არჩევანი რამსფელდსა და პასტუხოვს შორის?
        ცხინვალიდან ყანდაგარამდე
       

        საქართველო არა მხოლოდ კონტრასტული პოლიტიკის ქვეყანაა, არამედ კონტრასტული სინამდვილისაც. თუმცა, იგი მხოლოდ ერთი შეხედვით არის უცნაური. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი შაბათს გვიან საღამოს ჩამოვიდა თბილისში, გამართა მოლაპარაკება პრეზიდენტ შევარდნაძესთან. მეორე დღეს გაფრინდა ავღანეთში, ჩაატარა სარდლობის თათბირი, შემდეგ კვლავ დაბრუნდა თბილისში და მხოლოდ მესამე დღეს გაფრინდა ამერიკის შეერთებულ შტატებში.
        რასაკვირველია, ეს მარშრუტი გარკვეული ჟესტია. ასეთი რამ შემთხვევით არ ხდება, ანუ, რამსფელდის მიმოსვლა საქართველოსადმი ამერიკის განსაკუთრეული ნდობის გამოხატულება იყო. ბუნერივია, ამერიკის თავდაცვის მინისტრს შეეძლო «შეჩერებულიყო» თურქეთში, ან თუნდაც, პირდაპირ გაფრენილიყო ამერიკაში.
        მეორე მხრივ, დროის იმავე მონაკვეთში, ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ახლადარჩეული «პრეზიდენტი», რუსეთის მოქალაქე კოკოევი ერთმანეთზე თავხედურ განცხადებებს აკეთებს და ჩრდილოეთ ოსეთთან (რუსეთის ფედერაციასთან) გაერთიანებას უმოკლეს ვადებში გეგმავს. მისი თქმით, სამხრეთ ოსეთსა და მთლიანად ოსურ სახელმწიფოს, საქართველოს სახელმწიფოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობა ექნება. რასაკვირველია, ამ განცხადებებით ოსი სეპარატისტები ჩრდილოელ დათვს ფხანენ გულს, ვინაიდან რუსეთმა არ შეიმჩნია, თორემ ბოლო დროს რამდენიმე ძალზე სერიოზული გეოპოლიტიკური დამარცხება იწვნია. უპირველეს ყოვლისა, ამერიკული სამხედრო ბაზა სამუდამოდ (!!) დაფუძნდა უზბეკეთში, ანუ პირველად 200 წლის განმავლობაში ცენტრალური აზიის ამ რეგიონში («შუა აზიაში!) დაირღვა სამხედრო სტრატეგიული ბალანსი.
        მწარე ღიმილის მომგვრელია 13-14 წლის წინანდელი «დისკუსიების» გახსენება. მაშინ გვარწმუნებდნენ, რომ საქართველო «ლიტვას უსწრებდა» და ბალტიის რესპუბლიკები შურით შემოგვცექროდენ. უზბეკეთს მაშინ ვინ ახენებდა? ახლა აღმოჩნდა, რომ უზბეკეთი და უზბეკთა ეროვნული ელიტა (აქ ხელისუფლებაზე არ არის ლაპარაკი) არათუ ჩვენზე (ეს თავისთავად), არამედ შესაძლოა, თვით ბალტიისპირელებზე ჭკვიანები და შორსმხედველები აღმოჩნდნენ. Yოველ შემთხევვაში, ბალტიის სახელმწიფეობში ჯერ არც ერთი ამერიკელი ჯარისკაცი არ არის.
        რაც შეეხება იმას, რომ უზბეკებს «გაუმართლათ», - უმართლებთ ჭკვიანებსა და შორსმჭვრეტელებს. ჩვენთვის ეს ყოველივე გულისხმობს რუსეთის პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრებას და აი, რატომ: არაერთგზის ითქვა, რომ სავსებით ობიექტური მიზეზების გამო (უპირველესად, ერთმანეთის ჭამისადმი მიდრეკილებისა), საქართველო ევრაზიის «სამხრეთ სარტყელის» ყველაზე სუსტი ადგილია. საკმარისია, რუსეთმა ამა თუ იმ პროვოკაციული მეთოდით, იგი საბოლოოდ გაწყვიტოს და ცენტრალურ აზიაში ამერიკული ბაზის დამკვიდრების მნიშვნელობა სერიოზულად შემცირდება.
        ამ თვალსაზრისით, სულაც არ არის შემთხვევითი, რომ რუსეთსა და ჩვენი ქვეყნის დაუძინებელ მეგობარ ბორის პასტუხოვს ახლა «გაეხსნა» საქართველოში ჩამოსვლისა და «დიდი ხელშეკრულების» თაობაზე მოლაპარაკებათა გამართვის სურვილი. როგორც ცნობილია, პასტუხოვი ოქტომბერში უნდა სწვეოდა საქართველოს, მაგრამ მისი მანდატი ჯერ საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ იყო.
        სხვაგვარად თუ ვიტყვით, პასტუხოვმა მიიღო სრულიად ახალი მანდატი, რომელიც საქართველოსადმი «ფარული ულტიმატუმის» წაყენებას გულისხმობს. რუსული გოსდუმის დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ანატოლი ჩეხოევმა ცხინვალის არჩევნების შემდეგ განაცხადა, რომ ქართველებმა რუსეთთან ხელშეკრულების ისეთი პროექტი წარმოადგინეს, როგორიც საქართველოს შეეძლო გაეფორმებინა, ვთქვათ, არგენტინასთან - არაფრით იგრძნობა რუსეთის პრიორიტეტი საქართველოსთან მიმართებაში.
        ჩეხოევი (ოსი სეპარატისტების ინტერესებიდან გამომდინარე) პირდაპირ ამბობს იმას, რასაც ბორის პასტუხოვი დიპლომატიური ფრაზეოლოგიით ფუთავს. ნურავის ექნება ილუზია, თითქოს რუსეთი აამოქმედებს (ესე იგი, რატიფიცირებას მოახდენს) ნებისმიერ დოკუმენტს, თუ იგი გაითვალისწინებს «სამხრეთ ოსეთისა» და აფხაზეთის აღიარებას საქართველოს განუყოფელ ნაწილად და რუსეთს დააკარგვინებს გეოპოლიტიკური ზემოქმედების ბერკეტებს.

დილის გაზეთი, 18 დეკემბერი, 2001 წელი

მთელ გვერდზე