საპარლამენტო დეტექტივი
       

        ხმაურითა და გნიასით დაწყებული პოლიტიკური პროცესი გასულ კვირას, როგორც მოსალოდნელი იყო, დიდი აურზაურით დასრულდა - ეპილოგში ისეთი დეტექტივი ჩაიხლართა, ამ ჟანრის კლასიკოსებს: კონან დოილსა და აგატა კრისტისაც შეშურდებოდათ.
        პარლამენტი მზად იყო, ფაქტობრივად, «კონსენსუსით» მიეღო თვითმმართვლეობის კანონი, რომელიც ითვალისწინებდა რაიონებში პროპორციული წესით საკრებულოს არჩევას და გამგებლის დანიშვნას არჩეული საკრებულოს შემადგენლობიდან.
        ბუნებრივია, ყველა საკრებულოში «მოქალაქეთა კავშირი» უბრალო, მით უმეტეს, აბსოლუტურ უმრავლესობას ვერ მოიპოვებდა.
        აქედან გამომდინარე, ბევრ რაიონში პრეზიდენტი შევარდნაძე იძულებული გახდებოდა, დაენიშნა «ოპოზიციური გამგებელი». დანიშვნითობის გამო, ეს უკანასკნელი, შესაძლოა საფრთხეს ვერ შეუქმნიდა «სახელისფლებო ვერტიკალს,» მაგრამ პარტიული თვალსაზრისით, ამგვარი დისპოზიცია, «მოქალაქეთა კავშირისათვის» უაღრესად არახელსაყრელი იქნებოდა.
        სწორედ ამიტომ გაილაშქრა მმართველი პარტიის ელიტამ მცირე ხნის წინ «ხატიძის კომპრომისის» წინააღმდეგ, რაც სინამდვილეში, ალბათ, მაინც «პრეზიდენტის კომპრომისი» იყო. მაგრამ ედუარდ შევრადნაძემ შეძლო დაერწმუნებინა თანაპარტიელები, რომ ოპოზიციასთან მიღწეული კომპრომისი უფრო «ძვირი ღირდა».
        ამრიგად, საგანგებო სხდომაზე ყველაფერი თითქოს მზად იყო კომპრომისის გასაფორმებლად - «უმრავლესობა» და «უმცირესობა» მიიღებდნენ «თვითმმართველობის კანონს» პირველი მოსმენით, შემდეგ დაიწყებდნენ მსჯელობას «საარჩევნო კოდექსზე».
        ეს ძალზე ხელსაყრელი ჩანდა «ოპოზიციისთვის» და აი, რატომ: არანაირი ვალდებულება «საარჩევნო კოდექსთან» მიმართებაში მათ არ ჰქონიათ - თუ «მოქალაქეთა კავშირი» არ წავიდოდა კომპრომისზე ამ საკითხში, მაშინ ოპოზიციას ყოველთვის ექნებოდა შანსი განეხორციელებინა ბოიკოტი, ხოლო უმრავლესობა ვეღარ დაუბრუნდებოდა «თვითმმართველობის» იმ ვარიანტს, რაც ოპოზიციას ხელს კატეგორიულად არ აძლევდა.
        რაკი კანონი «თვითმმართვლეობის» შესახებ უკვე მიღებული იქნებოდა პირველი მოსმენით, «უმრავლესობა» იძულებული გახდებოდა, მეორე და მესამე მოსმენით, 118 ხმით მაინც ეს კანონი მიეღო.
        ყოველ შემთხვევაში, «პირველი მოსმენით» მიღებულ კანონზე უარის თქმა და სხვა კანონის მიღება ხომ გაცილებით გაუჭირდებოდა, ვიდრე ის, რაც რეალურად მოხდა: მმართველმა პარტიამ ოპოზიციის დემარშის შემდეგ სრულიად სხვა კანონი მიიღო პირველი მოსმენით და აბსოლუტურად ლოგიკურად მოიქცა!
        «ოპოზიცია» ორმაგად მოიგებდა: ერთი მხრივ, აიძულებდა ხელისუფლებას, მიეღო მისთვის (ოპოზიციისთვის) მეტნაკლებად სასარგებლო «თვითმმართველობის» მოდელი («პროპორციული» არჩევნებით), მეორე მხრივ კი, «ბოიკოტირების» რესურსსაც (ყველა თვალსაზრისით) შეინარჩუნებდა.
        სინამდვილეში მოვლენები სულ სხვაგვარად წარიმართა და თვით ოპოზიციის ძალისხმევით მოხდა ის, რაც ყველაზე მეტად აძლევდა ხელს «მოქალაქეთა კავშირს» და ყველაზე ნაკლებად - ოპოზიციას.
        ძნელი გასათვლელი არ იყო, რომ ჯერ კიდევ «პირველ მოსმენამდე» პარლამენტის სხდომისათვის ბოიკოტის გამოცხადება დაანგრევდა არა მხოლოდ «უმცირესობა-უმრავლესობის» მყიფე კომპრომისს, არამედ, პრეზიდენტსა და მისი პარტიის ელიტას შორის მიღწეულ შეთანხმებას, რომლის არსი იმავე კომპრომისის შენარჩუნება გახლდათ.
        ოპოზიციის ამ (პირდაპირ რომ ვთქვათ) ყოვლად უნიათო და სულელურმა დემარშმა ყოველგვარი პოლიტიკური პასუხისმგებლობა მოუხსნა ხელისუფლებას და საშუალება მისცა მიეღო მისთვის იდეალური «თვითმმართველობის» მოდელი: როდესაც ერთი მხრივ, არჩევნები ტარდება მაჟორიტარული წესით (რაიონის საკრებულო შედგება პირველი დონის თვითმმართველობათა თავკაცებისგან), ხოლო მეორე მხრივ, გამგებელი ინიშნება პრეზიდენტის მიერ.
        ამაზე უკეთესს ხელისუფლება ვერც კი ინატრებდა:
        ძნელი განსაჭვრეტი არც ის არის, რომ მომავალი საკრებულოები «პარტიული» აღარ იქნება და მისი შემადგენლობიდან სავსებით შესაძლებელია ცენტრალური ხელისუფლებისადმი ლოიალური პიროვნების შერჩევა.
        კაცმა რომ თქვას, ქვეყნის ობიექტური ინტერესებიდან გამომდინარე, ასეთი მოდელი დღეს უფრო მიზანშეწონილი ჩანს. საქართველოში «ადგილობრივი თვითმმართვლეობის» პროპორციული წესით არჩევა ელემენტარული აბსურდია - სინამდვილეში ეს ემსახურება არა «ადგილობრივი დემოკრატიის» განვითარებას, არამედ, ისევ და ისევ, ჩვენი პოლიტიკური ოლიგარქიის გაძლიერებას. ანუ იმ «პოლიტოკრატიის» ინტერესებს, რომელმაც 1988 წლიდან დაგვაქცია, გაგვანადგურა და ვერა და ვერ მოვიშორეთ თავიდან.
        რასაკვირველია, «მოქალაქეთა კავშირმა» ბოლომდე ამომწურავად ისარგებლა შექმნილი ხელსაყრელი ვითარებით და «თვითმმართველობის კანონს» ზედ მიაყოლა «საარჩევნო კოდექსი».
        იმედი ვიქონიოთ, ამით დასრულდა მრავალგზის გაუპატიურებული საარჩევნო კანონმდებლობის ათწლიანი მარტვილობა - თუმცა, ეს მაინც საეჭვოა. უფრო მეტად სავარაუდოა, რომ 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოების კვალობაზე, ეს კანონმდებლობა კვლავ შეიცვლება.
        მიღებული კოდექსი კი ითვალისწინებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებას არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებით, რომელითაც (ეს ძალიან მნიშვნელოვანი დაზუსტებაა) საქართველოში არჩევნების მონიტორინგის გამოცდილება აქვთ. მაგრამ კონკრეტული შემადგენლობის დამტკიცება უნდა მოხდეს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ორი მესამედით, ანუ, ფაქტობრივად, საკონსტიტუციო უმრავლესობით.
        «ოპოზიციას» აქაც ჰქონდა შესაძლებლობა, მისთვის მეტ-ნაკლებად მისაღები კანონი შეემუშავებინა: ყოველ შემთხვევაში, თუ «უმრავლესობა» იძულებული გახდა გაეთვალისწინებინა ადრე გამოთქმული მოთხოვნები (2/3 და სხვა) იმ ვითარებაში, როცა ოპოზიცია სხდომას არ ესწრებოდა, მით უმეტეს იქნებოდა იძულებული, დათმობებზე წასულიყო კონსულტაციების პროცესში.
        Aანუ, ოპოზიციამ ერთდროულად რამდენიმე შანსი გაუშვა ხელიდან.
        ეს თემა სპეციალურად გამოსაკვლევია: რა გახდა ესოდენ მძიმე (თანაც, როგორც ჩანს გამოუსწორებელი) შეცდომის მიზეზი?
        საგანგებო სხდომის დღეს, 15 საათამდე, ყველაფერი შეთანხმებული პროგრამით ვითარდებოდა. შემდეგ კი სიუჟეტში «პროფესორი მორიარტი» ჩაერთო.
        მაინც ვინ იყო ეს იდუმალი ფიგურა, ან რა იყო ის ზემძლავრი ფაქტორი, რამაც ძლივს შეკოწიწებული კონსტრუქცია ერთი დარტყმით დააქცია და ვითარება ძირფესვიანად შეცვალა ხელისუფლების სასარგებლოდ?
        რამ განაპირობა ამ შემთხვევაში «მოქალაქეთა კავშირისა» და პირადად ზურაბ ჟვანიას ტრიუმფი?
        ოპოზიციონერები თავს ნუ მოიტყუებენ - პოლიტიკით დაინტერესებული მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მომხდარი სწორედ ასე აღიქვა. არანაირი «უზურპაციის» განცდა მას არ აქვს, რაკი უმცირესობამ თავად ჩაშალა მიღწეული შეთანხმება!
        ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ყველაფერი «თავდაყირა დადგა», მაშინ, როდესაც პროცესში ასლან აბაშიძე ჩაერია!
        «ბათუმური ბლოკის» ლიდერი ჩინეთში კი იმყოფებოდა, მაგრამ იქიდანაც (ისევე, რგორც ყოველთვის) ყურადღებით ადევნებდა თვალს თბილისში მოვლენათა განვითარებას. ინფორმატორები კი არ აკლია - ერთდროულად რამდენიმე წყარო აწვდის საჭირო ცნობებს.
        საქმე ის გახლავთ, რომ ასლან აბაშიძეს კატეგორიულად არ აძლევდა ხელს «თვითმმართველობის» შეთანხმებული (ანუ ხელისუფლება-ოპოზიციის კონსენსუსის გამომხატველი) კანონის მიღება და აი, რატომ: ჯერ ერთი, აჭარის ლიდერისთვის «ავტონომიაში» გაცილებით ხელსაყრელია ადგილობრივი თვითმმართვლეობის არა პროპორციული, არამედ, მაჟორიტარული არჩევნების ჩატარება, ანუ, სწორედ იმ სქემით, რასაც უკვე მიღებული და დამტკიცებული კანონი ითვალისწინებს.
        ამასაც თავისი ახსნა აქვს. თავად განსაჯეთ: თუ რაიონული საკრებულოს არჩევნები «პროპორციული სიებით» გაიმართებოდა, მაშინ ასევე უნდა გამართულიყო აჭარაშიც. მაშასადამე, დაუყოვნებლივ დაისმებოდა «აღორძინების ბლოკის» ერთიანობის საკითხი. აჭარის ისტებლიშმენტი (და თვით ასლან აბაშიძე) არაფრის დიდებით არ დაუშვებდა «თბილისური პარტიების» მონაწილეობას აჭარის «ადგილობრივ საკრებულოთა» დაკომპლექტებაში.
        იმავდროულად, ტრაგიკომიკურ სიტუაციას შექმნიდა, თუ «აღორძინების ბლოკი» ერთიანი იქნებოდა საქართველოს სხვა რეგიონებში და ცალ-ცალკე მიიღებდა მონაწილეობას აჭარის რაიონული საკრებულოების არჩევნებში, ან იქ მხოლოდ საკუთრივ «აღორძინების პარტია» მიიღებდა მონაწილეობას.
        შეგახსენებთ: 1998 წლის «ადგილობრივ არჩევნებში», სწორედ ამ მიზეზით, «ბლოკის» შემდგომმა სუბიექტებმა ცალ-ცალკე იყარეს კენჭი. გაერთიანება კი მხოლოდ «საპარლამენტო არჩევნების» წინ მოხდა.
        მეორე მხრივ, «მაჟორიტარული» არჩევნების ჩატარება აჭარაში რესპუბლიკის მეთაურისთვის არანაირი პრობლემა არ არის - პირიქით, მისთვის ესეც კი უფრო ხელსაყრელია, ვინაიდან «ასოცირებული საკრებულო გაცილებით ადვილად სამართავია ბათუმიდან, მითუმეტეს «ავტონომიის» რვალიების გათვალისწინებით.
        ეს ერთი მიზეზი.
        მეორე კი უდავოდ ის გახლდათ, რომ ასლან აბაშიძეს ძლაიან არ მოსწონდა «შეთანხმებული პროექტის» ჩანაწერი - გარკვეულ ვადაში ქვეყნის რეგიონული მოწყობის განსაზღვრის შესახებ.
        ამის პირდაპირ თქმას იგი ვერ შეძლებდა, ვინაიდან ეს მისივე «თანაბლოკელი» კაკო ასათიანის კატეგორიული წინადადებაა, მაგრამ თვისებრივად აჭარის «ავტონომიის» რეგიონული ელიტისა და თვით ასლან აბაშიძისთვის, როგორც ამ ელიტის ინტერესთა უერთგულესი გამომხატველისთვის, აბსოლუტურად მიუღებელია აჭარის ტოლფასი რეგიონების ინსტიტუირება საქართველოს ტერიტორიაზე.
        სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ეს მათი ინტერესი, ამ შემთხვევაში, ობიექტურად კიდეც ემთხვევა საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, ვინაიდან რეგიონალიზმის დამკვიდრება საქართვლეოში უბრალოდ საშიშია:
        რეგიონალიზმი ბუნებრივია იმ ერისათვის (მაგალითად, გერმანელებისთვის), რომელსაც ეთნიკური კონსოლიდირების პრობლემა ისტორიულად გადაწყვეტილი აქვს და ტრაიბალისტური პრობლემები არ აწუხებს.
        საქართველოში კი «რეგიონალიზმმა» შეიძლება «რეგიონული ეთნოიდენტიფიკაციის» პროცესის განვითარებას შეუწყოს ხელი - მაშინ, როდესაც საერთოსახელმწიფოებრივი ეთნოიდენტიფიკაციის პროცესი დასრულებულიც არ არის.
        მაგალითად, «კახურ ეთნოიდენტიფიკაციას» გაცილებით უფრო ხანგრძლივი ისტორიული ტრადიცია აქვს, ვიდრე «საერთოქართულს».
        ეს სამწუხარო რეალობაა, მაგრამ რეალობაა.
        თითქოს სხვა საქმეა, თუ რეგიონები შეიქმნება არა ეთნიკურ-ისტორიული ტრადიციის შესაბამისად, არამედ ეკონომიკური ნიშნით, რაც ნამდვილად ვერ მოხერხდება და ამის მცდელობა ისეთ პრობლემებს შექმნის, რომელთა არათუ გადაწყვეტის მექანიზმი, არამედ არსებობაც კი ვერ წარმოგვიდგენია ჯერჯერობით.
        ასეა თუ ისე, თვითმმართველობის კანონი მიუღებელია. მართალია, იგი არ ადასტურებს რაიონების ინსტიტუირებას, მაგრამ არც «რეგიონიზმისა» და «ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის» განსაზღვრის ვადებს აწესებს.

დილის გაზეთი, 6 აგვისტო, 2001 წელი

მთელ გვერდზე