ყველაფერი «წკიპზეა»
       

        ზაფხულობით პოლიტიკური ცხოვრება საქართველოში არათუ კვდება, არამედ პირიქით, განსაკუთრებულ სიმხურვალეს იძენს.
        ეს პერიოდი ჩვენს ქვეყანაში «მკვდარი სეზონი» ნამდვილად არ არის, მით უმეტეს, წელს მოსალოდნელიც იყო «გამხურვალება» (პოლიტიკური «გამყინვარების» საპირისპიროდ), რაკი პრეზიდენტმა პარლამენტს შესთავაზა «მინისტრთა კაბინეტის» დაფუძნება, რასაც, თავის მხრივ, რთულ პოლიტიკურ განზრახულობათა კომპლექსი უკავშირდება.
        ძნელი მისახვედრი არ არის, რომ, თუ პარლამენტი მხარს დაუჭერს «თვითმმართველობისა» და «საარჩევნო» კანონებს, შესაძლოა, რეალობად იქცეს საკონსტიტუციო ცვლილებები.
        ამ საკითხთან დაკავშირებით, მოვლენები დეტექტიური სერიალის მეთოდოლოგიით ვითარდება - «კვანძის გახსნა» და «ემოციური კულმინაცია» ერთმანეთს ემთხვევა.
        ბოლო დროს პრეზიდენტი აცხადებდა, რომ «მინისტრთა კაბინეტის» თემა აქტუალობას კარგავს, ვინაიდან პარლამენტში კანონპროექტთა გასვლას პერსპექტივა არ გააჩნია.
        მართლაც, მოლაპარაკებები ერთი შეხედვით «მდორედ» მიმდინარეობდა, მაგრამ პროცესი ძალზე დაჩქარდა, როდესაც ედუარდ შევარდნაძემ მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება, უკანასკნელ მიჯნამდე ეცადა ოპოზიციის «მორჯულება», რაც უშუალოდ ნიშნავს «საკონსტიტუციო ცვლილებათა» განსახორციელებლად ბრძოლის გაგრძელებას.
        მაშასადამე (სხვა დასკვნა აქ არ არსებობს) პრეზიდენტს კიდევ აქვს იმედი, რომ კომპრომისი შესაძლებელია. ყოველ შემთხვევაში, ოპოზიციის «ზომიერ» ფრთასთან.
        «თვითმმართველობისა და მმართველობის» შესახებ კანონპროექტის დასამტკიცებლად პარლამენტს 18 ხმა ესაჭიროება, რაც ზურაბ ჟვანიასთვის არანაირი პრობლემა არ არის.
        თავდაპირველად, როდესაც ხელისუფლებას თითქმის იმედი გაუწბილდა და «ხელიც ჩაიქნია», პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანოს შესთავაზა ყველაზე «მკაცრი» ვარიანტი ადგილებზე ხელისუფლების აგებისა, როდესაც სახელმწიფოს მეთაური პიდაპირ, უშუალოდ ნიშნავს გამგებელს.
        ამის შემდეგ მოვლენები ნიშანდობლივად განვითარდა. სახელმწიფო კანცელარიის რეგიონული სამსხაურის უფროსი ბადრი ხატიძე, რომელიც ამ კანონპროექტის მთავარი ინიციატორია, განუწყვეტლივ მოძრაობდა (რამდენიმე ათეული წუთის ინტენსივობითაც კი) სახელმწიფო კანცელარიასა და პარლამენტს შორის, რათა შეეთანხმებინგა ახალი კანონპროექტის დეტალები ორივე მხარესთან.
        ბუნებრივია, ეს ხდებოდა პრეზიდენტის მითითებით და მოლაპარაკებით ედუარდ შევარდნაძესა და ზურაბ ჟვანიას შორის.
        ნაცვლად მკაცრი «კანონპროექტისა», დღის სინათლე კვლავ იხილა იმ ვარიანტმა, რომლის შესაბამისად არჩეული საკრებულოდან პრეზიდენტი ერთ-ერთ წევრს ნიშნავს მერად და გამგებლად, ხოლო საკრებულო უშუალოდ მონაწილეობს აღმასრულებელ სტრუქტურათა ფორმირებაში და აქვს უფლება, გამგებელს (მერს) უნდობლობა გამოუცხადოს.
        უმალვე წარმოიშვა ამ ვარიანტის მოდიფიკაცია: გამგებელს ირჩევს თვით საკრებულო (ქალაქის საბჭო).
        ყველაზე საინტერესოა, თუ როგორ განაწილდა პოლიტიკურ პარტიათა სიმპათია-ანტიპათიები ამ პროექტებთან მიმართებით.
        «ტრადიციონალისტები» უეჭველად სახის შენარჩუნებას ცდილობდნენ («რეგიონალიზმთან» დაკაშვირებული ისტორიის შემდეგ), ამიტომ ფეხს არ იცვლიან «არჩევითობიდან», ოღონდ (რაც ძალზე ნიშანდობლივია) პირდაპირ არჩევას აღარ ითხოვენ, ვინაიდან, ასეთ შეამთხვევაში, «რეგიონალიზმის» იდეა განუხორციელებელი იქნება - იმავე ევროსაბჭოს მოთხოვნით. ასეთ შემთხვევაში, «რაიონული რეფერენდუმები» უნდა ჩატარდეს თვითმმართველობის არსებულ სტრუქტურათა გასაუქმებლად.
        მოსალოდნელია, რომ კომპრომისი გამოიძებნება სწორედ «ტრადიციონალისტებისა» და «მრეწველების» პარტიებში, ვინაიდან ორივე პარტიას მინისტრთა კაბინეტის ინსტიტუტის დაფუძნება უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნია, ვიდრე ზურაბ ჟვანიას გაპრემიერებასთან დაკავშირებული რისკები.

დილის გაზეთი, 12 ივლისი, 2001 წ.

მთელ გვერდზე