხვევაშიც, განუხორციელებელია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ «ოპოზიციას» არანაირი პროგრამა არ გააჩნია, რაც შეუძლია «მოქკავშირის» კურსს დაუპირისპიროს.
        ასეთი პარადოქსული «ორსახოვნება» მხოლოდ პოლიტიკური ელიტის თავისებურება არ არის და სწორედ ამიტომ ხდება აუცილებელი «დაბალანსება» როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაში. როდესაც ორივე შეხედულების მომხრის დაკმაყოფილება ვერ ხერხდება, მაშინ სჯობს ორივე ოდნავ უკმაყოფილო იყოს და ამით ერთმანეთი «გააწონასწორონ».
        გარკვეული კეილისმყოფელი როლი უდავოდ იმანაც შეასრულა, რომ პარლამენტში განსახილველად შევიდა კანონპროექტები რუსეთის სამხედრო ბაზების «მიწის რენტით» დაბეგვრისა და რუბლის გამოყენების აკრძალვის თაობაზე, რამაც მოსკოვში შესამჩნევი შეშფოთება გამოიწვია - იმდენად, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადებაც კი გააკეთა ამის თაობაზე.
        თავისთავად არც პირველი და არც მეორე კანონი, საუკეთესო შემთხვევაშიც კი, იმპლიმენტაციაზე (ანუ რეალურად განხორციელებაზე) გათვლილი არ იყო.
        აბსოლუტურად არარეალურია, რუსეთის სამხედრო უწყებამ ან თვით რუსეთის სახელმწიფომ «ნატურით» (სამხედრო ტექნიკით) და ვალუტით გადაგვიხადოს საზღაური მიწის გამოყენებისთვის სამხედრო ბაზების დასაფუძნებლად.
        არადა, მთელ მსოფლიოში სწორედ ამ ფორმით ანაზღაურდება ბაზების გამოყენება.
        მაგალითად, ამერიკა ფილიპინებს სწორედ ამისთვის უხდის ყოველწლიურად ათეულობით მილიონ დოლარს. რუსეთი არაფერს გადაგვიხდის რასაკვივრელია.
        კიდევ უფრო ნაკლებ რეალურია, რუსმა სამხედრო მოსამსახურეებმა ხელფასი ლარებით მიიღონ, ოღონდ აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ თბილისში განლაგებული რუსული კონტინგენტის ოფიცრობა რუბლის მიღებისთანავე ცდილობს, იგი დოლარზე გადაახურდავოს, შემდეგ კი ლარზე, ვინაიდან დოლარიც და ლარიც რუსულ რუბლზე უფრო სტაბილურია.
        გარდა ამისა, საქართველოს ტერიტორიის უდიდეს ნაწილზე, გადახდის საშუალებად (თუ არ ჩავთვლით მსხვილ თანხებს) მხოლოდ ლარის გამოყენებაა შესაძლებელი - წავიდა ის დრო, როდესაც რუბლს სიხარულით იღებდნენ.
        ანუ კანონპროექტებს უფრო პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა «სავაჭროდ» რუსეთთან - ისევე, როგორც «ნულოვან ვარიანტს».
        მაგალითად, თუ საქართველოს პარლამენტი ამ კანონს მიიღებს, რუსეთს ორმხრივ ურთიერთობებში იგი სასაცილოდ არ ეყოფა და ერთ ცენტსაც არ გადაგვიხდის, მაგრამ, მეორე მხრივ, საერთაშორისო ასპარეზზე (იმავე პარიზის კლუბში) რუსეთისადმი ვალის რესტრუქტურიზაციის საკითხის განხილვისას საქართველოს შეეძლება აპელირება იმ გარემოებაზე, რომ რუსეთი თავის მხრივ არ იხდის მიწის რენტას, რაც პარლამენტის გადაწყვეტილებით მას დაეკისრა.
        ბუნებრივია, რუსეთის კონტრარგუმენტი იქნებოდა შესაბამისი ორმხრივი ხელშეკრულების არარსებობა, მაგრამ, როგორც თვით რუსები იტყვიან ხოლმე, შესაძლებელი გახდებოდა «დისკუსიაში ჩართვა». რუსეთი ხომ აშკარად ვერ იტყოდა, საქართველო დაპყრობილი მყავს და ბაზების გაყვანას არსადაც არ ვაპირებო.

დილის გაზეთი, 5 მარტი, 2001 წელი

მთელ გვერდზე