საქართველოს ბედი სამურზაყანოში წყდება

            გუშინ, ჭუბურხინჯში ოთხმხრივ შეხვედრაზე, სეპარატისტებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს პროტესტი, სამურზაყანოში «ქართველი დივერსანტების» მოქმედების გამო.
            აქვე უნდა ითქვას, რომ აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ იკლავს თავს ქართული მხარე ამ ეგრეთ წოდებულ «ჭუბურხინჯის» შეხვედრებში მონაწილეობით იმ ვითარებაში, როდესაც სეპარატისტებს განსაკუთრებით ესაჭიროებათ საერთაშორისო ტრიბუნა პროპაგანდისტული მიზნით: გაეროსა და დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენელთა თანდასწრებით დაადანაშაულონ საქართველო «შეთანხმებათა შეუსრულებლობაში».
            ამჟამად გალში შექმნილი ვითარება, გარკვეულწილად, ჰგავს 1998 წლის მაისის მდგომარეობას. სულაც არ არის გამორიცხული, სეპარატისტებმა მორიგი სადამსჯელო ოპერაცია განახორციელონ იმ შემთხვევაში, თუ ვერ მიიღებენ დატყვევებულ «ბოევიკებს», რომლებიც ქართველმა პარტიზანებმა იგდეს ხელთ წარმატებული ოპერაციის შედეგად და რამდენიმე თანამოძმეზე გაცვლას ცდილობენ.
            სოხუმში ბობოქარიდისკუსია მიმდინარეობს (თუმცა, არძინბას ბანდა მას ჩქმალავს), გაცვალონ ტყვე ქართველები «ბოევიკებში» თუ არა. ნაწილი გაცვლის მომხრეა (უპირველეს ყოვლისა, «ბოევიკთა» ოჯახის წევრები), ნაწილი კი _ სასტიკი წინააღმდეგი.
            საქმე ის გახლავთ, რომ არძინბას რეჟიმისთვის სამი ტყვე პარტიზანი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისივე შეიარაღებული ფორმირების ხუთი წევრი, ვინაიდან, პარტიზანების მეშვეობით შეუძლიათ იმის დემონსტრირება (უპირველესად, საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის) თუ რამდენად «შეურიგებელია» საქართველო, რაკი ოფიციალურ სტრუქტურათა წარმომადგენლები მონაწილეობენ დივერსიულ აქტებში.
            დასამალი არ არის: ქართველ პარტიზანებს აღმოაჩნდათ შინაგანი ჯარის სამხედრო მოსამსახურეთა საბუთები, რაც ადასტურებს, რომ ასე თუ ისე, საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიც მონაწილეობდნენ საქმეში:
            სამურზაყანოში სწორედ სეპარატისტები არიან მომხდურნი და მჩაგვრელნი, ვინაიდან ეს რაიონი ტრადიციულად დემოგრაფიულად წმინდა ქართული იყო. არძინბას სურს, ტყვე პარტიზანები აქციოს «მუდმივ პოლიტიკურ არგუმენტად», რასაც ყველა დონის შეხვედრისა და მოლაპარაკების დროს გამოიყენებს საქართველოს წინააღმდეგ, თანაც ამ შემთხვევაში ეს უფრო დასავლეთისადმი აპელირებისთვის ესაჭიროება _ სეპარატისტები ამ მიმართულებითაც ძალიან ეშმაკურად და მიზანმიმართულად მუშაობენ.
            სამი ქართველი პარტიზანი მათ «ტერორისტებად» მონათლეს და სისხლის სამართლის საქმეც აღძრეს, ხოლო «ბოევიკები» თურმე «ოფიციალურ სტრუქტურათა წარმომადგენლები» არიან. ამდენად, გაცვლა «არაადეკვატურად» მიაჩნიათ.
            შექმნილ ვითარებაში სეპარატისტებმა შეიძლება, შანტაჟის რამდენიმე მეთოდი გამოიყენონ. უპირველეს ყოვლისა, ენგურჰესიდან ელექტროენერგიის მოწოდების შეწყვეტა: ჰიდროელექტროსადგურის სამართავ პულტს ისინი აკონტროლებენ. მეორე და უფრო რადიკალური ზომაა ეგზეკუციის მოწყობა სამურზაყანოში.
            მდგომარეობა დღითი დღე იძაბება, ვინაიდან, ძაღლთაპირი არძინბა გძრნობს: დრო ამჟამად მის წინააღმდეგ მუშაობს.. სოხუმში იმართება მიტინგები და საპროტესტო აქციები. დაპირისპირებამ (პირველად, რამდენიმე წლის განმავლობაში) არათუ აფსუანური პრესის, არამედ ტელევიზიის ეკრანზეც გაჟონა.
            სამურზაყანო სეპარატისტებს ყელში აქვთ გაჩხერილი და ამ პრობლემის გადაწყვეტას ვერაფრით ახერხებენ. პარტიზანული მოძრაობის განადგურება მათ ვერ შეძლეს.
            5 წლის განმავლობაში პარტიზანებმა სეპარატისტებს უიდესი ზიანი მიაყენეს. ეს უკანასკნელნი არ იმჩნევენ, რომ თითოეული «ბოევიკის» ლიკვიდაცია მათთვის ძალიან სერიოზული დარტყმა იყო. პარტიზანები არძინბას საქვეშევრდომოში შიდა პოლიტიკურ ვითარებანსაც ძაბავდნენ, რისი გამოვლენაც გახდა სეპარატისტთა ერთ-ერთი იდეოლოგის – ზურაბ აჩბას დაპირისპირება არძინბასთან და მისი მკვლელობა დღისით, მზისით, სოხუმის ცენტრში.
            რუსეთის ეგრეთ წოდებული «სამშვიდობო ძალები» აშკარად ვერ ერევიან პროცესებში და საამისოდ დიდი შესაძლებოლბებიც არა აქვთ. მოსკოვი ემზადება ეს უკანასკნელი კოზირი გამოიყენოს გუდაუთაში «სარეაბილიტაციო ცენტრის», ანუ იმავე სამხედრო საჰაერო ბაზის შესანარჩუნებლად.
            როგორც ჩანს, ადრე თუ გვიან, გაცვლა მაინც შედგება, ვინაიდან, ერთი მხრივ, არძინბას, «ბოევიკთა» ნათესავები არ მოასვენებენ (იქ ყველაფერი კვლავინდებურად წყდება), ხოლო, მეორე მხრივ, შესაბამის «ვიდეომასალასაც» მოაგროვებენ საქართველოს დასაბეზღებლად საერთაშორისო ორგანიზაციებში.
            აგროვონ, რამდენიც უნდათ – პარტიზანებმა კი უეჭველად უნდა გააგრძელონ წერტილოვანი დარტყმები სამურზაყანოში - «ბოევიკების» და არა მშვიდობიანი აფხაზური მოსახლეობის მიმართ. ოღონდ ისეთი დოზირებით, რომ სეპარატისტებმა სამურზაყანოში ეგზეკუციის განხორციელება ვერ შეძლონ.

დილის გაზეთი, 27 აპრილი, 2001 წელი

მთელ გვერდზე