სავალუტო ფონდი შორიდან დაგვაკვირდება
       

        საერთაშორისო სავალუტო ფონდის საშუალედო მისიამ საქართველოში მუშაობა დაასრულა. გუშინ შეხვედრა გაიმართა ფინანსთა მინისტრთან და ეკონომიკური ბლოკის სხვა წარმომადგენლებთან. დევიდ ოუენს არც დაუმალავს: თუ მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების პროცესი კიდევ გაჭიანურდებოდა, მისია საერთოდ არ ჩამოვიდოდა საქართველოში, ანუ მსჯელობა საკრედიტო ხაზის აღდგენის შესახებ (ლაპარაკია «მსჯელობა, დისკუსიაზე» და არა გადაწყვეტილებაზე), 2001 წლის გაზაფხულამდე მაინც გადაიწევდა.
        ამჟამინდელი მისიის კრახის შემთხვევაშიც, მორიგი ტრანშის საკითხს სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭო აპრილ-მაისში განიხილავს. უმთავრესი პრობლემა ისევ და ისევ ბიუჯეტია. კვლავ მეორდება ჩვეული ვითარება: საერთაშორისო სავალუტო ფონდიN (რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს) მოითხოვს, შემოსავალი «ზომიერად» დაიგეგმოს, რათა იგი «შესრულებადი» იყოს, ხოლო ეკონომიკური ბლოკი ოპტიმიზმს ამჟღავნებს და «მაქსიმუმით» გეგმავს შემოსავალს.
        არადა, გაუგებარია, რა ქმნის ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს, როდესაც 1997 წელს, გაცილებით უკეთესი ეკონომიკური კონიუნქტურის პირობებში, ასეთივე «დასაბუთებული ოპტიმიზმის» საფუძვეზე, მთავრობამ დაგეგმა «საპრეზიდენტო ფონდი», რომელიც ლამის ბიუჯეტის 1/3 იყო. ესე იგი, ბიუჯეტის ავტორებს იმედი ჰქონდათ, რომ მესამედით გადააჭარბებდნენ ფონდთან შეთანხმებულ პარამეტრს.
        1997 წლის ბოლოსთვის თვით ბიუჯეტიც კი ვერ შესრულდა, რამაც სერიოზული დარტყმა მიაყენა ფონდში საქართველოს რენომეს. დღეს იგივე მეორდება, ოღონდ ნაკლები მაშსტაბით, თუმცა, არსს ეს არ ცვლის.
        შემოსავლები 2002 წლის ბიუჯეტში დაგეგმილია ერთი მილიარდ 88 მილიონი ლარის დონეზე. სავალუტო ფონდის პროგნოზი გაცილებით ნაკლებია: დაახლოებით, 950 მილიონი. გასათვალისწინებელია, რომ ექსპერტები საეჭვოდ მიიჩნევენ გაისად ორი დიდი ობიექტის პრივატიზებას: ტელეკომუნიკაციების მსოფლიო ბაზარი სრულმა სტაგნაციამ მოიცვა. ამდენად, ძალიან მცირეა შანსი, რომ საქართველოს ქონების მართვის სამინისტრო შეძლებს «ტელეკომისა» და «ელექტროქსელების» გაყიდვას. ესე იგი, ბიუჯეტის «გაზრდილი» მაჩვენებლების შესრულებას ამიტომაც შეექმნება საფრთხე. სავალუტო ფონდი ამასაც ითვალისწინებს. არ არის გასაკვირი, თუ სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებისას წარმოიშვა სერიოზული (უკვე ტრადიციული) წინააღმდეგობა ფინანსთა სამინისტროსა და საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს შორის. ლევან ძნელაძის უწყებამ სავალუტო ფონდის პარამეტრის დაცვა მოითხოვა, რადგან უფრო ადვილი შესასრულებელია, ანუ უფრო რეალისტურია. ძირითადად, ლაპარაკია 40-50 მილიონ ლარზე. საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო რეალისტურად მიიჩნევს ერთი მილიარდ 40 მილიონი ლარის აკრეფას.
        ვითარებას ართულებს წლევანდელი ბიუჯეტის მორიგი სეკვესტრის აუცილებლობა კიდევ 60-70 მილიონი ლარით, რაც დაძაბულ ფონს შექმნის პარლამენტში. არავის აქვს იმედი, რომ 2002 წლის ბიუჯეტის დამტკიცება საკანონმდებლო ორგანოში წელსვე მოესწრება, მათ შორის, არც საერთაშორისო სავალუტო ფონდს. მომავალ ბიუჯეტთან დაკავშირებით კი მრავალი სერიოზული პრობლემა არსებობს. მაგალითად, ადგილობრივი წარმოების სიგარეტის თემა (რამაც დაასაქმა ასეულობით ადამიანი, თუმცა, შეამცირა იმპორტი და, 60 მილიონი ლარის ნაცვლად, მხოლოდ 35 მილიონი მივიღეთ). აგრეთვე, სერიოზულია ზარალი, რაც ეროვნულმა ბანკმა ნახა (დაახლოებით, 9 მილიონი ლარი) ეროვნული ვალუტის კურსის შემცირების შედეგად. ქვეყნის მთავარი ბანკი არათუ ყიდულობს ვალუტას (როგორც წლის პირველ 9 თვეში), არამედ სავალუტო რეზერვს ამცირებს, რაკი იძულებულია, მთავრობას (ფინანსთა სამინისტროს» დამატებითი კრედიტები გამოუყოს. ეკონომიკის სამინისტრო მაინც ოპტიმისტურადაა განწყობილი. გიორგი გაჩეჩილაძეს მიაჩნია, რომ გაისად მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემი დაგეგმილ 3 პროცენტზე მნიშვნელოვნად მეტი იქნება.
        არ არის გამორიცხული («ოპტიმისტებს» იმედი აქვთ), რომ კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლა გაძლიერდება, თუმცა, ასეთი ბრძოლა ათიათასობით ადამიანის უკმაყოფილების სერიოზულ რისკსაც ნიშნავს.

დილის გაზეთი 19 დეკემბერი, 2001 წელი

მთელ გვერდზე