ვინ ჩაანაცვლებს რუს «მშვიდობისმყოფელებს» აფხაზეთში?
       

        აფხაზეთში ვითარების გამწვავება დაემთხვევა მსოფლიოში ყველაზე უმწეო და არაფრის მაქნისი ორგანიზაციის - ეუთოს დელეგაციის ვიზიტს საქართველოში.
        ზოგჯერ, უბრალოდ, გამაოგნებელია, რამდენად მყარი ილუზიების ტყვეობაში იმყოფება (მერამდენე წელია) ქართული საზოგადოება ამ ეგრეთ წოდებულ, «საერთაშორისო სამართალთან» დაკავშირებით. სინამდვილეში, საერთაშორისო სამართალი სხვა არაფერია, თუ არა გეოპოლიტიკური კონსენსუსი საერთაშორისო ასპარეზზე მოქმედ ძალთა შორის და შესაბამისი (მათ მიერ დამკვიდრებული) «თამაში სწესები». რა შეუძლია გააკეთოს ამ უბადრუკ, არაფრის შემძლე ორგანიზაციას აფხაზეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით? აბსოლუტურუდ არაფერი- ფარატინა დეკლარაციების გარდა.
        «სამშვიდობო ძალები» არათუ ეუთოს, არამედ ევროკავშირსაც კი არა აქვს. მეოთხე წელია, ბრიუსელში გრძელდება მოლაპარაკება ამის თაობაზე, მაგრამ ვერაფერს მიაღწიეს. «ევროპაში უშიშროებისა და თანაშმრომლობის ორგანიზაციის» სამშვიდობო ოპერაცია კი საერთოდ არასერიოზული სიტყვათშეთანხმებაა. მაქსიმუმი, რაც ვენას შეუძლია გააკეთოს, იქნება დამკვირვებელთა გამოგზავნა. არადა, დამკვირვებლებზე მეტი რა იყო მთელი ამ წლების განმავლობაში აფხაზეთში? ერთადერთი ორგანიზაცია, რომელსაც შეუძლია სამშვიდობო ძალების გამოგზავნა აფხაზეთში, გახლავთ გაერთიანებული ერების ორგნანიზაცია.
        მაგრამ ამისთვის აუცილებელია, შეთანხმდეს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი ხუთივე ქვეყნის წარმომადგენელი. რასაკვირველია, რუსეთი ყოველთვის ვეტოს დაადებს აფხაზეთში სამშვიდობო ოპერაციას, ხლო მისი თანხმობის გარეშე უშიშროების საბჭო ვერავითარ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.
        უფრო უარესი მდგომარეობაა ეუთოში, რადგან თუ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში მხოლოდ ხუთ მუდმივ წევრს აქვს «ვეტოს» უფლება, ეუთოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ კონსენსუსით, ანუ ევროპის ნებისმიერ სახელმწიფოს (არათუ მხოლoდ რუსეთს) შეუძლია დაადოს «ვეტო» ეუთოს მმართველო ორგანოთა ამა თუ იმ გადაწყვეტილებას.
        «ეუთო ცივი ომის ღირსეული პირმშოა და საბჭოთა იმპერიის დანგრევის შემდეგ მთლიანად ამოწურა თავისი შესაძლებლობები თუ ფუნქცია.
        მართალია, ეუთოს წესდება ითვალისწინებს «ყველა მინუს ერთის»-ს მექანიმზს, ანუ შემთხვევებს, როდესაც ერთი რომელიმე ქვეყანა ვერ გამოიყენებს «ვეტოს» უფლებას, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ, თუ კონკრეტულად მისი საკითხი იხილება. გარდა ამისა, იქვე არ არის ბელორუსეთი? იქვე არ არის სომხეთი, რომელიც პრეცედენტის შექმნას მოერიდება?!
        ამრიგად, არც ეუთოს, არც გაეროს ეგიდით აფხაზეთში სხვა (რუსეთის გარდა) «გამშველებელ ძალთა» გაგზავნა არ მოხერხდება.
        ანუ, რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანა კონფლიქტის ზონიდან ნიშნავს, საერთოდ, ყოველგვარი «გამშველებელი ძალის» მოშორებას ამ ტერიტორიიდან. თავის მხრივ, აფხაზი სეპარატისტები არ დაეთანხმებიან, რუსეთის გარდა, რომელიმე სხვა ქვეყნის შეიარაღებულ ძალთა შემოყვანას აფხაზეთის ტერიტორიაზე.
        მათი თანხმობის გარეშე კი აფხაზეთში ჯარის შეყვანა ომს ნიშნავს და ჩვენს ნაცვლად ომს, ნამდვილად, არავინ დაიწყებს.

დილის გაზეთი, 16 ოქტომბერი, 2001 წელი

მთელ გვერდზე