რა შედეგს მოიტანს სოციალური დუღილის პროცესი?
       

        გუშინ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უახლოესი 8-10 დღის განმავლობაში (შესაძლოა, უკვე მომავალ სამშაბათს) პარლამენტის წინაშე წარდგება მოხსენებით ქვეყნის საშინაო და საგარეო მდგომარეობის შესახებ.
        ბუნებრივია, გამოსვლისთვის საკმოად დაძაბულ ფონს ქმნის მძიმე სოციალური ვითარება, თუმც,ა უფრო ზუსტი იქნებოდა, გვეთქვა: ამ ვითარების სათანადო ანგაჟირება პოლიტიკური სპეკულაციებისათვის, ბოლოს და ბოლოს, «სოციალური თემატიკა» ერთგვარ აზრობრივ თუ არსობრივ დივერსიფიცირებას მოითხოვს. ყოველ შემთხვევაში, ჟურნალისტური განხილვის დონეზე მაინც, თორემ მართლა ამაზრზენი ხდება დღენიადაგ იმის მოსმენა, რომ «საქართველოს მოსხალეობის 90 პროცენტი შიმშილით კვდება, ლუკმაპური არა აქვს, ამ დროს ჩინოვნიკები საირმეზე სასახლეებს იშენებენ» და ა.შ.
        ჯერ ერთი, საირმეზე აშენებული სრა-სასახლეების უმრავლესობა ეკუთვნით არა ჩინოსნებს, არამედ «ცნობილ ბიზნესმენებს». თუმცა, რაც ნიშანდობლივია, ისინიც ამჯობიენბენ უძრავი ქონება საქასრიელ ბებიებზე გადააფორმონ და რეალურად არ «აჩვენონ», ვინაიდან, იმავე ჩინოვნიკთა თავგასულობის გამო, პატიოსანი ბიზნესის კეთება ჩვენში ძალზე გართულებულია.
        მაგრამ მეორეს მხრივ, თუ კაპიტალიზმი გვინდოდა, ამასაც უნდა შევეჩვიოთ: ქართული მენტალიტეტის თავისებურებათა გათვალისწინებით (თბილისის «ელიტარულ სასაფლაოთა» სოციალური იერარქია უცხოელების გაოგნებას იწვევს), სასახლეებს კი არა, სრა-საახლეებს ააშენებენ, თუ ნება მიეცათ, ქალაქის ცენტრში და 1000-კაციან დაბადების დღეებს გადაიხდიან მოშურნეთა თვალის «დასაფსებად».
        ეს სულაც არ არის საშიში. მთავარია, ქვეყანაში არსებობდეს მეტ-ნაკლებად თანაბარი საწყისი პირობები და პიროვნება არ იყოს შეზღუდული «იერარქიული» სისტემით, რომლის დამკვიდრებასაც გააფთრებით ცდილობენ სხვადასხვა ჯურის «მემარცხენე-პატერნალისტები», ვითომდაც - ხალხის სოციალური სიდუხჭირით გულდათუთქულნი.
        მათ სწორედ «არჩევანის თავისუფლება» აცოფებთ და ამიტომ მოგვიწოდებენ პარლამენტის შენობისოდენა ვილებიდან «სიღატაკე ერთად დავძლიოთო», თორემ საქართველოში რეალურად უკვე არსებული, ჯერ მცირერიცხოვანი, მაგრამ მაინც ფეხადგმული «საშუალო ფენისთვის» (ნუ გაიკვირვებთ, «საშუალო ფენა» მცირერიცხოვანიც შეიძლება იყოს - რეფორმის მიზანი მისი «გამრავალრიცხოვნებაა») სულაც არ არის სულერთი, საკუთარი «მცირე საქმით» (თუნდაც წვრილი ვაჭრობით) იშოვის 200-300 ლარს თვეში, თუ დაბრუნდება (თუნდაც იმავე ხელფასად) მყრალ, ვირთხებით სავსე ქარხანაში, რათა ამ ქარხნის ყოფილმა დირექტორმა და აწ მეპატრონემ, «ეროვნული ეკონომიკის» ქადაგად რომ არის დაცემული - ზაფხულობით სანფრანცისკოში დაისვენოს ოჯახთან ერთად.
        რუსეთთან «მეგობრობის» მომზრე კია, მაგრამ სოჭსა და ოდესღაც საოცნებო (მისთვის არა) «ჟემჩუჟინას» როდი იკადრებს.
        ამდენად, ერთი ქართველი მწერლის არ იყოს, «ფრთხილად ვიყოთ, ემანდ ეშმას არ წამოვავლოთ ხელი» - უბედურ ლტოლვილებზე და არანაკლებ უბედურ მაწავლებლებზე მეტად «ქართველი ხალხის 90 პროცენტის შიმშილით გაწვეტაზე» ის ხალხი ოხრავს, ვისაც მეცხრე თაობამდე აღარაფერი გაუჭირდება - ისე «ივაჟკაცა» კაპიტალის პირველადი დაგროვებისა და წარმოების საშუალებათა ლეგალიზება-გადანაწილების ეპოქაში.
        ამრიგად, «სოციალური პრობლემატიკის» გადაწყვეტის ერთადერთი ჯანსაღი ალგორითმი გამოიხატება ჯანსაღი ლიბერალური ფორმულით: დავეხმაროთ ინვალიდებს, უმწეო მოხუცებს, უპატრონო ბავშვებს, სხვებმა კი «გაანძრიონ ხელი და ეშველებათ».
        საერთაშორისო სავალუტო ფონდში კაციჭამიები სულაც არ სხედან, მაგრამ ისინი სოციალურ პრობლემათა გადაწყვეტის ასევე ჯანსაღ გეგმას გვთავაზობენ. სიღატაკის დაძლევის პროგრამა გულისხმობს არა უფასო საადილოების გახსნას, არამედ სამუშაო ადგილების შექმნას, მცირე ბიზნესის მხარდაჭერას (არაიერარქიული სიტემის ფარგლებში), ამით საგადასახადო ბაზის გაფართოებას და, შესაბამისად, ბიუჯეტის «სოციალური სეგმენტის» გაზრდას.
        სინამდვილეში საქართველო «სოციალური მენტალიტეტის» ძნელად ტრანსფორმირებადობის თვალსაჩინო ნიმუშია. ეთნოსოციალური თვალსაზრისით რომ შევისწავლოთ რომელი ჯგუფი «კადრულობს» კვალიფიკაციის შეცვლას და რომელი - არა, უმალვე ყველაფერი ნათელი გახდება. აქაც სხვები აქტიურობენ, რაც მათი «ბრალი» არ არის და არც გაემტყუნებათ.
        საქართველოს სოციუმი დუღილს განაგრძობს და ახალ რეალიებთან შერიგება უჭირს - ისევ და ისევ, უპირველესად, მენტალური თვალსაზრისით. თუ გამოსავალი იპოვა, უეჭველად «გამოხეთქავს» და სწორედ ამაში მდგომარეობს საშიშროება - «კორუფცია» შესანიშნავი საბაბი (მაგრამ მხოლოდ საბაბი) შეიძლება გახდეს.
        თუ «ქვაბი» გაუძლებს - დროთა განმავლობაში ნორმალური სოციალური ბრენდიც მოდუღდება.

დილის გაზეთი, 1 მაისი, 2001 წელი

მთელ გვერდზე