პანკისიდან - კოდორამდე
       

        უკანასკნელი ცნობებით, ყველა მოლაპარაკების მიუხედავად, კვლავინდებურად დაძაბულია ვითარება თელავის რაიონში.
        ცეცხლზე ნავთი დაასხა ვინმე ვეფხია მარგოშვილის თავხედურმა გამოსვლამ ტელევიზიით, რომელშიც მან მთელს ქვეყანას შეურაცხყოფა მიაყენა.
        ამის შემდეგ, ბუნებრივია, თუ ხელისუფლების (და არა მხოლოდ ხელისუფლების), გარკვეულ წრეებში წარმოიშობოდა აზრი: ხომ არ მივაყენოთ პანკისის ხეობას «გრადის ტიპის» დანადგარები?
        მადლობა ღმერთს, ემოციებს წარსულის მწარე გამოცდილება აკავებს, როდესაც ბევრი ვიწვნიეთ რთულ პრობლემათა იოლად, ერთი დარტყმით გადაწყვეტის ილუზიისა გამო. ეს მართლაც ძალზე სახიფათო ილუზიაა, თუმცა, მეორე მხრივ, ჭკვიანურად და მიზანდასახულად გამოყენებული ან თუნდაც დემონსტრირებული ძალა - თავისთავად დიდი და კეთილშობილური ფაქტორია გათავხედებულების გონს მოსაყვანად.
        მოვიდა დრო, პანკისის ხეობის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, მას სწორედ სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით მეტი ყურადღება მიექცეს.
        არათუ არაფერი დაშავდება, არამედ, აუცილებელია პანკისის ხეობის გაბატონებულ სიმაღლეებზე სათანადოდ მომზადებული რაზმების განლაგება - მძლავრი საარტილერიო დანადგარებითა და დიდებული შორსმსროლელი ნაღმსატყორცნებით, რომლებიც ნამდვილად აქვს ჩვენს არმიას.
        ეს «სტრატეგიული წერტილები» ნებისმიერ მოულოდნელობას გამორიცხავს და საპასუხო არგუმენტსაც შექმნის, საჭიროების შემთხვევაში.
        მით უმეტეს, ისეთი მენტალიტეტის ადამიანებისათივს, რომელთათვისაც მხოლოდ ძალაა არგუმენტი. სხვა ნებისმიერი არგუმენტი მათ სასაცილოდაც არ ჰყოფნით.
        ეს სრულებითაც არ გამორიცხავს «ინტერესთა თანხვედრას» იმავე ჩეჩნებთან. მით უმეტეს, არ გულისხმობს «ინტერესთა თანხვედრას» რუსებთან, მაგრამ ინტერესთა ნებისმიერი «თანხვედრა» აუცილებლად უზრუნველყოფილი უნდა იყოს გარკვეული ძალით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს უკვე «ინტერესთა ერთობა» ნამდვილად აღარ არის.
        იმ «მიკროსაზოგადოებამ», რომელიც შეიქმნა პანკისის ხეობაში, აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ მის წიაღში წარმოშობილ «ინტერესთა კონფლიქტს» (ვთქვათ, იმავე კრიმინალებთან) თავად უნდა მოუარონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდება ინტერესთა შეჯახება საქართველოსთან, რაც გამოიხატება ჯერ გზის გადაკეტვით, ერთგვარი ბლოკადით, შემდეგ საპასუხო «მძევლობაზე» თვალის დახუჭვით, ბოლოს კი ლაზათიანი «ნოხისებრი ბომბარდირებით» ზემოხსენებული სტრატეგიული წერტილებიდან».
        არსებობს მყარი, საუკუნეობით ჩამოყალიბებული ტექნოლოგიაც. მაგალითად, 1992-1996 წლებში, გამოსასყიდის მიღების მიზნით, განხორციელებული 10 გატაცებიდან, ათივე იხსნებოდა საქართველოში. რატომ? - იმიტომ, რომ ქართველი ყაჩაღები შესაბამის ტექნოლოგიას არ ფლობდნენ, ადვილად უშვებდნენ «ტექნოლოგიურ შეცდომებს», ადვილად «ვარდებოდნენ» და ასე შემდეგ.
        ამჟამად, 10 შემთხვევიდან არც ერთი არ არის გახსნილი, რადგან ბოლო 2 წლის განმალვობაში, ამ საქმეს აშკარად «პროფესიონალებმა» მოკიდეს ხელი, რომლებიც საუკუნოვან ისტორიულ გამოცდილებასა და ტრადიციას ეყრდნობიან: წინასწარ ამზადებენ «ბაზას» მძევალთა, თუნდაც წლობითი დასატყვევებლად, სურსათ-სანოვაგეს, ამუშავებენ «დამაკავშირებელ არხებს» და ასე შემდეგ.
        სწორედ ამიტომ, სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ყველა გახმაურებული გატაცების «საწყისი გორგალი» სწორედ პანკისის ხეობაში დევს, ვინაიდან შესაბამისი «მძევლური კულტურა» (ესეც ხომ ერთგვარი «კულტურაა») იქ ჩეჩნეთიდან გადმოსული ეთნიკური და სოციალური ელემენტის გაძლიერების შედეგად დამკვიდრდა.
        რასაკვირველია, ეს არ გამორიცხავს (პირიქით, უშუალოდ გულისხმობს) კავშირს ქართულ კრიმინალურ სამყაროსთან. მაგრამ განმსაზღვრელი აქ სწორედ ეს «მოსული ელემენტი « და «გადამთიულური კულტურაა».
        ძნელი წარმოსადგენია პოლიციელი (მით უმეტეს, მაღალჩინოსანი), ვისაც დღევანდელ პირობებში ფულის შოვნის უამრავი ნაკლებსარისკო საშუალება აქვს, ესოდენ რეზონანსული და საზოგადოებრივად ანგაჟირებული დანაშაული ჩაიდინოს.
        თანამედროვე ქართველმა პოლიციელმა შეიძლება წვრილ მოვაჭრეს გამოსძალოს ფული, ან თუნდაც დაპატიმრებულ დამნაშავეს (!), მაგრამ ისეთ რისკს, როგორიცაა ცნობილი ადამიანების გატაცება, იმ სისტემაში ძნელად თუ ვინმე იტვირთავს.
        მტკნარი დემაგოგიაა, თითქოს პანკისის ხეობის პრობლემა გადაწყდება იქ «სოციალური ვითარების» გაჯანსაღებით, სამუშაო ადგილების შექმნითა და სხვა ამგვარი მეთოდებით. ომის ფაქტორი რომც არ არსებობდეს, არის სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორიც: დასავლურ სოციოლოგიაში დამკვიდრებულია ასეთი ცნება: «ბანდმოსახლეობა». მიაქციეთ ყურადღება, არა «ბანდფორმირება», არამედ «ბანდმოსახლეობა».
        ამ ტერმინით აღნიშნავენ სოციუმის გარეთ დარჩენილ სისტემურ სეგმენტს, რომელიც, იმავდროულად, სოციუმით იკვებება, როგორც წურბელა - სისხლით.
        მაგალითად - ნიუ-იორკის ჰარლემი.
        ეს ხომ ამერიკისათვის სამარცხვინო ლაქაა?
        როგორ გგონიათ, «სოციალური ვითარების გაუმჯობესება» ან სამუშაო ადგილების შექმნა რომ შველოდეს საქმეს, ამერიკის მთავრობა თუნდაც 10-20 მილიარდ დოლარს არ გამოყოფდა რამდენიმე წლის განმავლობაში პრობლემის გადასაწყვეტად?
        მაგრამ «სოციალური პრობლემების» გადაწყვეტა «ბანდმოსახლეობას» (თუკი იგი ჩამოყალიბდა და შესაბამისი თვისებრიობა შეიძინა) შინაარსს ვერ შეაცვლევინებს.
        დაახლოებით, ასეთივე მიმართებები არსებობს პანკისის ხეობაში. ამიტომ ერთადერთი გამოსავალია არა პანკისის ხეობაში შეიარაღებულ ძალთა შეყვანა (რაც არაფერს მოგვცემს აბსოლუტურად), არამედ «ბანდმოსახლეობაში» ინტერესთა კონფლიქტის პროვოცირება.
        წინააღმდეგ შემთხვევაში, ვთქვათ, ხეობაში მყოფი ჩეჩნები არ დაუპირისპირდებიან «ბანდმოსახლეობის» იმ ნაწილს, რომელიც ძველისძველი, ტრადიციული მეურნეობის (ტყვის სყიდვის) აღორძინებას ცდილობს 21-ე საუკუნის დასაწყისში.
        «ინტერესთა კონფლიქტის» შესაქმნელად კი უამრავი მეთოდი არსებობს - მაგალითად, ჩეჩენი ტყვეების საპასუხოდ მძევლად აყვანა (რაც კარგად განახორციელა ლალისყურის მოსახლეობამ, საქართველოს ძალისმიერ სტრუქტურათა უჩუმარი, მაგრამ სავსებით სამართლიანი მხარდაჭერით).
        ბუნებრივია, სახელმწიფო თვითონ ვერ აიყვანს აშკარად მძევლებს - ეს არის სწორედ მისი სისუსტის ძირითადი გამოვლინება, რითაც გათავხედებული «ბანდმოსახლეობა» ოსტატურად სარგებლობს.
        გარდა ამისა, არის სხვა მეთოდებიც: მათ შორის ყველაზე ეფექტიანი შეიძლება აღმოჩნდეს ხეობის ბლოკირება (მით უმეტეს, ზამთრის მოსახლეობასთან ერთად), ხოლო თუ «ბანდმოსახლეობა» შეეცდება მის გარღვევას, სტრატეგიული წერტილებიდან სახელმწიფომ იმის «დემონსტრირება» უნდა მოახდინოს, რომ საკმარის ძალასაც ფლობს საპასუხო დარტყმის განსახრციელებლად.
        ყოველივე ზემოთქმული სულაც არ ნიშნავს საქართველოს პოზიციის შეცვლას ჩეჩნეთის კონფლიქტთან დაკავშირებით, მაგრამ (ვიმეორებ) «ინტერესთა თანხვედრას» აუცილებლად თან უნდა ახლდეს სათანადო ძალა.
        წინააღმდეგ შემთხვევაში, სუსტი და გაუბედავი მხარე ყოველთვის წაგებული დარჩება.
        შეიძლება უბრალო დამთხვევად ჩაითვალოს ის, რაც გასულ კვირას კოდორის ხეობაში ხდებოდა, თუმცა, დიდწილად საერთო პარადიგმა მოქმედებს.
        აფსუეთის პრემიერმა ანრი ჯერგენიამ უარი განაცხადა თბილისში ჩამოსვლაზე - «საკოორდინაციო საბჭოს» მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად. მიაქციეთ ყურადღება აფსუეთს ქართველი პარტიზანები უქმნიან პრობლემას, აქაც არსებობს პირობები «ბანდმოსახლეობის» ჩამოსაყალიბებლად, მაგრამ შინაგანი «ინტერესთა კონფლიქტი» არ აძლევთ საშუალებას საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე (სამეგრელოს მოსაზღვრე რაიონებში) სერიოზული პრობლემები შექმნან.
        მათ, უბრალოდ, ეშინიათ, რომ საქართველომ შეიძლება მოითხოვოს სამშვიდობო ჯარების გაყვანა და განაახლოს ომი აფხაზეთში.
        ანრი ჯერგენია და მთლიანად, არძინბას ხროვა არ იმჩნევს, თორემ საკმარისად დაშინებულია ამით.
        ამიტომ უკადრისსაც კადრულობს.
        მაგალითად, ჯერგენიას განცხადებაში არის ასეთი პასაჟი: «საქართველო იქცა საერთაშორისო ტერორიზმის ცენტრად, რომელიც საფრთხეს უქმნის მეზობელ ქვეყნებს».
        რა თქმა უნდა, «მეზობელ ქვეყნებში» აფსუათა ახლადგამომცხვარი პრემიერი გულისხმობდა არა მხოლოდ საკუთრივ აფხაზეთს, არამედ, რუსეთსაც.
        ეს არის ერთგვარი «დაბეზღება» საქართველოსი - რუსეთთან «ჩეჩნური სეპარატიზმის» მხარდაჭერის გამო.
        აი, ასე უნდა «ინტერესთა კონფლიქტის» შექმნა.
        რუსეთმა დიდოსტატურად შექმნა ინტერესთა კონფლიქტი ერთის მხრივ აფსუეთს, აფსუა-ადიღეურ ერთობასა და მეორე მხრივ, ვაინახთა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას შორის.
        ამიტომაც, აფსუა-ადიღელეებს არათუ ნეიტრალური პოზიცია აქვთ ჩეჩენთა აშკარა გენოციდის პროცესში, არამედ, როგორც ხედავთ, კრემლს «კოჭსაც კი უგორებენ» ჩეჩნების წინააღმდეგ. ისევ და ისევ «ინტერესთა თანხვედრის» საფუძველზე.
        ერთხელ და სამუდამოდ, ალბათ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ გვიხდება ცხოვრება მგლების ხროვაში ყოველი მხრიდან და თუ თვითონ არ ვიქნებით დაუნდობელი მგლები, უეჭველად შეგვჭამენ.
        არაფერი ისეთი ფასეული და კეთილშობილი არ არის ამქვეყნად, როგორც ძალა, ოღონდ, არა უტვინოდ, არამედ, ჭკვიანურად გამოყენებული.

დილის გაზეთი, 16 ივლისი, 2001 წელი

მთელ გვერდზე