პარლამენტში ტემპერატურა მატულობს
       

        გუშინდელი დებატები პარლამენტში მომავალი ბობოქარი დისკუსიის ერთგვარ რეპეტიციად შეიძლება ჩაითვალოს. პირველად მოხდა მოდელირება სიტუაციისა, როდესაც საკანონმდებლო ორგანო მსჯელობს ბიუჯეტის შესრულებაზე. იგულისხმება წინა წლის ბიუჯეტი. ეს ვითარება კი ამ თვალსაზრისითაა საინტერესო, რომ უკანასკნელი ამ ტიპის მსჯელობაა პარლამენტში და აი, რატომ: «მინისტრთა კაბინეტის» თაობაზე პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივა გულისხმობს პარლამენტის უფლებების ზრდას, მთავრობის კონტროლის თვალსაზრისით. თუ გავითვალისწინებთ, რომ ზურაბ ჟვანიას გუნდის მისვლა მთავრობაში თითქმის 100 პროცენტით გადაწყვეტილია, მომავალში იგივე პარადიგმა განმეორდება, ანუ საპარლამენტო უმცირესობა იქცევა ჭეშმარიტ ოპოზიციად - მთავრობის და არა საპარლამენტო უმრავლესობის საწინააღმდეგოდ.
        მაგრამ «მინისტრთა კაბინეტის» პირობებში, ოპოზიცია შეიძლება ერთობ საჩოთირო ვითარებაშიც აღმოჩნდეს: თუ იგი მოითხოვს ბიუჯეტის შესრულების დაუმტკიცებლობას, მაშინ უეჭველად (კანონის შესაბამისად) ვალდებული ქნება, კენჭისყრაზე დასვას «მინისტრთა კაბინეტისადმი» უნდობლობის საკითხი. ანგარიშის დამტკიცებისთვის 79 ხმაა საჭირო, ხოლო «უნდობლობის ვოტუმს» აბსოლუტური უმრავლესობა, ანუ 118 ხმა დასჭირდება - შეიძლება დეპუტატთა რიცხვი კონსტიტუციით შემცირდეს, პროპორცია კი არ შეიცვლება.
        საპარლამენტო კორპუსს მოვლენათა ამგვარი განვითარება ყოველთვის როდი მოხიბლავს - არ არის გამორიცხული, შემდგომ პრეზიდენტმა გამოიყენოს მის ხელთ არსებული მექანიზმები, რათა დაშალოს პარლამენტი: შესთავაზოს ისეთი კანდიდატურა, რომლის დამტკიცება პოლიტიკურ პარტიებს სასაცილო დმგომარეობაში ჩააყენებს (აქ ქართული მენტალიტეტის თავისებურებაა გასათვალიწინებელი - იგი კომპრომისს არ ცნობს), ხოლო პარლამენტის მიერ კანდიდატურის ორჯერ «ჩაგდების» შემთხვევაში, პრეზიდენტი დაშლის პარლამენტს და დანიშნავს ახალ საპარლამენო არჩევნებს.
        მოვლენათა ამგვარი განვითარება ყველა ოპოზიციური ძალისთვის იქნება მისაღები. კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთება ასეთი ვითარება ბიუჯეტის დამტკიცების შემთხვევაში. ოპოზიცია ვერ შეძლებს ბიუჯეტი «ჩაგდებას» - უფრო ზუსტად, ამას არ გააკეთებს, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში, პრეზიდენტი კონსტიტუციით უკვე ვალდეული იქნება, პარლამენტი დაითხოვოს.
        ერთი სიტვით, ხელისუფლებათა გამიჯვნის მოდელი ძალიან ბევრ რამეს შეცვლის ბიუჯეტთან ურთიერთობის თვალსაზრისით: მთლიანად შეიცვლება ის «საბიუჯეტო-საპარლამენტო» ტრადიცია, რაც 1993 წლიდან ჩამოყალიბდა, ვინაიდან საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაფუძნებიდან დღემდე, სახელმწიფოს მეთაურს არ ჰქონდა პარლამენტის დათხოვნის უფლება.
        ზვიად გამსახურდიას პერიოდი აქ ანგარიშში ჩასაგდები, რა თქმა უნდა, არ არის.
        მომავალი ახალი პოლიტიკური კონფიგურაცია გუშინდელ დებატებზეც ახდენდა ზეგავლენას. ძნელი განსაჭვრეტი არაა, რომ ახალი მთავრობის ყველაზე აქტიური ოპონენტი, ისევ «ახლების ფრაქცია» იქნება, მაგრამ ამ ფრაქციის წარმომადგენლებმა უკვე დაუშვეს როგორც სტრატეგიული, ასევე ტაქტიკური შეცდომა.
        სტრატეგიული შეცდომა თვით ზურაბ ჟვანიასთან «დაჭიდება» იყო, ანუ მისი პოლიტიკური ტალანტის გაუთვალისწინებლობა. შედეგი სულ მალე წარმოჩნდება: მიშა მაჭავარიანის სენსაციური განცხადებებით. საეჭვოა, შესაბამის კომპანიებს, რომელთა აქციები ამჟამად ბებიებს აქვთ გადაცემული «სამართავად»- ყველაფერი რიგზე ჰქონდეთ. საეჭვო კი არა, აქ რთულიც არაფერია.
        რაც შეეხება ტაქტიკურ შეცდომას, დაკვირვეული თვალი უმალვე შენიშნავდა განსხვავებას ბიუჯეტის შესრულების «აჭარულ ფაქტორთან» დამოკიდებულების თვალსაზრისით.
        «ახალი ფრაქცია» ძალიან ცდილობდა ცნობილი «განსხვავება» ეროვნულ ბანკსა და ხაზინის მონაცემებს შორის - ნოღაიდელისა და «გუნდის» წინააღმდეგ გამოეყენებინა, ოღონდ ისე, რომ ასლან აბაშიძეს არ სწყენოდა.
        «ბათუმური ბლოკი» კი «პოლიტკორექტულობას» ინარჩუნებდა. სინამდვილეში, ორივე მონაცემი სწორია, ვინაიდან ეროვნული ბანკი თავისივე ფილიალის ანგარიშზე მოხვედრილ თანხასაც თვლის, ხოლო ხაზინა ამას არ ცნობს.
        ბათუმელ «ფხიზელ თვალს» ეს არ გამოეპარებოდა.

დილის გაზეთი, 9 მაისი, 2001 წელი

მთელ გვერდზე