სავალუტო ფონდი ჭოჭმანობს
       

        სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მისიათა ერთობლივი ვიზიტები საქართველოში იშვიათობა არ არის, თუმცა, დაკვირვებული თვალი, რა თქმა უნდა, უმალვე შენიშნავდა (დიდი ხანია, ყველგან შენიშნა კიდეც), რომ ეს ორი ორგანიზაცია შეხმატკბილებით როდი თანაცხოვრობენ ვაშინგტონსა და მთელ მსოფლიოში.
        მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი (მიაქციეთ ყურადღება) ცალ-ცალკე ხვდებოდნენ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს. აქ გასაკვირიც არაფერია: მიუხედავად იმისა, რომ ბანკსა და ფონდს ფულის ერთი წყარო აქვთ, მათი ფუნქცია და დანიშნულება მნიშვნელოვნად განსხვავდება: სავალუტო ფონდი განვითარებად (ასე ვთქვათ, «საკურატორო») ქვეყანაში ქმნის მაკროეკონომიკური სტაბილურობას, ხოლო მსოფლიო ბანკი ზრუნავს საბიუჯეტო პროგრამებზე, ანუ უშუალოდ დარგობრივ განვითარებაზე.
        ბანკის უპირველესი საზრუნავია სოციალური სფერო, მათ შორის განათლება და ჯანდაცვა.
        ბუნებრივია, ბანკსა და ფონდს შორის ხშირად წარმოიშობა კორპორაციული კონფლიქტი, რისი კლასიკური მაგალითიცაა ის, რაც ამჟამად ხდება საქართველოში. ოღონდ ნურავინ იფიქრებს, თითქოს ფონდი და ბანკი (საქართველოში ან სხვაგან) თანასწორუფლებიანი არიან. დიდ სპონსორთა მიერ დაწესებული არაფორმალური იერარქიის შესაბამისად, სავალუტო ფონდის ვერდიქტი განმსაზღვრელია საბოლოოდ და გასაჩივრებას თითქმის არ ექვემდებარება - თუ, რასაკვირველია, «დიდმა შვიდეულმა» არ მიიღო სხვა გადაწყვეტილება.
        ან, უპირველესად, ამერიკის კონგრესმა.
        ერთადერთი, რაც აერთიანებს ამ ორ, თხემით ტერფამდე ბიუროკრატიულ ორგანიზაციას, არის მონეტარიზმის იდეოლოგია.
        ოღონდ, თუ საერთაშორისო სავალუტო ფონდი დღენიადაგ (ამჟამადაც) მოითხოვს საქართველოს მთავრობისგან ხარჯების შეკვეცას, მსოფლიო ბანკის მოთხოვნა საპირისპიროა - სოციალური სფეროს დაფინანსებისთვის ხარჯების ზრდა.
        ობიექტურად არსებული კორპორაციული ინტერესები ამჟამადაც შეეჯახა ერთმანეთს საქართველოში. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მართლაც მოითხოვა ხარჯების შეკვეცა, ოღონდ არა დაუყოვნებლივ, არამედ წლის ბოლომდე - უმთავრესად, იმის გამო, რომ ვერა და ვერ მოხერხდა ტელეკომუნიკაციათა მსხვილი ობიექტების პრივატიზება.
        გერმანულმა «კომერცბანკმა» ვერ იპოვა მყიდველი, რომელიც მეტ-ნაკლებად ხელსაყრელ თანხას გადაიხდიდა.
        ამ პრივატიზების ჩაშლის გამო, 2001 წლის ბიუჯეტში უზარმაზარი ხვრელი გაჩნდება, რისი ამოვსებაც შეუძლებელი იქნება მხოლოდ გადასახადების ამოღებით.
        3 თვის წინათ შეთანხმებული «მიკროპროგრამა», ასე თუ ისე, სრულდება, საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო ყოველთვე 75-80 მილიონ ლარს რიცხავს ბიუჯეტში, რაც რეალური საგადასახადო ბაზის, დაახლოებით, მესამედია.
        დანარჩენს «ჩრდილოვანი ეკონომიკა» შთანთქავს. ამის მიუხედავად, სავალუტო ფონდი მაინც არ გამორიცხავს «დიდი პროგრამის» აღდგენას სექტემბრისთვის, თუ საგადასახადო შემოსავლების რაოდენობა დღევანდელ დონეზე შენარჩუნდება.
        მაგრამ ფონდმა შეიძლება მოითხოვოს წინა წლების დავალიანებათა გადახდის შეჩერება- ყოველ შემთხვევაში, მანამდე მაინც, სანამ პრივატიზების საკითხები გაირკვევა.
        ფონდის აქტიურობას საქართველოში გარკვეული დაძაბულობის ელფერი დაჰკრავს. იმიტომაც, რომ ჩვენს (და არა მხოლოდ ჩვენს, არამედ მრავალი მეზობელი ქვეყნის) თავს «დამოკლეს მახვილივით» ჰკიდია თურქული დეფოლტის ზვავი.
        თუ ეს ზვავი მოწყდა, საქართველოს უდიდესი უბედურება ელის, გაცილებით მეტი, ვიდრე რუსეთის 1998 წლის კრიზისის შემდეგ.
        ფონდი ამას გრძნობს და ისიც შესანიშნავად იცის, რომ ბევრით ვერაფრით დაგვეხმარება - თურქეთში უკვე 15 მილიარდი დოლარი შთაინთქა.
        ამ ვითარებაში, შესაძლებელია, მცირე წარმატების საფასურად პროგრამა მართლაც აღგვიდგინონ. მაგრამ, ვაითუ, ეს საკმარისი არ აღმოჩნდეს.

დილის გაზეთი, 31 ივლისი, 2001 წელი

მთელ გვერდზე