საგადასახადო ომი გრძელდება
       

        საქართველოში «სამობილიზაციო პროექტი» მუშაობს. ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლება ყოველნაირად ცდილობს, შეასრულოს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული «ორთვიანი პროგრამა», რათა მიაღწიოს დიდი პროგრამის განახლებას.
        ეს მართლაც ძალზე მნიშვნელოვანია - მით უმეტეს, «მინისტრთა კაბინეტის» თაობაზე მოახლოებული ბატალიების გათვალისწინებით. როგორც ცნობილია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ მაისის საპროგნოზო პარამეტრი განსაზღვრა 77 მილიონი 100 ათასი ლარის ოდენობით.
        ფაქტიურმა შესრულებამ კი (საგზაო ფონდის შემოსავლების ჩათვლით), წინასწარი ოპერატიული მონაცემებით, 82 მილიონი ლარი შეადგინა, ანუ თითქმის 5 მილიონი ლარით მეტი. ოღონდ აქ გასათვალისწინებელია, რომ ფონდი გულისხმობდა ბიუჯეტის სეკვესტრს, ქართული მხარე კი ამას არ ეთანხმებოდა და «გადაჭარბების» პირობას დებდა.
        გადაჭარბება თვალნათელია. თავდაპირველი პროგნოზით, იგი მაინც უფრო მეტი (9 მილიონი ლარი) უნდა ყოფილიყო. გეგმა გადაჭარბებით შესრულდა აჭარაში, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, გადმორიცხავს თუ არა ავტონომია ამ თანხებს რეალურად თბილისში და ხომ არ დაიტოვებს ისევ საქართველოს ეროვნული ბანკის აჭარის ანგარიშზე ბათუმში.
        თუმცა ფინანსთა და საგადასახადო შემოსავლების სამინისტროებში აცხადებენ, რომ თანხები არ გადმოირიცხა მხოლოდ ტექნიკური მიზეზების გამო და დღეს (ორშაბათს) დაჯდება თბილისის ანგარიშზე.
        ამ შემთხვევაშიც კი, ცენტრალური ბიუჯეტის შესრულება (ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით) შეადგენს 97 პროცენტს. 3 პროცენტი, აბსოლუტური გამოხატულებით, საქართველოსთვის მაინც მნიშვნელოვანი თანხაა, მაგრამ გეგმის «თითქმის» შესრულებამ მაინც შეიძლება შექმნას წინაპირობები მოლაპარაკებათა გაგრძელებისთვის ფონდთან.
        ეს - მაისში. ივნისში კი, ყველა პროგნოზით, ვითარება ოდნავ გაუმჯობესდება, ვინაიდან შედარებით გამოცოცხლდება მრეწველობა (წარმოება ზოგადად). წლის დასაწყისში, დიდი «ჩავარდნის» ორი მთავარი მიზეზი იყო ჯერ დედაქალაქის 24-საათიანი ელექტრომომარაგება (ყველაფრის გამორთვის ხარჯზე) და შემდეგ - «აიესისა» და საბითუმო ბაზრის დამსჯელი ღონისძიებები. მაგრამ საწარმოები თანდათან სწავლობენ გადახდას და ივნისში მართლაც ამუშავდებიან მეტი სიმძლავრით - ეს კი არ შეიძლება, გადასახადებზე არ აისახოს.
        საგადასახადო დეპარტამენტი კვლავ უკეთ ახერხებს მუშაობას, ვიდრე «საბაჟო». მან გეგმა 103,4 პრცენტით შეასრულა, რაც 20 პროცენტით აჭარბებს, ვიდრე 2000 წლისას: საბაჟომ 7 პროცენტი «გაარღვია», მაგრამ, მთლიანობაში, ეს მონაცემები საინტერესო ფონს ქმნის მომავალი ბობოქარი ბატალიებისთვის პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის გარშემო.

დილის გაზეთი, 4 მაისი, 2001 წელი

მთელ გვერდზე