საქართველო ამერიკის არჩევანს ელის
       

        გასული წლის მიწურულს ამერიკის 42-ე პრეზიდენტმა, უილიამ კლინტონმა, რომლის მმართველობის დროსაც საქართველო პირველად «ეზიარა» ურთიერთობას მსოფლიოს ერთადერთ ზესახელმწიფოსთან, ხელი მოაწერა კონგრესის მიერ ჯერ კიდევ 24 ოქტომბერს დამტკიცებულ ბილს «საქართველოს მიმართ ჯექსონ-ვენიკის შესწორებით გათვალისწინებული შეზღუდვების გაუქმების შესახებ».
        სენატორებმა ჯექსონმა და ვენიკმა 70-იან წლებში შეიმუშავეს კანონი, რომელიც უკრძალავდა ამერიკის ადმინისტრაციას, ნორმალურად ევაჭრა იმ ქვეყნებთან, სადაც არ არსებობდა ემიგრაციის თავისუფლება, ანუ მოქალაქეებს არ ჰქონდათ საშუალება თავისუფლაედ გამგზავრებულიყვნენ თავიანთი ქვეყნიდან და ასევე თავისუფლად დაბრუნებულიყვნენ უკან.
        ეს ფორმულირება სენატორთა გენიალურობამდე მახვილგონივრულ მიგნებად შეიძლება ჩაითვალოს, ვინაიდან ნებისმიერი ტოტალიტარული რეჟიმი ყოველთვის ზღუდავდა მოქალაქის გადაადგილებას. «ჯექსონ-ვენიკის» შეზღუდვის გაუქმებით, ამერიკამ აღიარა, რომ საქართველო არის დემოკრატიული, საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყანა და მიანიჭა მას ამერიკასთან ვაჭრობაში «უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი», ანუ საბაჟო შეღავათები ამერიკაში პროდუქციის ექსპორტირებისას.
        ყოფილ საბჭოთა კავშირში ამგვარი პრივილეგია მიენიჭათ მხოლოდ ბალტიის სახელმწიფოებსა და ყირგიზეთს. რუსეთის, უკრაინის, ყაზახეთის და სხვა ქვეყნების საკითხს (რომ აღარაფერი ვთქვათ ბელორუსზე) ამერიკა არც კი განიხილავს.
        ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს შესვლას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, ვინაიდან «უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი» შინაარსობრივად სწორედ მსო-ს წევრობას უკავშირდება.
        ამრიგად, «ჯექსონ-ვენიკის შესწორების» ნიველირება საქართველოს მიმართ, ეკონომიკური თვალსაზრისით, ძალზე მომგებიანია. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც პოლიტიკური ასპექტია. ამ მხრივ ამერიკის კონგრესისა და პრეზიდენტის გადაწყვეტილება პოლიტიკურ დემარშადაც შეიძლება ჩაითვალოს.
        ამით კლინტონის ადმინისტრაცია აფიქსირებს, რომ საქართვლელოსთან ურთიერთობა ამერიკის ერთ-ერთი «ნაციონალური ინტერესი» (ჯერჯერობით, არა პრიორიტეტი, როგორც ვთქვათ, ისრაელთან) ხდება, რასაც ბუშის ადმინისტრაციამაც ყურადღება უნდა მიაქციოს.
        რაც შეეხება ახალ ადმინისტრაციას, მისი «საგარეო პოლიტიკური გუნდი» საეჭვოა, რუსეთის ხელისუფლებაში მოსული «შავი პოლკოვნიკებისთვის» ტკბილ ჩურჩხელად იქცეს.
        ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, კონდოლიზა რაისი, სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი და (რაც მთავარია) ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი დიდი რონალდ რეიგანის ფრთებქვეშ გაიზარდნენ. პოლიტიკური თვალსაზრისით, ისინი «ანტირუსული, ანტიიმპერიული» სულისკვეთების მატარებელნი არიან და საეჭვოა, ადვილად შეურიგდნენ პუტინის მიერ იმპერიის «აღორძინებას».
        საინტერესოა, რომ სამივე მათგანი ცნობილი ამერიკელი გეოპოლიტოლოგის, წარსულში უშიშროების საბჭოს მდივნის) ზბიგნევ ბჟეზინსკის მოსწავლეებად და თანამოაზრეებად ითვლებიან. ბჟეზინსკიმ კი რამდენიმე დღის წინ გერმანულ «შპიგელს» ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელმაც ევროატლანტიკურ ისტებლიშმენტში დიდი გამოხმაურება ჰპოვა, ვინაიდან, როგორც ჩანს, ამერიკის ხელისუფლებაში დაბრუნებული კონსერვატორების მანიფესტს წარმოადგენს.
        ამ ინტერვიუში ბჟეზინსკი აცხადებს, რომ «ბუში სერიოზულ შეცდომას დაუშვებს, თუ არასწორ სიგნალებს გაუგზავნის პუტინს საქართველოსთან დაკავშირებით... საქართველო ზეგავლენას განიცდის, ვინაიდან უარი განუცხადა რუსეთს, გაეტარებინა მისი ჯარი ჩეჩნეთის წინააღმდეგ საბრძოლველად, რის შემდეგაც რუსეთმა ბუნებრივი აირის ონკანი გადაკეტა».
        დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ბჟეზინსკი სიტყვებს «ჰაიდარად» არ ისვრის. საამისოდ იგი მეტისმეტად სერიოზული ფიგურაა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ვაშინგტონის პოლიტიკა უფრო მეტად კონცენტრირებული გახდება საქართველოს მიმართ.
        რაც მთავარია, «კლინტონის გუნდისგან» განსხვავებით, ბუშის საგარეო პოლიტიკური «თიმ»-ი გაცილებით უკეთ იცნობს რუსეთის ფაქტურას და ნაკლები ილუზიაც აქვს, რომ ამერიკა შეძლებს ამჟამინდელი გლობალური სტატუსის შენარჩუნებას, თუ დაუშვებს რუსეთის ჰეგემონიის აღდგენას ყოფილ საბოჭთა სივრცეზე.
        უპირველეს ყოვლისა, ამ სივრცის «მზის წნულში» - კავკასია-ცენტრალური აზიის რეგიონში, კასპიის აუზში სტრატეგიული პარტნიორის შერჩევისას კი, ამერიკას საქართველოზე უკეთესი არჩევანი არ ექნება.

დილის გაზეთი, 10 იანვარი, 2001 წელი

მთელ გვერდზე