პუტინი-აზერბაიჯანში

        გუშინ დასრულდა რუსეთის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში. ვლადიმირ პუტინს ბაქოს აეროპორტში ხვდებოდნენ საბჭოთა კავშირის (ამჟამად უკვე რუსეთის) ჰიმნით და აცილებდნენ იმავე ჰიმნით. საოცრად სიმბოლური იყო, რომ ეს ჰიმნი ჟღერდა შეიჰიდების ალიაში, სადაც პუტინმა ყვავილებით შეამკო 1990 წლის იანვარში საბჭოთა არმიის მიერ გაჟლეტილ ბაქოელთა საფლავები.
        საერთოდ, ეს ვიზიტი აშკარად არაორდინარული და საკმაოდ მახვილგონივრული პოლიტიკური დემარშია. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ელცინს (მისგან მემკვიდრეობით პუტინსაც) მართლაც ძალიან ძლიერი მრჩევლები ჰყავს.
        აზერბაიჯანში ვიზიტის შედეგად რაიმე კარდინალური გადაწყვეტილება არ მიუღიათ: სამშაბათს ხელმოწერილ «ბაქოს დეკლარაციაში» არაფერია სიტყვებისა და ფრაზების რახარუხის გარდა. კასპიის ზღვის ფსკერის გაყოფაშიც ახალი არაფერია - საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე გადაწყვეტილი (მაგრამ გაუფორმებელი) იყო ფსკერის სექტორებად დაყოფა - ზღვის (სინამდვილეში, ტბის) ზედაპირზე თავისუფალი ნაოსნობის შენარჩუნებით.
        რაც შეეხება რუსეთის მონაწილეობას კასპიის შელფის აზერბაიჯანის სექტორში ნავთობის მოპოვების თვალსაზრისით - რუსული კომპანია («ლუკოილი») ამ პროცესში მაშინაც მონაწილეობდა, როდესაც იგივე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო «მრისხანე» განცხადებებს აკეთებდა კასპიის სიმდიდრეთა «ცალმხრივი» ათვისების საწინააღმდეგოდ. «ლუკოილის» მფლობელია აზერბაიჯანელი მულტიმილიონერი ვაგიფ ალეკპეროვი.
        მტკნარი სისულელეა იმის თქმა, თითქოს პუტინის აზერბაიჯანში ჩასვლა სამხრეთ კავკასიაში რუსეთის პოლიტიკის შეცვლას მოასწავებს, რომ «ყარაბაღის დაბრუნების სანაცვლოდ აზერბაიჯანი რუსეთს სამხედრო ბაზას უთმობს და ასე შემდეგ. სინამდვილეში რუსეთი არასდროს «უგანებს» რეგიონში თავის სტრატეგიულ პარტნიორს - სომხეთს. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ერევანი «პირველი ხელიდან» იღებდა ინფორმაციას ბაქოში მიმდინარე მოლაპარაკებათა შესახებ, ამიტომაც სომხები ამ «ისტორიულ ვიზიტს» საკმაოდ მშვიდად შეხვდნენ.
        მაშ რა მიზანს ისახავდა ესოდენ «რეზონანსული» დემარში? - ჯერ ერთი, პუტინმა ამით დასავლეთს უჩვენა, რომ სამხრეთ კავკასიაში რუსეთის პოზიციები და გავლენა კვლავინდებურად ძლიერია - თუმცა, საეჭვოა ამგვარი დემონსტრაციით კრემლმა იმაზე მეტი ბერკეტი მოიპოვოს «ნავთობის პროექტთა» ჩასაშლელად, ვიდრე ამჟამად აქვს.
        მეორე მიზანი კი აშკარად საქართველოს უკავშირდება. მიაქციეთ ყურადღება: თბილისური პოლიტიკური ბომონდი უკვე ალაპარაკდა, რომ «ალიევმა უფრო სწორი პოლიტიკა აწარმოვა მოსკოვის მიმართ». მით უმეტეს, რომ პუტინმა, აზერბაიჯანის მილი-მეჯლისში გამოსვლისას საგანგებოდ გაუსვა ხაზი, რომ რუსეთი არ აპირებს აზერბაიჯანთანაც შემოიღოს სავიზრო რეჟიმი ისევე, როგორც საქართველოსთან.
        არადა, ამის მიზეზი უბრალო რეალობაა: საქართველოსგან განსხვავებით, აზერბაიჯანი მთლიანად (100 პროცენტით) აკონტროლებს რუსეთთან საზღვრის ყველა მონაკვეთს. Aამიტომ, თუ რუსეთი აზერბაიჯანთანაც შემოიღებდა სავიზრო რეჟიმს, ამით «გაყოფდა» ჩრდილოეთ აზერბაიჯანსა და სამხრეთ დაღესტანში მცხოვრებ ლეზგინ ხალხს - ეს ბერკეტი რუსეთს სამომავლოდ სჭირდება აზერბაიჯანის წინააღმდეგ პროვოკაციების მოსაწყობად.
        ზოგადად, აზერბაიჯანი, ყველა თვალსაზრისით, საქართველოზე ძლიერია. აზერბაიჯანში საზოგადოება გაცილებით მეტად კონსოლიდებულია, ვიდრე საქართველოში. ამიტომ პუტინმა «პოლიტიკური შთაბეჭდილებების» შექმნით სცადა (არცთუ მთლად უშედეგოდ) ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე გეოპოლიტიკური დისკუსიის გააქტიურება და ეგრეთ წოდებული «პროდასავლური კურსის» მოწინააღმდეგეთა პოზიციების გაძლიერება.
        ჩეჩნეთის პრობლემა აქ, რა თქმა უნდა, მხოლოდ საბაბია. ამ საბაბით რუსეთი, უპირველესად, საქართველოში «ყოფნის» შენარჩუნებას ცდილობს და ქართულ საზოგადოებას უქმნის ილუზიას, თითქოს აზერბაიჯანი რაღაც «დათმობაზე» წავიდა, ხოლო ამ დროს საქართველო (რომელიც აზერბაიჯანზე ბევრად სუსტია) «ჯიუტობს» და რუსეთს ბაზებს არ უკანონებს, ანუ კონფრონტაციას არჩევს მაშინ, როცა ბაქო და მოსკოვი ვითომდაც «შეხმატკბილდნენ».
        ქართული საზოგადოების მენტალიტეტის გათვალისწინებით, ეს ხერხი უეჭველად გაჭრის. სინამდვილეში კი, აზერბაიჯანი არანაირ დათმობაზე არ წასულა და საერთოდ, კარდინალური პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს სრულიად ფუჭი ვიზიტი იყო.
       

დილის გაზეთი, 11 იანვარი 2001 წელი

მთელ გვერდზე