სად გაქრა რუსლან გილაევი?
       

        მძვინვარე საინფორმაციო ომი რუსულ მედიაში საქართველოს წინააღმდეგ. ისევ მოულოდნელოად ჩაცხრა, როგორც «აგორდა», უეჭველია, რომ რაღაც ხდება მოსკოვსა და სოხუმს შორის ურთიერთობაში. თანაც «რაღაც» არაერთგვაროვანი.
        პუტინის ცნობილი განცხადების შემდეგ, არძინბა-ჯერგენიას ბანდამ ქართულ-ჩეჩნური (უფრო ზუსტად, ქართულ-ჩრდილოკავკასიური) დაჯგუფების წინაამდეგ შეტევა შეწყვიტა.
        თავდაპირველად აცხადებდნენ, რომ «რუსლან გელაევის რაზმი თბილისში დაბრუნდა». თუმცა, ეს მტკნარი სისულელეა - არათუ თბილისში და დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ, კოდორის ხეობაშიც კი რუსლან გელაევის რაზმი ამჟამად არ იმყოფება - როგორც ჩანს, იგი გამაგრდა აფხაზეთის მიუვალ მაღალმთიანეთში (კოდორიდან 50-60 კილომეტრში), ყარაჩაი-ჩერქეზეთის საზღვარზე და იქ აპირებს გამოზამთრებას. სურსათ-სანოვაგეს ადვილად იშოვნიან არა მხოლოდ კოდორი სხეობაში, არამედ აფხაზურ და სომხურ სოფლებშიც.
        აფხაზური მხარის გადაწყვეტილება (შეტევის შეწყვეტის თაობაზე) რამდენიმე ძირითადი მიზეზით იყო განპირობებული: ჯერ ერთი, 30-40 ადამიანის დანაკარგი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია და შემდგომ მსხვერპლს მოერიდნენ.
        Mმეორე: აფხაზეთში უდიდესი გაღიზიანება გამოიწვია რუსეთის პრეზიდენტის განცხადებამ «საქართველო ტერიტორიული მთლიანობის აღიარების» შესახებ და ჯინაზე უპასუხეს: «რაკი ასეა, რუსეთის ინტერესებისთვის ჩვენ რატომ უნდა ვიომოთო».
        და მესამე: ქართველი პარტიზანები გელაევის რაზმს ჩამოშორდნენ და დასავლეთ საქართველოში (ძირითადად სამეგრელოში) დაბრუნდნენ. ამის შემდეგ (მეორე მიზეზის გათვალისწინებით) სეპარატისტებმა საერთოდ დაკარგეს მოტივი გაეგრძელებინათ ბრძოლა ჩეჩნების, ჩერქეზებისა და ბალყარელების წინააღმდეგ, მით უმეტეს, რომ ეს ბრძოლა ჩრდილოეთკავკასიაში ნამდვილად ნეგატიურ რეაქციას იწვევდა.
        რა თქმა უნდა, ეს გარემოებები მოსკოვში შენიშნეს და ზეწოლის საკუთარი ბერკეტებიც აამოქმედეს: გუდაუთიდან სამხედრო ტექნიკის მცირე ნაწილის გატანა სწორედ ამის მაჩვენებელია, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ როდესაც რუსები მოინდომებენ, სამხედრო ტექნიკის გატანა ნამდვილად შეუძლიათ და ვერანაირი «მშვიდობიანი მოსახლეობის აქციები» ამას ხელს ვერ შეუშლის.
        ნიშანდობლივი იყო აგრეთვე ბორის პასტუხოვის განცხადებაც (იგი საქართველოს «სპეციალისტად» ითვლება), რომ წლის ბოლომდე რუსეთი მთლიანად გაიტანს გუდაუთიდან სამხედრო შეიარაღებას.
        არ არის ძნელი მისახვედრი, რომ რუსულ ისტებლიშმენტს ყველაზე მეტად აღიზიანებს აფხაზეთის ხელმძღვანელთა განცხადებები «დამოუკიდებლობის» შესახებ.
        თუ აფხაზეთი რუსეთში (ფედერაციაში) შევა, მოსკოვისთვის ეს სავსებით მისაღები იქნება. იურიდიულად არ აღიარებენ, მაგრამ ფაქტობრივ მდგომარეობას შეინარჩუნებენ და განავითარებენ. მაგრამ აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ანუ შავიზღვისპირეთში, ჩრდილოეთ კავკასიასთან მოსაზღვრე რეგიონში, კიდევ ერთი, სრულფასოვანი სუვერენული სახელმწიფოს საერთაშორისო სამართლის თანასწორუფლებიანი სუბიექტის წარმოშობა მოსკოვისთვის დღეს კატეგორიულად მიუღებელია.
        სწორედ ამ «ინტერესთა სამკუთხედში» მოუწევს საქართველოს მოქმედება უახლოესი 1-1,5 წლის განმავლობაში, როდესაც ძალიან ბევრი რამ უნდა გადაწყდეს აფხაზეთთან დაკავშირებით.
        კვანძის გახსნა შესაძლოა მიმდინარე წლის ბოლოსთვის არ შედგეს და «სამშვიდობო ძალები» არ გავიდნენ, მაგრამ ვითარების «გაყინვა» ჩვენთვისაც კატეგორიულად მიუღებელია.

დილის გაზეთი, 29 ოქტომბერი, 2001 წ.

მთელ გვერდზე