რუსეთის უკანასკნელი არგუმენტი
       

        იმპერიული არგუმენტაცია რუსულ სინამდვილეში, თითქოსდა, წვრილმანებითაც ვლინდება - ისტორიკოსები დიდხანს იმტვრევდნენ თავს, რატომ უწოდა იოსებ სტალინმა მისი სპეციალური შეკვეთით მასობრივად დამზადებულ შესანიშნავ შორსმსროლელ სნაიპერულ შაშხანას СА პირველი ასო რომ «სტალინს» ნიშნავდა, იმთავითვე ცხადი იყო, მაგრამ СА? მხოლოდ მოგვიანებთი გაირკვა, რომ СА იშიფრებოდა როგორც «სტალინსკი არგუმენტ», სტალინის ანუ «სტალინური არგუმენტი».
        მას შემდეგ რუსულ-იმპერიული პარადიგმა მხოლოდ მაშტაბების თვალსაზრისით თუ შეიცვალა, მაგრამ არა არსობრივად. 90-იანი წლების დასაწყისში იმპერიის რღვევის კანონზომიერ პროცესებთან ერთად, გაიზარდა «არგუმენტაციის» მაშტაბი და ფორმა. ყოველ შემთხვევაში იმ «რესპუბლიკების» მიმართ, რომლებმაც დამოუკიდებლობა მოინდომეს.
        უკანასკნელ ხანს რუსეთმა ზოგიერთი პოზიცია დათმო საქართველოში, მაგრამ საბოლოოდ «წასვლას», როგორც ჩანს, არ აპირებს. ამიტომ, რაკი «სავიზრო რეჟიმმა» არ გაჭრა, უკანასკნელი და ყველაზე ძლიერი ბერკეტების გამოყენება დაიწყო, რაც არანაკლებ ქმედითი შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე ზამთარში ბუნებრივი აირის მოწოდების შეწყვეტა.
        რამდენიმე დღის წინათ, მოსკოვის მთავრობამ ხელი მოაწერა შეთანხმებას «სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან» - ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ. კრემლს არაერთგზის მიუმართავს ასეთი ეშმაკური ხერხისათვის: ფორმალურად, ვითომდაც რუსეთის ერთი რეგიონი (ამ შემთხვევაში მოსკოვი) ეონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას აფორმებს საქართველოს რეგიონთან (სამხრეთ ოსეთთან) - გარწმუნებთ, თუ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პროტესტს გამოთქვამს, სწორედ ასეთ გაიძვერულ პასუხს მიიღებს აქაოდა, რატომ ღელავთ, მოსკოვს ხომ საქართველოს სხვა რეგიონებთან (მაგალითად თბილისთან, კახეთთან) გაუფორმებია თანამშრომლობის ხელშეკრულება. განა თბილისის ¹1 საშუალო სკოლა სწორედ ასეთი შეთანხმების საფუძველზე არ აღვადგინეთ?
        რაც შეეხება «კონტრარგუმენტს» კონფლიქტის მოუწესრიგებლობის შესახებ, ამჟამად ვითარება «პოსტკონფლიქტურ» სტადიაშია და კრემლი ამ არგუმენტსაც ძალზე ოსტატურად და ეშმაკურად გამოიყენებს.
        სინამდვილეში, რასაკვირველია, მოსკოვის მთავრობის ამ გადაწყვეტილების ანტიქართული შინაარსი არანაირ ეჭვს არ იწვევს. არც ის არის სადავო, რომ ლუჟკოვის ადმინისტრაციას ამგვარი ნაბიჯის გადადგმა სწორედ კრემლიდან სთხოვეს, ანუ ეს კრემლის (პუტინის, მისი ადმინისტრაციის) დემარში უფროა. მისი მიზანია, გამოიყენოს რუსეთის ხელთ არსებული «უკანასკნელი ბერკეტები» (საქართველოს ტერიტორიაზე მის მიერვე გაღვივებული და შემდგომ გაყინული კონფლიქტები) თბილისზე ძალდატანებისათვის.
        ზემოქმედების მიზანი კი რუსეთის ორი სტრატეგიული, სასიცოცხლო ინტერესის დაკმაყოფილებაა.
        Pპირველი: საქართველომ აუცილებლად უნდა გაიფუჭოს ურთიერთობა ჩეჩნებთან. არა აქვს მნიშვნელობა, როგორ, რა ფორმით - პანკისში, «ერთობლივი რაზმების» შეყვანით თუ ცალკეული ჩეჩნების გადაცემით რუსეთის, ეგრეთ წოდებული, სამართალდამცველი ორგანოებისთვის.
        არაერთგზის ითქვა, რა არის ამ შემთხვევაში რუსეთის მოტივი: პანკისის ხეობა რომ ჩეჩნეთი ზოგადი პრობლემის მიზერული სეგმენტია, - შესანიშნავად იციან, მაგრამ მათ სურთ ისეთი ვითარების შექმნა, როდესაც ჩეჩნები (ანტირუსულად განწყობილი ჩეჩნური საზოგადოება) ზურგს უკან, კავკასიონის გადმოღმა, მტრულად განწყობილ ქვეყანას იგრძნობს.
        ამით ობიექტურად დასუსტდება მათი შემართება და წინააღმდეგობის უნარი - არადა, მართლაც ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, როდესაც ჩეჩნები გრძნობენ, პირველად, 200 წლის განმალვობაში ესაზღვრებიან არა რუსეთის მეორე გუბერნიას, არა რუსული სივრცის ნაწილს, არამედ, დამოუკიდებელ სახელმწიფოს, გაეროს წევრსა და საერთაშორისო სამართლის სუბიექტს.
        მეორე: რუსეთის სტრატეგიული (გადაუჭარბებლად, სასიცოცხლო) ინტერესია საქართველოში სამხედრო ბაზების შენარჩუნება.
        პოსტსაბჭოური სივრცის არც ერთ ქვეყანაში (გარკვეული თვალსაზრისით მოლდოვა-დნესტრისპირეთშიც კი) რუსეთისათვის სამხედრო «ყოფნის» შენარჩუნება იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, როგორც საქართვლეოში, ვინაიდან საქართველო ძალზე მნიშვნელოვანი ალტერნატიული გეოპოლიტიკური «ვექტორის» გასაღებია, რომელიც იწყება შავი ზღვიდან, კვეთს სამხრეთ კავკასიას და მთავრდება ცენტრალურ აზიაში.
        იმავდროულად, საქართველო ამ ჯაჭვის ყველაზე სუსტი რგოლია, რომელზე ზემოქმედებისთვისაც მოსკოვს მძლავრი ბერკეტები უპყრია ხელთ.
        «სამხრეთ ოსეთთან» დაკავშირებული დემარშის პარალელურად, საეჭვო პროცესები ვითარდება აფხაზეთშიც, ანუ კრემლი ამ (მეორე) ბერკეტის ამოქმედებასაც ცდილობს.
        როგორც ცნობილია, სტამბოლის ხელშეკრულებათა შესაბამისად, 2001 წლის 1 ივლისამდე უნდა დაიხუროს სამხედრო ბაზები გუდაუთასა და ვაზიანში. ვაზიანის ბაზა ლიკვიდირებულია - აქ რუსეთს ხელჩასაჭიდი არაფერი ჰქონდა და ვაზიანის სამხედრო აეროდრომსაც ვერ გამოიყენებდა ქართული მხარის თანხმობის გარეშე.
        მიმდინარეობს მოლაპარაკება ახალქალაქისა და ბათუმის სამხედრო ბაზების თაობაზე, რომელთაც მოსკოვი მაქსიმალურად აჭიანურებს. მაგრამ რუსეთს არც გუდაუთის სამხედრო ბაზის ლიკვიდაცია ეპიტნავება. მას უკანასკნელ დრომდე იმედი ჰქონდა, რომ საქართველო დაეთანხმებოდა ამ ბაზის ტრანსფორმაციას «მშვიდობისმყოფელთა სარეაბილიტაციო ცენტრად». თბილისმა ეს საკითხი აფხაზეთის სასაზღვრო მონაკვეთზე «შეღავათიანი» სავიზო რეჟიმის გაუქმებას დაუკავშირა და ამ საკითხში საკმოად მტკიცე პოზიცია დაიკავა. რუსი ექსპერტებისთვის მოულოდნელად, რომლებიც პუტინს აიმედებდნენ, რომ საქართველო ბოლოს და ბოლოს დაეთანხმებოდა «სარეაბილიტაციო ცენტრად» ბაზის ტრანსფორმაციას.
        თბილისშიც ვეღარ ხედავენ რაიმე სარგებლობას გუდაუთაში ცნობილი რუსული პოლკის ყოფნით. არ არის დიდი განსხვავება (ჩვენთვის) ამ ბაზას რუსები დაიკავებენ, თუ აფსუათა შეიარაღებული ფორმირებები.
        პარასკევს (რა თქმა უნდა, წინასწარ შეთანხმებითა და მოლაპარაკებით) გუდაუთის სახმედრო ბაზასთან შეიკრიბნენ ქალები, ბავშვები, მოხუცები (კავკასიელ მთიელთა დიადი წესისამბერ, ასეთ შემთხვევაში კაცები არსად ჩანანა) და განაცხადეს, რომ არ გაუშვებდნენ აფხაზეთიდან ¹345 საპარაშუტო-სადესანტო პოლკს.
        ამ სპექტაკლის მოწყობის განკარგულება მოსკოვიდან მაშინ გასცეს, როდესაც დარწმუნდნენ, რომ ფუჭად ელოდნენ თანხმობას «სარეაბილიტაციო ცენტრის» დაფუძნებაზე. შესაბამის რუსულ-ქართულ დოკუმენტებში კი, რუსმა ექსპერტებმა ჩადეს კიდევ ერთი გაიძვერული პუნქტი: საქართველო ვალდებულია, უზრუნველყოს რუსეთის ჯარების უსაფრთხოება გაყვანის მომენტში. ანუ, თუ მაგალითად, ქალები, ბავშვები და მოხუცები გზას უღობავენ რუსულ სამხედრო ტექნიკას, რუსი ოფიცრები «მხრებს აიჩეჩენ» და საქართველოს ხელისუფლებისაგან მოითხოვენ, «დაამყაროს წესრიგი გუდაუთა-სოჭის მაგისტრალზე», რათა რუსეთმა შეძლოს სტამბოლის ხელშეკრულების შესრულება და ჯარების გაყვანა.
        ბუნებრივია, საქართველო გუდაუთა-სოჭის ავტომაგისტრალზე წესრიგის დამყარებას და სამხედრო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე «შმვიდობიანი მანიფესტაციის» დაშლას ვერ შეძლებს.
        რაც შეეხება იმ არგუმენტს, რომ გუდაუთის სამხედრო ბაზას აქვს პირდაპირი გასასვლელი ზღვაზე. ამდენად, რუსეთის სამხედრო სარდლობას შეუძლია ისარგებლოს საზღვაო ტრანსპორტით ან თუნდაც უზარმაზარი, «რუსლანის» ტიპის სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავებით გაიტანოს ტექნიკა - ეს არგუმენტი აქ არ გაჭრის. რუსები ყოველთვის გვეტყვიან, რომ მხოლოდ მათი გადასაწყვეტია, კონკრეტულად რა გზით დაცალონ ბაზა.
        ძალიან საინტერესო ნიუანსია აგრეთვე ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე «უწყვეტი» აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი არგუმენტი: თურმე, ნუ იტყვით, ბაზის გატანის წინააღმდეგნი ისინი იმიტომ არიან, რომ ამ ადგილას XIX საუკუნეში, რუსული პოლკი იდგა და ეს «დიადი» ტრადიციის დარღვევა იქნებოდა.
        შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს შეუძლია (საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე) იმოქმედოს ფრთხილად, უემოციოდ და გეგმაზომიერად ნებისმიერ შემთხვევაში, გუდაუთის ბაზის შენარჩუნება მაინც აღიქმება, როგორც სტამბოლის შეთანხმებათა თუ არა, ყოველ შემთხვევაში, სულისკვეთების დარღვევა.
        ამ მომენტს თბილისი აქტიურად გამოიყენებს შემდგომი დიპლომატიური ურთიერთმოქმედების დროს როგორც მოსკოვთან, ასევე დასავლეთთან, რათა არ დაუშვას საკუთარი ინტერესების შელახვა თუნდაც მათი გარიგების ხარჯზე.
        «ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების» თაობაზე ხელშეკრულების დარღვევა კი მეტისმეტად «მძიმე» პრეცედენტს ქმნის, რათა ჩაშალოს ნებისმიერი სეპარატული გარიგება (საქართველოს თაობაზე) ჩვენს ზურგს უკან - ამგვარი საშიშროება კი ნამდვილად არსბეობს, ამას ნუ დავივიწყებთ.
        რუსეთში «გუდაუდთის» ბაზის საკითხი თანდათან (მასმედიის ძალისხმევით) უკავშირდება ვლადიმირ პუტინის პრესტიჟსა და რეიტინგს. აქედან გამომდინარე, კრემლი ყველანაირად შეეცდება «არ დაკარგოს სახე» - თუკი აფსუათა ტაკიმასხარული დემონსტრაციები არ გაჭრის, იგი უკანასკნელ კოზირსაც გამოაჩენს: დაგვემუქრება კონფლიქტის ზონიდან სამშვიდობო ძარებისგაყვანით იმ შემთხვევაში, თუ საქართველო არ დაეთანხმება «გუდაუთის ბაზის» ტრანსფორმირებას სამშვიდობო ძალთა ცენტრად.
        სწორედ მაშინ შედგება კულმინაციური მომენტი - უკვე არც ისეა საქმე, თითქოს მხოლოდ ეს მუქარა გაჭრის (მით უმეტეს, თუ საქმე მედია-ანგაჟირებამდე მივიდა), მაგრამ მეორე მხრივ, აფხაზეთში ახალი საომარრ კონფლიქტის უკონტროლო გაჩაღებაც რეალობად დარჩება.
        საყურადღებოა აგრეთვე, რომ ვითარების გამწვავება ემთხვევა მნიშვნელოვან შიდაპოლიტიკურ პროცესებს - უახლოეს მომავალში პარლამენტმა უნდა განიხილოს საკონსტიტუციო ცვლილებათა საკითხი. ახლოვდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მოსკოვში ჩათვალეს, რომ ამ სიტუაციაში ყველაზე მძლავრი ბერკეტების ამოქმედება ეფექტიანი და შედეგიანი იქნებოდა: საქართველოსადმი დათმობების ალბათობა და შესაძლებლობა არც განიხილება, ვინაიდან არძინბამ და ჩიბიროვმა დაარწმუნეს პუტინის გარემოცვა, რომ საქართველო «არამდგრადი სისტემაა» და თავისით დაიშლება, ანუ ვერ შეძლებს კონსოლიდირებას რუსეთის პოლიტიკის საწინააღმდეგოდ. ეს გახლავთ სწორედ ჩვენი ერთ-ერთი უდიდესი უბედურება: საქართველოს არა ჰყავს კონსოლიდირებული ელიტა (ისტებლიშმენტი) - ჩვენ რომ კონსოლიდირებული ისტებლიშმენტი გვყავდეს, რუსეთს ზოგიერთი რამ შეიძლება კიდეც დაეთმო (იმავე ტერიტორიული მთლიანობის პრობლემასთან დაკავშირებით), მაგრამ მოსკოვში ხომ შესანიშნავად ხედავენ, რა ხდება ჩვენს პოლიტიკურ ოლიმპზე, ხომ მშვენივრად ამჩნევენ, რომ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც არსებული ხელისუფლების ალტერნატივად მოიაზრებიან, არაფერი აინტერესებთ სახელისუფლებო ცვლილების გარდა და ნებისმიერ პრობლემას მხოლოდ ამ თვალთახედვით განიხილავენ.
        მაშასადამე, რაც უნდა მოიმოქმედოს რუსეთმა, როგორი ბერკეტებიც უნდა აამოქმედოს, რა პროვოკაციაც უნდა განახორციელოს, ეს გამოიწვევს არა ელიტის კონსოლიდირებას, არამედ, პირიქით, მის შემდგომ დაშლასა და დანაწევრებას.
        ძნელი შესამჩნევი არ არის, რომ პარალელურად მიმდინარეობს «მართვადი ქაოსის» სისტემათა ამოქმედება საქართვლეოში: გახშირებული «გატაცებები» სწორედ ამისი პირველი სიმპტომია. ზოგიერთი მიიჩნევს, თითქოსდა აქ რუსეთის სპეცსამსახურები არაფერ შუაშია და რომ «ჩეჩნები მუშაობენ». რასაკვირველია, ჩეჩნები მუშაობენ, მაგრამ თუ ყურადღებით შევისწავლით, არც მთლად ასეა საქმე - გავიხსენოთ რუსლან ლობოზანოვი, - დუდაევის ეპოქის ნიშანდობლივი ფიუგრა, ჩეჩენი კანონიერი ქურდი (რაც ჩეჩნებში იშვიათობაა, ვინაიდან სათანადო მენტალურ თავისებურებებს ეწინააღმდეგება), რომელიც რუსეთის სპეცსამსახურთა «შტატიანი « აგენტი იყო და იმავდროულად, დღემდე ითვლება ადამიანთა გატაცების ინსტიტუტის «ამღორძინებლად» ჩეჩნეთში.
        დაახლოებით იგივე სქემა მოქმედებს ამჟამადაც საქართველოში.
        ამ სისტემის განვითარება-გაფართოების (ანუ «მართვადი ქაოსის» ამოქმედების) შემდეგ კი ძნელი გასარჩევი იქნება, სად იწყება კრიმინალი და სად მთავრდება პოლიტიკა.

დილის გაზეთი, 11 ივნისი, 2001 წელი

მთელ გვერდზე