რუსულმა გოსდუმამ საქართველოს ომი გამოუცხადა
       

        გუშინ საქართველოს პარლამენტის პარალელურად, რუსეთის ფედერალური საკრებულოს სახელმწიფო სათათბირომ აფხაზეთში შექმნილი ვითარება განიხილა და მიიღო უპრეცედენტო დადგენილება, რომლითაც ხელყოფილია არა მხოლოდ საქართველოს სუვერენიტეტი, არამედ ელემენტარული საღი აზრი.
        «შავი ანეკდოტია», რომ სახელმწიფო სათათბირო მსჯელობს და აკრიტიკებს მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტის ლექციას ჰარვარდის უნივერსიტეტში. უწოდებს მას «ცივი ომის დაწყებას» მაშინ, როდესაც ეს გამოსვლა მთელმა საქართველომ მოისმინა და პრეზიდენტ შევარდნაძეს განსაკუთრებული არაფერი უთქვამს. ყოველ შემთხვევაში, რუსეთის საწინააღმდეგოდ.
        მიაქციეთ ყურადღება: ყოფილი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე (უზბეკეთში) უკვე ამერიკული ბაზა ფუძნდება, რუსი პარლამენტარები კი აღშფოთებით ლაპარაკობენ იმაზე, თუ როგორ გაბედა პრეზიდენტმა შევარდნაძემ გამოეთქვა აზრი საქართველოსა და ნატოს მომავალი თანაშმრომლობის შესახებ. თანაც, არც ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი, რამ გამოიწვია ის «ანტირუსული ისტერია,» რომელიც ვითომდაც მეფობს ამჟამად საქართველოში. ამაზე მეტი უსინდისობა გაგონილა? ვინც თვალყურს ადევნებს რტრ-ს (სხვათა შორის, სახელმწიფო ტელეარხს) პროგრამა «ოდნაკო»-ს გადაცემებს (მიხეილ ლეონტიევი), უეჭველად დამეთანხმება, რომ მსგავსი ცინიზმი, უზრდელობა, მეზობელი სახელმწიფოსა და მისი პრეზიდენტის შეურაცხყოფა უბრალოდ, წარმოუდგენელია. არაფერი მსგავსი საქართველოს არც ერთ არხზე არ ხდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართ, თუმცა, დასაცინისა და გასაკრიტიკებლის მეტი რა აქვს.
        რასაკვირველია, საქართველოს დიდი მეგობრის, «სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის კომპარტიის საოლქო კომიტეტის» ყოფილი პირველი მდივნის - ანატოლი ჩეხოევის მიერ შეთითხნილ განცხადებაში ჩვენთვის სასიკეთო აბა რა უნდა ყოფილიყო, მაგრამ მაინც განსაკუთრებით აღმაშფოთებელია, რომ ქართველები გამოგვიყვანეს რაღაც კლინიკურ იდიოტებად, რომლებიც არაფრის გამო, უეცრად ადგნენ და იქცნენ რუსოფობებად.
        არც ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი აფხაზეთის ომზე, 8 წლის წინანდელ მოვლენებზე . . . . პირიქით, თუ საქართველო, ერთი მხრივ, დადანაშაულებულია ჩეჩენი სეპარატისტების მხარდაჭერაში (რომელთაც რუსეთი მერვე წელია ანადგურებს), მეორე მხრივ, საქართველოს ადანაშაულებენ «აფხაზეთში ვითარების დესტაბილიზაციის» გამო. ესე იგი, რუსეთი სწორად იქცევა ჩეჩნეთში, ხოლო თუ საქართველომ სცადა აფხაზეთში თავისი ინტერესების დაცვა, - ეს უკვე «აგრესია» და «მცირერიცხოვანი ერის დაჩაგვრაა».
        გუშინ საქართველოს პარლამენტმაც მიიღო დადგენილება (როგორც იქნა) ენგურის აუზიდან სამშვიდობო ძალთა გაყვანის შესახებ, «მაგრამ» მთლიანობაში ზოგიერთი დეპუტატი ერთობ სამარცხვინოდ იქცეოდა, - ვითომ მხარს უჭერდა დადგენილებას, «მაგრამ» არც უჭერდა საბოლოოდ მხარს და «ყოველ შემთხვევისთვის» შესაძრომ ჩირგვს იმზადებდა. «ვაითუ, რამე მოხდესო». გაუგებარია, ამაზე უარესი რა უნდა მოხდეს, როდესაც ენგურზე საზღვარია შექმნილი.

დილის გაზეთი, 12 ოქტომბერი, 2001 წელი

მთელ გვერდზე