რეგიონალიზმი და ქართული ეთნოიდენტიფიკაცია
       

        მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს, რომლის დედააზრია «დიდი შიშიანობა» ზურაბ ჟვანიას გაპრემიერების გამო, «ტაატით» მიჰყვება ქართული სახელმწიფოებრიობის ურთულესი პრობლემა - ქვეყნის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის საკითხი.
        გასულ კვირას «ტრადიციონალისტებმა» ეს თემა კვლავ გაამწვავეს.
        როგორც ჩანს, ერთგვარი სტიმულის როლი შეასრულა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ცნობილმა გადაწყვეტილებებმა, რომელთა შინაარსი (ანეკდოტია, მაგრამ ფაქტია) თბილისში ზუსტად არავინ იცის, ვინაიდან დოკუმენტურად ცვლილებები არავის უნახავს - ბათუმი მათ გადმოგზავნასა და ვინმესთვის გაცნობაზე თავს იკავებს.
        აკაკი ასათიანმა განაცხადა, რომ ის, რაც ბათუმში მოხდა, არის შედეგი ხელისუფლების გაუბედავობისა, «ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ მოწყობასთან» დაკავშირებით - აქაოდა, 6 წლის განმალვობაში (1995 წლიდან) ხომ შეიძლებოდა ამ საკითხის გარკვევა?
        მაგრამ «ტრადიციონალისტთა» საყვედური ხელისუფლების მიმართ, ამ შემთხვევაში სამართლიანი არ არის და აი, რატომ: «ტრადიციონალისტთა» პროექტის გარდა, საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში არსებობს ათეულობით კონცეფცია, რომლებიც «ტრადიციონალისტებისას» არათუ ეთანადება, არამედ, კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
        ზოგი ფედერალიზმის მომხრეა, ბევრი უნიტარიზმის, სხვები- რთული უნიტარიზმის, ბევრიც - ასიმეტრიული ფედერალიზმის, სამხარეო მოწყობის, რეგიონალიზმის და ასე შემდეგ.
        აზრთა სხვადასხვაობა და საკმოად მწვავე შეხლა-შემოხლა წარმოიშვა უმალვე, როგორც კი «ასათიანის პროექტი» მეტ-ნაკლებად სერიოზული მსჯელობის საგანი გახდა - თუნდაც, კონკრეტულ პრობლემასთან (გამგებლების არჩევა-არარჩევასთან დაკავშირებით).
        ხომ ადვილი წარმოსადგენია, რა ამბავი ატყდება, თუ ეს პროექტი დოკუმენტურ ხასიათს შეიძენს.
        მაგრამ ასათიანი ამას მალავს და ცდილობს, თემა გადაიტანოს ხელისუფლებასთან დაპირისპირების დისკურსში. არადა, მისი მთავარი (ჯერჯერობით) ოპონენტი, გურამ შარაძე სწორედ ოპოზიციის წარმომადგენელია და არა ხელისუფლების.
        დარწმუნებით შეიძლება ითქვას, ასათიანის წინადადება «რეგიონალიზაციის თაობაზე» ძალიან ბევრისთვის (არა მხოლოდ ხელისუფლებისთვის) მიუღებელი იქნება.
        ამის ახსნა ორიოდე სიტყვითაც შეიძლება: თუ «რეგიონალიზება» ტრადიციონალისტთა მოდელით გულისხმობს ადმინისტრაციული ერთეულების შექმნას (ამ შემთხვევაში არა აქვს მნიშვნელობა, მმართვლეობისა თუ თვითმმართველობის) რაიონების შერწყმით და ზოგიერთ მხარეში (მაგალითად, კახეთში, სამეგრელოში) რამდენიმე რეგიონის ჩამოყალიბებით, ეს უკვე ძალიან სრეიოზულ წინააღმდეგობას წააწყდება: კახეთში, მაგალითად, ასეთი მცდელობა მენტალურ პრობლემებსა და წინააღმდეგობებს გაომიწვევს და აღიქმება «კახეთის გაყოფად» - მაშინ, როდესაც ასეთი აღქმა არ არსებობდა რაიონული დაყოფისას ან «სამხარეო ადმინისტრაციის» დროს.
        სულ ერთია, კახეთი რჩებოდა კახეთად, ხოლო ორ-სამ ნაწილად მისი ინსტიტუირება უეჭველად წააწყდება შესაბამისად არგუმენტირებულ, ემოციურ წინააღმდეგობას. შაჰ-აბასმა ვერ დაჰყო და ახლა ამათ უნდათ, გაჰყონ?! აი, ნახავთ, თუ ასე არ მოხდეს.
        მაგრამ დავუშვათ რეგიონალიზმს დაამთხვევენ არსებულ სამხარეო მოწყობას, ანუ ამჟამინდელი მხარეები იქცევა შესაბამისად, ინსტიტუირებულ რეგიონებად. ეს კიდევ უარესი! ამით ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯს არათუ სახელმწიფოებრივ-ადმინისტრაციულ, არამედ ეროვნული ცნობიერებისა და თვითშეგნების დივერსიფიცირებისკენ.
        ტერმინი «საქართველო», რომელსაც უმჭიდროესად უკავშირდება საერთო ქართული შეგნება, გაჩნდა მხოლოდ მე-12 საუკუნეში. ისტორიული მხარეების ინსტიტუირებით და შესაბამისი მმართველობა-თვითმმართველობის სტრუქტურების ორგანოთა შექმნით, ძალაუნებურად (არავის ეპარება ეჭვი ტრადიციონალისტთა კეთილგანზრახვაში) სათავეს დავუდებთ რეგიონული ეთნოიდენტიფიკაციის პროცესს, რაც აუცილებლად დააკნინებს დროთა განმალვობაში საერთო სახელმწიფოებრივ, ეროვნულ იდენტიფიკაციას.
        რეგიონალიზმი რუსეთში, ან ევროპაში ერთია (იქ ეთნიკური შეკრება-კონსოლიდაციის პროცესი დიდი ხანია დაასრულეს) და სულ სხვაა რეგიონალიზმი საქართვლეოში, სადაც (ვიყოთ გულწრფელები) ეთნიკური კონსოლიდაციისა და თვით ტრაიბალისტური ინტერესთა კონფლიქტის პრობლემაც კი არ არის ბოლომდე გადალახული.
        ნოვგოროდელ რუსსა და როსტოველ რუსს შორის, დამეთანხმებით, გაცილებით ნაკლები განსხვავებაა, ვიდრე მეგრელსა და კახელს შორის.
        როდესაც 1992 წელს, «რეგიონალიზმის» ერთ-ერთ აქტიურ მომხრეს, აკაკი ბაქრაძეს ეს არგუმენტაცია გააცნეს, მან შინაარსობრივად ვერაფრით მოიგერია და ასეთი პასუხი გასცა: «თუ ქართველ ერს ეროვნული სახელმწიფოებრივი შეგნება იმდენად დაბალი აქვს, მე-20 საუკუნის მიწურულს, რომ ეს ასეთ გართულებებს გამოიწვევს, მაშინ ამ ერის არსებობა საერთოდ არ ღირსო».
        დღემდე გაუგებარია, ან რა ლოგიკაა ეს, ან რა ზნეობა - საკუთარი ერისთვის ასე «ჯინაზე» კრიჭაში ჩადგომა და ვინ მისცა ვინმეს ასეთი «შეუქცევადი» ექსპერიმენტის უფლება?!
        ალბათ, გონივრული იქნებოდა, დღეს ამ თვალსაზრისით დარჩეს ყველაფერი, როგორც არის.
        აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან და აჭარასთან ფედერაციული და კონფედერაციალი მიმართება საკითხს პირდაპირ არ უკავშირდება. უფრო ზუსტად, ამ პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია საქართველოს ისტორიული მხარეების ინსტიტუირებისა და შესაბამისი ეთნოიდენტიფიკაციის საფრთხის შექმნის გარეშეც.
        კაცმა რომ თქვას, ადრე თუ გვიან, რაიონის გამგებელი ალბათ აირჩევა, რაც ზემოთხსენებული თვალსაზრისით («კუთხური» ეთნოიდენტიფიკაციის მოსაშლელად) სასარგებლოც შეიძლება აღმოჩნდეს.
        სამხარეო დონეზე კი შენარჩუნდეს მმართველობითი სტრუქტურები - ყოველ შემთხვევაში, უმჯობესი იქნება, თუ საქართველოს «ისტორიული მხარეები» მხოლოდ კულტურულ ცნებად დარჩება, ვინაიდან, წარსულის და შუასაუკუნეობრივი ბნელეთის გამოღვიძება მართლაც სასიკვდილო რისკია.

დილის გაზეთი, 23 ივლისი, 2001 წელი

მთელ გვერდზე