სავიზრო რეჟიმი, როგორც მეგობრობის იძულება
          

           გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ ანთიძე კიევიდან მოსკოვში ჩაფრინდა. უკრაინის დედაქალაქში იგი ქართული დელეგაციის შემადგენლობაში გაემგზავრა, რომელსაც სახელმწიფო მინისტრი გიორგი არსენიშვილი ხელმძღვანელობს.
           მოსკოვში კი ქართველი დიპლომატი რუსებმა დაპატიჟეს, «სავიზრო რეჟიმის» თაობაზე მოლაპარაკებათა გასამართად.
           წინა დღით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა საკმაოდ მკვეთრი განცხადება გააკეთა ამ საკითხზე. ახმეტელმა იგორმა (მისი ქართველი დედის ჭირიმე) აღნიშნა, რომ სავიზრო რეჟიმის გაუქმება, ან მის ამოქმედებაზე უარის თქმა (1 მარტიდან) უკვე ძალიან ძნელია, თუმცა, შესაძლებელია მას შემდეგ, რაც საქართველო ნებას დართავს რუსეთის არმიას, შეიჭრას პანკისის ხეობაში და გაანადგუროს იქ არსებული «ჩეჩნური ბაზები», ანუ გადაწვას ჩეჩნური სოფლები, (სადაც ჩეჩენი ეროვნების საქართველოს მოქალაქეები ცხოვრობენ), ამოჟლიტოს მოსახლეობა, გააუპატიუროს ქალები, ესე იგი ჩაატაროს ჩვეულებრივი «ზაჩისტკა», რაც რუსეთის არმიას არაერთგზის ჩაუტარებია ჩეჩნეთში.
           საქართველომ მის ასეთ საქვეყნო გაუპატიურებას თავჩაქინდრულმა უნდა უყუროს, სანაცვლოდ კი მიიღებს... სავიზრო რეჟიმის ფორმალურ გაუქმებას.
           ფორმალურს, ვინაიდან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური განკარგულებით, რუსეთის ტერიტორიაზე სამუშაოს მისაღებად, სულერთია, დამატებითი ნებართვაა საჭირო სნგ-ს ყველა ქვეყნის მოქალაქისთვის გინდ გქონია ვიზა და გინდ არა.
           რასაკვირველია, საქართველო ამას არ დაეთანხმება.
           მეორე წინადადება, რაც აგრეთვე იგორ ივანოვმა «გააჟღერა», სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის საკონსულოთა გახსნა იყო. თურმე ნუ იტყვით, რუსეთმა იმიტომ არ შემოიღო აფხაზეთთან და «სახმრეთ ოსეთთან» სავიზრო რეჟიმი, რომ ეს ანტიჰუმანური იქნებოდა აფხაზი და ოსი ხალხების მიმართ, მაგრამ რაკი საქართველო (ისევე, როგორც ევროპარლამენტი) ამას «ანექსიად» აფასებს, რაღა გაეწყობა: რუსეთმა შეიძლება კიდეც განიხილოს ამ მონაკვეთებზე სავიზრო რეჟიმის შემოღების საკითხი,
           თუ საქართველო დაეთანხმება საკონსულოების გახსნას, სადაც აფხაზეთისა და «სახმრეთ ოსეთის» მშრომელებმა შეიძლება დაუბრკოლებლად მიიღონ ვიზები.
           ასეთ შემთხვევაში «უვიზო რეჟიმს» მართლაც აზრი დაეკარგება, თანაც, ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშკარად იცრუა, როდესაც ევროპარლამენტის ხსენებული განცხადების პასუხად განაცხადა: «აქ არავითარი დისკრიმინაცია არ არის, ვინაიდან ფსოუსა და როკას საკონტროლო გამშვები პუნქტებით საქართველოს ყველა მოქალაქემ შეიძლება ისარგებლოს».
           სინამდვილეში, მოსკოვში შესანიშნავად იციან, რომ ფსოუს საკონტროლო გამშვები პუნქტით «საქართველოს ყველა მოქალაქე» ვერ ისარგებლებს, ხოლო «ზემო ზარმაგთან» (როკასთან) ოსი და რუსი მესაზღვრეები გულმოდგინედ ამოწმებენ, რათა შეღავათით ეთნიკურმა ოსებმა ისარგებლონ (უკიდურეს შემთხვევაში, ცხინვალში ჩაწერილმა ქართველებმა) და არა გორის ან თბილისის მცხოვრებლებმა).
           რა არის ეს, თუ არა რუსული ფაშიზმის გამოვლინება?
           მიუხედავად ზემოთქმულისა, რუსებს მაინც აწუხებთ 1 მაპრტთან დაკავშირებით რაღაც, - მათ ხომ თავად გამოიჩინეს ინიციატივა, რათა კონსულტაციები გაგრძელებულიყო.
           ძნელი მისახვედრი არ არის, რაშია საქმე - 1 მარტიდან ვიზები დასჭირდებათ არა მხოლოდ რუსეთში მუდმივად მცხოვრებ საქართვლეოს მოქალაქეებს, არამედ საქართველოში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებსაც, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეებს და მათი ოჯახის წევრებს. ნურავის ჰგონია, თითქოს ეს მცირე პრობლემა იქნება, განსაკუთრებით, ოფიცერთა შემადგენლობისათვის. თუ რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეთა დეპორტაციის პასუხად საქართველო ამ ბერკეტს აამოქმედებს, ჩვენს ქვეყანაში დისლოცირებულ რუსეთის ჯარების ჯგუფს სერიოზული პრობლემები შეექმნება - განსაკუთრებით თბილისში, სადაც ამ ჯგუფის «ელიტა» და სარდლობაა განლაგებული ოჯახებიანად.
           გარდა ამისა, 1 მარტიდან, მით უმეტეს, შესაძლებელი გახდება საქართველოს იმ მოქალაქეთა დადგენა, ვისაც (კონსტიტუციის დარღვევით) რუსეთის მოქალაქეობაც აქვთ.
           ორივე მიმართულებით საზღვრის გადაკვეთა უპრობლემოდ, უვიზოდ შეუძლიათ, მაგრამ კომპიუტერი მათ ხომ დააფიქსირებთ (კარგი იქნება, თუ ვალერი ჩხეიძისათვის ერთ კომპიუტერს მაინც გაიმეტებს სახელმწიფო, ლარსის საგუშაგოზე დასაყენებლად). ამის შემდეგ კი «ორმაგთა» ამოყრა ეკრანზე წამების საქმეა - გააჩნია «პენტიუმ III» იქნება თუ ძველისძველი «486». კიდევ ერთხელ დასტურდება, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის სწორედ ჩხეიძის უწყების გაძლიერებას.
           რაც შეეხება მოსკოვში მოლაპარაკებას, სარწმუნო წყაროთა ცნობით, რუსეთი სამხედრო მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრებისთვის სამსახურებრივი პასპორტების გაცემას მოითხოვს. უფრო ზუსტად, მას სურს, რომ საქართველომ აღიაროს ეს პასპორტები, როგორც უვიზო მიმოსვლის საშუალება.
           ქართული მხარე, პრინციპში თანახმაა, ოღონდ აფხაზეთისა და «სამხრეთ ოსეთის» მონაკვეთებზე უვიზრო რეჟიმის გაუქმების პირობით. რუსებს ამის გაგონებაც არ უნდათ - «თქვენი გულისთვის აფხაზ და ოს ძმებს ხომ არ ვაწყენინებთო.
           მაშასადამე, 1 მარტიდან სრულფასოვანი სავიზო რეჟიმი გარაუვალია. მხარეები, ალბათ, ერთმანეთის მოქმედებას დააკვირდებიან: თუ რუსეთი ტერორს არ გააჩაღებს რუსეთში მცხოვრები ქართველების წინააღმდეგ, საქართველო არ შეუქმნის პრობლემებს რუს სამხედროებს და მათი ოჯახის წევრებს.

დილის გაზეით, 24 თებერვალი, 2001 წელი

მთელ გვერდზე