რუსეთი ბაზების გაყვანას არ აპირებს
        ილია კლებანოვის «ტექნიკური» ვიზიტი საქართველოში
       

        რუსეთის ვიცე-პრემიერ ილია კლებანოვის ამჟამინდელ ვიზიტს ორივე მხარემ «ტექნიკური» უწოდა, ვინაიდან მას არ ჰქონდა «ბაზების თოაბაზე ოფიციალური მოლაპარაკების» სტატუსი.
        როგორც ჩანს, რუსეთს სურს, «გადამწყვეტი რაუნდი» საკუთარ ტერიტორიაზე გამართოს - მოლაპარაკებათა მორიგი ოფიციალური რაუნდი მოსკოვში, ივნისში უნდა შედგეს. გუშინ კლებანოვი, თურმე, მხოლდ «კონსულტაციებს» აწარმოებდა, თანაც, ნახევრადოფიციალურად. მიუხედავად ამისა, რუსეთის ვიცე-პრემიერი საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო, ხოლო მისი პარტნიორი, ირაკლი მენაღარიშვილი, კომენტარს უკეთებდა განხილულ საკითხებს.
        ერთი შეხედვით, მხარეთა პოზიციები ძირითად, საკვანძო ასპექტებში სრულიად შეუთავსებელია: სამთვიანი პაუზის შემდეგ, ილია კლებანოვმა, მართლაც ჩამოიტანა «დასაბუთება», თუ რატომ სჭირდება რუსეთს 14 წელი ახალქალაქისა და ბათუმის ბაზების გასაყვანად.
        თავიდანვე გულუბრყვილობა იყო იმის იმედად ყოფნა, რომ რუსეთს ასეთი გეგმის წარმოდგენა გაუჭირდებოდა: რასაკვირველია, სამხედრო ტექნიკის გატანასა და ცოცხალი ძალის გაყვანას ფული სჭირდებოდა, ამიტომ მოსკოვს, რასაკვირველია, იმთავითვე შეეძლო თუნდაც ასწლიანი გრაფიკი წარმოედგინა და თავისი პოზიცია გაემართლებინა: რა ვქნა, საბიუჯეტო ხარჯების თვალსაზრისით, უახლოესი საუკუნის განმავლობაში მეტის საშუალება არ მექნებაო.
        ანუ მთავარი და განმსაზღვრელი ის კი არ უნდა ყოფილიყო, თუ რისი შესაძლებლობა აქვს რუსეთს, არამედ ის, თუ რა დრო სჭირდება ამ ოდენობის ტექნიკისა და ცოცხალი ძალის გაყვანას. შეძლებდა თუ არა რუსეთი თანხების გამოძებნას, უკვე მისი პრობლემა უნდა ყოფილიყო, და არა ჩვენი. მაგრამ საკითხის ამგვარი დასმა სცილდებოდა «სტამბულის ფორმატს» და მოსკოვთან მწვავე კონფრონტაციას გულისხმობდა, რაც საქართველოს ხელს არ აძლევს.
        ამჟამინდელი ფორმატით კი, ბევრი რამ თვით რუსეთზეა დამოკიდებული.
        ილია კლებანოვს არც იმის თქმა დავიწყებია, რომ ჯარების სრული გაყვანა დაახლოებით 150 მილიონი დოლარი დაჯდება. მისი გამჭვირვალე ქარაგმა გულისხმობდა: თუ ვინმე გადაიხდის ამ თანხას, მაშინ ვადა შეიძლება შემცირდეს.
        როგორც ჩანს, რუსებს ძალიან გაუტკბათ ვაზიანის ბაზის პრეცედენტი, როდესაც ამერიკელებმა და ინგლისელებმა ათიოდე მილიონი დოლარი გადაუხადეს, სულ რაღაც, ერთი წლის განმავლობაში ვაზიანიდან სამხედრო ტექნიკის გატანის საფასურად.
        თუ დასავლეთი 150 მილიონ დოლარს გადაუხდის, შესაძლებელია, ვადა 7-8 წლამდე შეამცირონ - რატომაც არა? სხვა საკითხია, დათანხმდება თუ არა ამას დასავლეთი. ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ ნამდვილად ამთავითვე შეიძლება გამოვრიცხოთ: 2,5-3 წელში ბაზების გაყვანაზე რუსები არც ერთ შემთხვევაში არ დაგვთანხმდებიან, ვინაიდან მათი მიზანი ბაზების რეალურად გაყვანა სულაც არ არის. ისინი ნამდვილად არ იტყვიან უარს, ფულიც მიიღონ დასავლეთისაგან და არც ჯარები გაიყვანონ რეალურად, მარტივი ტექნოლოგიით: 7-8 წელიწადში (როგორც იმედი აქვთ), საქართველოში ძალიან ბევრი რამ შეიცვლება. თუ არ შეიცვალა («თავისით»), თვითონაც წაეხმარებიან «პატარას», როგორც ათი წლის წინ.
        ამ მხრივ, მოსკოვის პოზიცია ურყევი იქნება: რუსეთი საქართველოს ასე ადვილად არ დათმობს - ეს გამორიცხულია, ვინაიდან სწორედ ჩვენი ქვეყანა მიაჩნია ცენტრალური აზია-კავკასიის გეოპოლიტიკური ჯაჭვის ყველაზე მგრძნობიარე და სუსტ რგოლად.
        ამრიგად, დღეისათვის მივიღეთ ასეთი ვითარება: სტამბულის ხელშეკრულების შესაბამისად, გაყვანილია ვაზიანის სამხედრო კონტინგენტი. სამხედრო აეროდრომი და თვით ბაზა 1 ივლისამდე გადმოეცემა საქართველოს თავდაცვის სამინისტოს. ოღონდ ეს არ ნიშნავს საქართველოს დედაქალაქში რუსული «სამხედრო ყოფნის» შეწყვეტას, ვინაიდან კვლავინდებურად რჩება რუსეთის სამხედრო დაჯგუფების შტაბი ვაკე-საბურთალოს გადასასვლელზე - მთელი მისი ინფრასტრუქტურით, მიწისქვეშა სათავსოებით, გვირაბებით, რადიოსალოკაციო სადგურებით და ა.შ.
        ამ შტაბის (იგი ნებისმიერ დროს შეიძლება იქცეს პლაცდარმად) დაცლას რუსეთი აპირებს მხოლოდ ახალქალაქისა და ბათუმის ბაზებთან ერთად, ანუ 14 (შესაძლოა, 7-8) წლის შემდეგ. ესე იგი, საერთოდ, არ აპირებს არასდროს, ვინაიდან არც იქიდან უფიქრია წასვლა სინამდვილეში: 7-8 წლის განმავლობაში კი უზრუნველყოფს ისეთი ხელისუფლების მოსვლას, რომელსაც ბაზების საკითხი აღარც გაახსენდება.
        რაც შეეხება გუდაუთის ბაზას, არის სიმპტომები, რომ მოსკოვი გვემქურება სამშვიდობო ძალების გაყვანით, თუ საქართველოს ხელისუფლება არ დაეთანხმება გუდაუთის ბაზის ტრანსფორმირებას «სამშვიდობო ძალთა» სარეაბილიტაციო ცენტრად.
        სამშივდობო ჯარების გაყვანა კი დღევანდელ პირობებში, უეჭველად ნიშნავს აფხაზეთში ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედების დაწყებას, რაც ხელს არავის აძლევს.
        ამდენად, რუსეთის «სამხედრო ყოფნა» საქართველოში კვლავ რეალობად რჩება.
        და ბოლოს, ბაზები საერთოდაც, რომ არ იყოს, ცხინვალსა და ენგურის აუზში დისლოცირებული ძალები სავსებით შეიძლება «ბაზად» ჩაითვალოს.
        თანაც, მათ გაყვანაზე საქართველოში არც არავინ საუბრობს.

მერიდიანი, 16 მაისი, 2001 წელი

მთელ გვერდზე