პუტინის ფორმულა
       

        გუშინ საქართველოს პრეზიდენტი ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში ჩავიდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მორიგ სამიტში მონაწილეობის მისაღებად.
        აღსანიშნავია, რომ დსთ-ის ყველა ლიდერი უკვე იმყოფება მინსკში თურქმენეთის პრეზიდენტ საფარმურატ ნიაზოვის გარდა, რომელიც, როგორც ჩანს, საბოლოოდ გაემიჯნა ამ «თანამეგობრობას». პრეზიდენტების შეკრებას წინ უძღოდა სკანდალური ინციდენტი - ხუთშაბათს, გამთენიისას უცნობმა პირებმა მინსკში რუსეთის საელჩოს ტერიტორიაზე ორი ხელყუმბარა ააფეთქეს. ასეთი რამ თბილისში რომ მომხდარიყო, შესაძლოა, ზოგიერთს ჩვეულებრივ ამბად მიეჩნია, მაგრამ ბელორუსებს საბჭოთა დროიდან შემორჩენილი უძლიერესი სპეცსამსახურები ჰყავთ.
        ესე იგი, ზოგიერთი თვალსაზრისით, ჩვენს რეალობას მეტისმეტად პროვინციულად ვუყურებთ, ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ თბილისში მსგავსი არაფერი მომხდარა.
        გუშინვე რუსეთისა და ბელორუსიის პრეზიდენტებმა საძირკველი ჩაუყარეს მინსკში რუსეთის ახალი საელჩოს გრანდიოზულ შენობას და თითო აგურიც დადეს სიმბოლურად. ეს ძალიან საინტერესო ფაქტია იმ გნიასის გათვალისწინებით, რაც თან ახლავს (მათ შორის, საქართველოში) რუსეთ-ბელორუსიის კავშირის შექმნას. როგორც ჩანს, ამ «კავშირის» მიუხედავად, ბელორუსია სულაც არ აპირებს, დათმოს სუვერენიტეტი და სხვა სახელმწიფოს ნაწილად იქცეს - წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუგებარია, რა საჭიროა საელჩოს გრანდიოზული შენობის აგება.
        ედუარდ შევარდნაძის ჩასვლა ბელორუსიაში მნიშვნელოვანი იყო, რათა მოგვეხდინა იმის დემონსტრირება, რომ საქართველოში განსაკუთრებულიო არაფერი მომხდარა 25 მაისს (ოთანაძე-კრიალაშვილის პუტჩის დღეს) და ვითარება კონტროლს ექვემდებარება.
        ხუთშაბათს, საღამოს, რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა კავკასიური ოთხეულის შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ რუსეთის, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები. ამ შეხვედრას თავმჯდომარეობდა ჰეიდარ ალიევი, რაც იმას ნიშნავს, რომ ოთხეულთა შეხვედრები გარკვეულ ორგანიზაციად ყალიბდება, თავისებური წესდებითა და როტაციით.
        ამ როტაციის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტსაც მოუწევს ოთხეულის თავმჯდომარეობა.
        ორსაათიანი შეხვედრის შედეგად, ოთხეულმა მიიღო განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კონფლიქტების მშვიდობიან გადაწყვეტას კავკასიაში ალტერნატივა არა აქვს და მხოლოდ ამ პირობით გახდება შესაძლებელი თანამშრომლობის განვითარება.
        ძალიან საინტერესო მომენტია განცხადების ის ადგილი, რომელშიც ნათქვამია, რომ კავკასიის საქმეები თვით კავკასიურმა სახელმწიფოებმა უნდა მოაგვარონ.
        როგორც ჩანს, რუსეთმა შეძლო თავისი ფორმულირების გატანა, ვინაიდან სულ ცოტა ხნით ადრე, სომხეთის პრეზიდენტი რობერტ კოჩარიანი საქართველოს პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას აცხადებდა, რომ კავკასიური პროცესი უნდა განვითარდეს ფორმულით 3+3+2.
        იგულისხმება საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, თურქეთი, ირანი, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი, მაგრამ რუსეთი ოსტატურად სარგებლობს იმ გარემოებით, რომ თავად არათუ რეგიონულ ზესახელმწიფოა, არამედ კავკასიური სახელმწიფოც. ამიტომ პუტინის დოქტრინა დამყარებულია ფორმულაზე 4+0.
        სარწმუნო წყაროთა ცნობით, ედუარდ შევარდნაძე ამ ფორმულას არ დაეთანხმა და მისი პოზიცია, გარკვეულწილად, აისახა კიდეც განცხადებაში, ვინაიდან მასში ნათქვამია, რომ საერთაშორისო გაერთიანებამ აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს კონფლიქტების მოგვარებაში.
        გარდა ამისა, კიდევ ერთი ძალიან ნიშანდობლივი ნიუანსი: განცხადებაში სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები მადლობას უხდიან რუსეთს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში აქტიური მონაწილეობისთვის. რასაკვირველია, იგულისხმება სამშვიდობო მოლაპარაკება და არა საომარი მოქმედებები, თუმცა, არც ალიევს და არც კოჩარიანს არ ეპარებათ ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი ერთ-ერთი მხარე იყო იმ ომში, მაგრამ საქართველოს ხელმძღვანელობა განცხადებაში საერთოდ არ ახსენებს აფხაზეთს და არ უხდის მადლობას რუსეთს, - სომხეთისა და აზერბაიჯანის მსგავსად.
        ასეთი სხვაობა თავისთავად, ბევრისმეტყველია. გარდა ამისა, ზოგიერთი ცნობით, დღეს სახელმწიფოს მეთაურთა სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტი აპირებს ძალიან მკვეთრი განცხადების გაკეთებას აფხაზეთის თოაბაზე და რუსეთის მხრიდან სეპარატისტებისთვის მხარდაჭერის შესახებ, რაც გამოიხატა აფხაზეთისა და ოსეთის მონაკვეთზე სავიზო რეჟიმის არდაწესებაში.
        გარდა კავკასიური ოთხეულის შეხვედრისა, გუშინ პრეზიდენტმა შევარდნაძემ ორმხრივი შეხვედრებიც გამართა. იგი ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევს. მათ მოილაპარაკეს, რომ უკვე მომავალ ოთხშაბათს შეხვდებიან ერთმანეთს იალტაში, რათა მიიღონ ყირიმის დეკლარაცია სუუამის საერთაშორისო ორგანიზაციად გარდაქმნის შესახებ.
        ჯერჯერობით, სუუამი მხოლოდ საკონსულტაციო ორგანოა. მისი გაფორმება საერთაშორისო ორგანიზაციად ძალიან მნიშვნელოვანი იქნება - ეს დაადასტურებს, რომ ხმები სუუამის გარდაცვალების შესახებ ძლიერ გადაჭარბებულია.
        ამჟამად არსებული ცნობებით, ყირიმის შეხვედრაში, მომავალ კვირას, მონაწილეობას მიიღებენ საქართველო, უზბეკეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა და უკრაინა.
        მომავალში შესაძლოა, სუუამს რუმინეთიც შეუერთდეს. მაშასადამე, ეს ქვეყნები კვლავინდებურად აგრძელებენ დამოუკიდებელ კურსს და არ აპირებენ, შეურიგდნენ პუტინის დოქტრინას.

დილის გაზეთი, 1 ივნისი, 2001 წელი

მთელ გვერდზე