სამშვიდობო ძალების გაყვანა არ მოხერხდება
        ამას არც არავინ აპირებს
       

        გუშინ საქართველოს პრეზიდენტი ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დელეგაციას შეხვდა. უმთავრესი თემა ისევ და ისევ აფხაზეთში განვითარებული მოვლენები იყო. როგორც ცნობილია, კოდორის ხეობის მიმდებარე მთებში გრძელდება ლოკალური შეტაკებები ქართულ-ჩეჩნურ (უფრო ზუსტი იქნებოდა, გვეთქვა, ქართულ-ჩრდილოკავკასიურ) ფორმირებებსა და სეპარატისტთა დაჯგუფებებს შორის.
        ჭორები «სოხუმის აღების შესახებ», რა თქმა უნდა, იმაზე იყო გათვლილი, რომ საქართველოს თავდაცვის თავდაცვის სამინისტროს გაძვალტყავებული, დაუფინანსებლობისაგან მშიერ-ტიტველი ნაწილები ჩართულიყვნენ ბრძოლებში - «საზოგადოებრივი აზრის ზეწოლის შედეგად».
        მაგრამ, კიდევ კარგი, ამ «საზოგადოებრივმა აზრმა» 15 წლის განმალვობაში ჭკუა ისწავლა, რაკი მისი «ზეწოლის» შედეგად ათასი სისულელე იქნა ჩადენილი მთელი ამ წლების განმავლობაში და ქვეყანაც მრავალგზის დაიღუპა, თუ უკვე საბოლოოდ დაღუპული არ არის.
        ამიტომ, მადლობა ღმერთს, ხსენებული «საზოგადოებრივი აზრი» აღარ «აწვება» ხელისუფლებას და აღარ აიძულებს მას, დესანტი გადასხას სოხუმში. ანუ ამ თვალსაზრისით, «საინფორმაციო მოწოდება», - არიქა, სოხუმი ავიღეთ, გაგრას ვიღებთ და ჯარი მოგვაშველეთო, ფუჭი აღმოჩნდა.
        გამოიკვეთა სეპარატისტთა ტაქტიკაც: მნიშვნელოვანი დანაკარგის შემდეგ, ისინი ცდილობენ ჩეჩნურ-ქართულ ფორმირებებს გზა გაუხსნან მდინარე კოდორის ზედა წელისაკენ, რათა ჰქონდეთ საშუალება, განაცხადონ, რომ ბანდა განდევნილია აფხაზეთის ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან კოდორის ხეობის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს.
        ამით შეექმნებათ «ალიბი» რუსეთთან, რომ მათ ყველაფერი იღონეს ბანდის გასანადგურებლად, «მოძმე ჩეჩნებთან» ურთიერთობის გაფუჭებასაც არ მოერიდნენ, მაგრამ რაკი მოსკოვმა უშუალო სამხედრო დახმარებაზე უარი განაცხადა და, პირიქით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაადასტურა, მხოლოდ ისღა მოახერხეს, რომ ჩეჩნები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე განედევნათ.
        მეორე მხრივ, ჩეჩნების კოდორში დარჩენა რუსეთსაც ხელს აძლევს. მით უმეტეს, კოდორის ხეობის ქართულ სოფლებთან, სადაც ოფიციალური თბილისის იურისდიქცია ვრცელდება და პრეზიდენტის რწმუნებული მოქმედებს, რათა ჰქონდეს საშუალება მუდმივი «პროპაგანდისტულ-დიპლომატიური» შეტევა განახორციელონ საქართველოს წინააღმდეგ.
        მაშასადამე, დიდი სიზუსტით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მთელი ეს პროცესები სწორედ ასე დასრულდება. აფხაზური შეიარაღებული ფორმირებები, ავიაციის გეგმაზომიერი გამოყენებით («თოვლის ბაბუამ» ჩამოუტანათ ვერტმფრენები და ავიაგამანადგურებლები მურმანსკიდან) შეძლებენ გილაევის რაზმისა და მასთან მიერთებული ქართული პარტიზანული ფორმირებების გაფანტვას. რუსეთის საზღვარი ყარაჩაი-ჩერქეზეთის მონაკვეთზე ისეა დანაღმულ-გამაგრებული, ეს რაზმი ჩრდილოეთში გადასვლას ვერაფრით შეძლებს, ანუ ზამთრის მოახლოებისა და აცივებისთანავე, იძულებული გახდება კოდორის ხეობის ქართულ სოფლებს შეეკედლოს.
        ამასობაში, თბილისში არ წყდება საუბარი რუსეთის სამშვიდობო ჯარის გაყვანის შესახებ. თუმცა, თუ ყურადღებით დავაკვირდებით, უეჭველად, დარწმუნდებით, რომ სინამდვილეში, ამ ჯარების გაყვანას საქართველოს ხელისუფლება, მადლობა ღმერთს, არსადაც არ აპირებს.
        «რუსის ჯარის» ენგურიდან გაყვანა უეჭველად ნიშნავს ფართომაშტაბიანი ომის დაწყებას - იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქართველოს ხელისუფლება ამის წინააღმდეგი იქნება. მას, უბრალოდ, პარტიზანები აიძულებენ. დაიწყოს ომი: განახორციელებენ დარტყმებს გალის რაიონში, პასუხად სეპარატისტები «გრადის» დანადგარებიდან დაბომბავენ ზუგდიდს (რასაც დღეს ვერ აკეთებენ სწორედ სამშვიდობო ჯართა ყოფნის გამო) და ა.შ..
        თუ ფართომაშტაბიან ომს ვიწყებთ, მაშინ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. მაგრამ ძალიან საეჭვოა, ხელისუფლება ამაზე წავიდეს, ამიტომ იგი უკვე დგამს გონივრულ ნაბიჯებს, რათა გაამართლოს რუსეთის სამშვიდობო ჯარების დარჩენა კონფლიქტის ზონაში. მაგალითად, გუშინ პრეზიდენტი შეხვდა ეუთოს დელეგაციას ლივიუ ბოტას ხელმძღვანელობით. შესვენებისას ითქვა, რომ საქართველო აყენებს სამშვიდობო ოპერაციის ფორმატის შეცვლის საკითხს. ახალი ფორმებით სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობა შეიძლება მიიღონ უკრაინამ, თურქეთმა, თუნდაც ავსტრალიამ, მაგრამ ეს, უეჭველად იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება ომის დაწყებას არ აპირებს - აბა, რა მნიშვნელობა აქვს რუსეთის სამშივდობო ძალები იდგებიან ენგურზე, კანადური თუ ჩინური - რაკი ისინი მხოლოდ მხარეთა «დაშორიშორებით» იქნებიან დაკავებულნი?
        სხვაგვარი სამშვიდობო ოპერაცია კი აფხაზეთში წარმოუდგენელია - ჩვენს ნაცვლად და მაგივრად სეპარატისტულ შეიარაღებულ ფორმირებებს ომს არავინ დაუწყებს.
        ეუთო ვერ შეძლებს მიიღოს გადაწყვეტილება აფხაზეთში ახალი სამშვიდობო ოპერაციისა და სხვა ქვეყნების (რუსეთის გარდა) სამშვიდობო ძალების გამოგზავნის შესახებ, რუსეთი ამ გადაწყვეტილებას ვეტოს დაადებს საბოლოოდ (ვეტოს უფლება მას გაეროშიც აქვს და ეუთოშიც), მაგრამ მთელ ამ პროცესს ერთი-ორი წელი მაინც დასჭირდება, გაიმართება მოლაპარაკებები, კონსულტაციები - უკრაინასთან, სხვა ქვეყვნებთან, ეუთოს ხელმძღვანელობასთან და ა.შ.
        რასაკვირველია, ამ ხნის განმალვობაში რუსეთის სამშვიდობო ჯარები კონფლიქტის ზონაში დარჩებიან, ვინაიდან ხელისუფლება არ მოითხოვს მათ გაყვანას, ანუ არ გააგზავნის დსთ-ს სამდივნოში შესაბამის უწყებას.
        მხოლოდ პარლამენტის დადგენილება კი საამისოდ საკმარისი არ არის. მეორე მხრივ, თუ კიდეც მოიძებნება ოპოზიციური დაჯგუფება, რომელიც ხელისუფლებას ამის გამო უსაყვედურებს, ხელისუფლება თავს სწორედ იმით იმართლებს, რომ «აწარმოებს მოლაპარაკებას რუსეთის ჯარის საერთაშორისო ძალებით ჩანაცვლების თაობაზე». თუმცა, წინასწარ ცნობილია, რომ არავინ აფხაზეთში (რუსეთის გარდა) თავის ჯარისკაცებს არ გაგზავნის და რომც გაგზავნოს, აფხაზები იქ სხვას არავის შეუშვებენ.
        თავი და თავი ამ ვითარებისა ისაა, რომ, მადლობა ღმერთს, ქართულმა საზოგადოებამ ჭკუა ისწავლა და ამ საზოგადოების უდიდეს ნაწილს (გარდა უბედური ლტოლვილებისა, ვისაც დასაკარგი არაფერი აქვთ) ცეცხლივით ეშინია ახალი, მძვინვარე, ხანგრძლივი, სისხლისმღვრელი, დამანგრეველი ომის.

მერიდიანი, 17 ოქტომბერი, 2001 წელი

მთელ გვერდზე