პარიზული ზეიმი
       

        ჰემინგუეის თქმით, პარიზი მარადიული ზეიმია, რომელიც მუდამ შენთან არის. გუშინდელი დღე სწორედ საქართველოსთვის აღმოჩნდა განსაკუთრებით საზეიმო ამ უწყვეტი ზეიმის მსოფლიო დედაქალაქში.
        სხვათა შორის, ვინც რა აღარ უნდა თქვას, პარიზი მაინც რჩება მსოფლიოს უდიდეს ქალაქად ყველა თვალსაზრისით.
        საოცრად სიმბოლურია, რომ სწორედ ამ ქალაქში დამტკიცდა საქართველოსათვის ისტორიულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება:
        საქართველოს ფინანსთა მინისტრიეს, ზურაბ ნოღაიდელის მონაწილეობით, საფრანგეთის დედაქალაქში გაიმართა კრედიტორთა პარიზის კლუბის მორიგი შეკრება, რომელსაც ერთ-ერთ საკითხად უნდა განეხილა საქართველოსათვის ვალების რესტრუქტურიზაციის საკითხი ეგრეთ წოდებული ჰიუსტონის, ანუ «რბილი» ვარიანტით, რაც ითვალისწინებს ვალების ხანგრძლივ რესტრუქტურიზაციას.
        არსებობს კიდევ ნეაპოლის პროგრამა, მაგრამ ამ პროგრამით იგულისხმება ვალების სრული ჩამოწერა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა, ფაქტობრივად, გაკოტრებულად ცხადდება. ასეთ სახელმწიფო ვეღარ შეძლებს თუნდაც მოკლევადიანი კრედიტის აღებას - ინვესტიციების მოზიდვაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.
        პრინციპში, საქართველოსათვის პრაქტიკული თვალსაზრისით არ ჰქონდა მნიშვნელობა საერთოდ ჩამოგვაწერდნენ ვალებს თუ 18 წლით გადაგვივადებდნენ, მაგრამ განვითარების პერსპექტივის მხრივ, ვალების რესტრუქტურიზაცია პრინციპული იყო, ვინაიდან ამით დადასტურდა: საქართველო არ არის ისეთი ქვეყანა, რომელსაც არანაირი მომავალი არ გააჩნია და შეიძლება ვალები საერთოდ აპატიო, ანუ მასზე სამუდამოდ ხელი ჩაიქნიო.
        ამრიგად, ზურაბ ნოღაიდელმა პარიზში მიაღწია მაქსიმუმს, რისი მიღწევაც, საქართველოს ინტერესებიდან გამოდმინარე, შეიძლებოდა. პარიზის კლუბის გადაწყვეტილებით, მიღებულია ეგრეთ წოდებული, 2+1-ის ვარიანტი, რაც ითვალისწინებს პარიზის კლუბის წევრი ქვეყნებისათვის საქართველოს ვალის რესტრუქტურიზაციას 18 წლით. მაშასადამე, 2019 წლამდე, მაგრამ გადავადება ეხება ვალის ძირითად ნაწილს, ანუ საკუთრივ კრედიტს. თუმცა, პროცენტები საქართველომ, რასაკვირველია, აუცილებლად უნდა გადაიხადოს და განაგრძოს ვალების მომსახურება, მაგრამ ეს ტვირთი გაცილებით უფრო მსუბუქია, ვიდრე ძირითადი ვალის გადახდა, თანაც პარიზის კლუბმა კრედიტის მომსახურებაც გააიოლა. კერძოდ, საპროცენტო განაკვეთი შემცირებულია 6,5 პროცენტიდან 4 პროცენტამდე.
        პარიზის კლუბის წევრები არიან ევროპის სახელმწიფოები, ამერიკის შეერთბეული შტატები, კანადა და რუსეთი. პარიზის კლუბი, ისევე როგორც ლონდონის კლუბი და სხვა საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები, არ არის აგებული კომპლემენტალურობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპზე, ვინაიდან ხმათა რაოდენობა განისაზღვრება შენატანის ოდენობით.
        პარიზში რუსეთს, რა თქმა უნდა, არასდროს ჰქონია და არც ექნება გადამწყვეტი ხმა. საქართველოს საკითხის განხილვისას იგი მხოლოდ იმიტომ მიიწვიეს, რომ საქართველოს სწორედ რუსეთისა მართებს 158 მილიონი დოლარი.
        რუსეთის თანხმობის გარეშე, პარიზის კლუბი ჩვენს სასარგებლო გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. მოსკოვის თანხმობა, ამ შემთხვევაში, განაპირობა იმან, რომ რუსეთმა მიაღწია ნულოვანი ვარიანტის რატიფიცირებას, რის შემდეგაც დასავლეთმა მოიპოვა არგუმენტი, რათა შეექმნა პოსტსაბჭოური ქვეყნისთვის (ამ შემთხვევაში საქართველოსთვის) ვალების გრძელვადიანი გადავადების პრეეცდენტი.
        რესტრუქტურიზაციას დაექვემდებარება საქართველოს მთელი საგარეო ვალი, ანუ დაახლოებით 4 მილიარდ დოლარზე მეტი, მათ შორის, ყბადაღებული თურქმენეთის ვალიც.
        თურქმენეთი არ არის პარიზის კლუბის წევრი ქვეყანა, მაგრამ კლუბმა ითავა მასთან მოლაპარაკების წარმართვა. ეტყობა, მათ საამისო ბერკეტებიც აქვთ. პარიის კლუბმა დაადასტურა ნდობა საქართველოსადმი, ანუ საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი ფინანსური მხარდაჭერის პროგრამათა განხორციელებას განაგრძობენ.
        მთლიანობაში, პარიზის კლუბის გადაწყვეტილება მძლავრი პოლიტიკური ფაქტორი გახდება საქართველოში ფინანსური სტაბილურობის თვალსაზრისითაც.
        საფინანსო ბაზარზე არ იყო სრული რწმენა იმისა, რომ ქვეყანა დეფოლტს გადაურჩებოდა. ამჯერად, ასეით რწმენისათვის საფუძველი ნამდვილად გაჩნდა. არ არის გამორიცხული,სავალუტო ფონდმა და მსოფლიო ბანკმა მეტი ლმობიერება გამოიჩინონ საქართველოში შიდასაინვესტიციო პროგრამებისადმი.

7 მარტი 2001 წელი

მთელ გვერდზე