ორი ლიბერალიზმი
       

        «მინისტრთა კაბინეტის» თემის გააქტიურებასთან ერთად, სულ უფრო აქტუალური ხდება პოლიტიკური სპექტრის, ანუ პოლიტიკური წრფის ნორმალური, კლასიკური «დალაგება» - რაც დემდე ვერა და ვერ ხერხდებოდა საქართველოში სხვადასხვა მიზეზის გამო.
        ერთი შეხედვით, პოლიტიკურ ძალთა მიმართულების გარკვევა ძნელი არ არის, მაგრამ როდესაც, აქედან გამომდინარე, მათ «მოტივაციურ მოდელირებას» ვცდილობთ, - ყველაფერი ისევ ირევა.
        დავიწყოთ «მარცხნიდან» - კომუნისტები, ლეიბორისტები და სოციალისტები.
        პირველნი (ანუ პანტელეიმონ გიორგაძის «ერთიანი კომპარტია» და სხვა, იმავე მიმართულების მოკინკლავე ჯუჯა პარტიები) სათვალავში ჩასაგდებნი არ არიან: მათი ელექტორალური ნიშა დიდი ხანია (ჯერ კიდევ 1995 წელს) დაიკავეს შალვა ნათელაშვილმა და ვახტანგ რჩეულიშვილმა. «სოციალისტებიც» და «ლეიბორისტებიც» კლასიკური პატერნალიზმისა და პროტექციონიზმის მიმდევრები არიან ეკონომიკაში და სოციალურ ფასეულობებს ანიჭებენ უპირატესობას.
        რამდენად შეესაბამება ეს მათ რეალურ სოციალურ სტატუსს (განსაკუთრებით რჩეულიშვილის შემთხვევაში) - სხვა საუბრის თემაა. საქართველო (მენტალიტეტის თვალსაზრისით) არ არის დიდი ბრიტანეთი, სადაც მილიარდერი ლორდი შეიძლება სოციალისტი იყოს და მრავალრიცხოვანი ამომრჩეველიც ჰყავდეს.
        «ცენტრისტული პარტია» ქვეყანაში არ არსებობს.
        რაც შეეხებათ «მემარჯვენეებს», განურჩევლად «მოქალაქეთა კავშირის» საპარლამენტო შემადგენლობის ეკლექტურობისა, ამ პარტიის ბირთვი (ანუ ზურაბ ჟვანიას გუნდი) რადიკალურად მემარჯვენე, ლიბერალური მიმართულებისაა.
        ამაზე მეტყველებს სოციალ-ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც «გუნდი» ატარებს მთავრობაში და გაატარებს კვლავაც. Aანუ, მან მოძებნა თავისი პოლიტიკური ნიშა და აქვს შანსი იგი დაიმკვიდროს - თუ, რასაკვირველია, უარს იტყვის წარსულის ზოგიერთ ატრიბუტზე (მაგალითად, «სოცინტერნის» წევრობაზე) და მომავალ საპარლამენტო არჩევნებშიც «კრისტალიზებულ» სიას შეადგენს - ყოველგვარი მინარევების გარეშე ყოფილი «დამზადების უფროსებით».
       

        აქ ყველაზე საინტერესო მოვლენაა «ახალი ფრაქცია», ვინაიდან იგი გამოხატავს არა უბრალოდ «ლიბერალურ ოპოზიციას», არამედ ლიბერალიზმს განსხვავებული გეოპოლიტიკური ორიენტაციით. აი, სწორედ ეს განასხვავებს «ახალ ფრაქციას» «მოქალაქეთა კავშირის» ლიბერალური გუნდისგან.
        «ახალი ფრაქცია» ანუ იგივე «ახლები» წარმატებული ბიზნესმენები არიან. ისინი გამორიცხავენ პატერნალიზმსა და პროტექციონიზმს (ამ თვალსაზრისით, ნიშანდობლივია მათი დაპირისპირება გოგი თოფაძის «წითელი დირექტორების» გუნდთან»). იმავდროულად, სისხლხორცეულად არიან დაინტერესებულნი რუსეთის ბაზრის შენარჩუნებით, მოითხოვენ რუსეთისადმი ლოიალობას სწორედ იმ მიზნით, რათა ლიბერალიზმმა გაიმარჯვოს საქართველოში.
        შეიძლება ითქვას, ეს თვისობრივად ახალი მოვლენაა ჩვენი ქვეყნისთვის, ვინაიდან ლიბერალები, 1988 წლიდან – დღემდე, მხოლოდ «პროდასავლური გეოპოლიტიკური ორიენტაციის» ძალები იყვნენ. «მემარცხენეობა» და «სოციალისტობა» კი პრორუსულობას გულისხმობდა. «ახალი ფრაქციის» წევრებს არაერთგზის დაუფიქსირებიათ, რომ საქართველოსთვის სასარგებლო იქნებოდა სნგ-ს საბაჟო სივრცეში შესვლა.
        «ახალი ფრაქციის» ლიდერებს არაერთგზის უთქვამთ, რომ «დამოუკიდებლობა და ორიენტაცია ხალხის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს» - არადა, გაუგებარია, აბა ვის ხარჯზე უნდა ხდებოდეს?
        ორიენტაცია ხომ ხალხს, საზოგადოებას აქვს, ხოლო ნებისმიერი პარტია მას მხოლოდ გამოხატავს. თუ ხალხს აქვს (ჰქონდა - ყოველ შემთხვევაში, ამას გვიმკიცებდნენ) «ევროპული» ანუ «პროდასავლური «ორიენტაცია», როგორც გამოგვიჭედა ყურები ათწლეულების განმავლობაში ჩვენმა ინტელიგენციამ, მაშინ ამ ხალხმა კეთილი ინებოს და ტვირთიც თავად ზიდოს. თორემ ბოლო დროს ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს «პროდასავლურობა» და პროევროპულობა» ზურაბ ჟვანიამ და მიხეილ სააკაშვილმა ძალით მოგვახვიეს თავს ნატოს «საოკუპაციო ჯარების» მეშვეობით.
        ყველაზე საინტერესო მომენტი კი აქ ის არის, რომ რუსეთის სათავეში კვლავ საბაზრო ეკონომიკის მომხრეები მოვიდნენ. Aამიტომ, ერთი შეხედვით, თითქოს «პრორუსული» ორიენტაცია სრულებითაც არ გამორიცხავს ლიბერალური ორიენტაციის შენარჩუნებას.
        ვინც გაეცნო ვლადიმირ პუტინის მიმართვას «პარლამენტისა და ხალხისადმი», დამეთანხმება, რომ ეს იყო წმინდად ლიბერალური მოხსენება - გაცილებით უფრო ლიბერალური, ვიდრე «რეფორმატორად» მიჩნეული ელცინის ნებისმიერი გამოსვლა იმავე ფედერალური საკრებულოს წინაშე.
        გარდა ამისა, პუტინის ადმინისტრაციაში ორივე «საკვანძო» ეკონომისტი - გრეფიცა და ილარიონოვიც თავგადაკლული «მემარჯვენეები» და «ლიბერალები» არიან. თანაც იმდენად რადიკალურნი, რომ მათთან შედარებით, ლივშიცი ან თვით ჩუბაისიც კი «სოციალისტებად» მოგეჩვენებათ.
        ამრიგად, «ლიბერალური პრორუსული ოპოზიცია» თითქოს შეიძლება არსებობდეს საქართველოში, ვინაიდან რუსეთი აღარ ასოცირდება მხოლოდ «მემარცხენე» (ისტორიულად გაკოტრებულ) იდეასთან. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით.
        ყველაზე მეტად აღმაშფოთებელი ის არის, რომ ამ ახალ «მემარჯვენე პრორუსულ ალტერნატივას» და შესაბამისად, «ახალ ქართველებს» აპირებს მიეტმასნოს ყოფილი ეგრეთ წოდებული «ეროვნული მოძრაობის» განსახიერებად მიჩნეული ზოგიერთი პარტია, ანუ სწორედ ის ხალხი, ვინც 1988-89 წლებში, თავისი ბრიყვული ანტირუსული აქციებით და ლოზუნგებით (მაგალითად, «ძირს რუსეთის დამპალი იმპერია») და «ანტიმოსკოვური რადიკალიზმით» რუსეთში შესაბამისი განწყობა შექმნა. თანაც, განურჩევლად იმისა, რუსეთი «მემარჯვენე» იქნებოდა თუ «მემარცხენე», «სოციალისტური» თუ ლიბერალური.
        ახლა კი, თურმე, ნუ იტყვით, რუსეთთან თანამშრომლობა, საქართველოში ლიბერალიზმის დასამკვიდრებლად, შესაძლებელი ყოფილა. არადა, მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირში (კი, ბატონო, იგივე «რუსეთის მოდერნიზებულ იმპერიაში») ცვლილებები დაიწყო, პირველი კოოპერატივები შეიქმნა. ბორის ელცინის გუნდი გამოჩნდა ასპარეზზე, იმთავითვე ცხადი გახდა, რომ კაპიტალიზმის აშენება საქართველოში რუსეთისა და მოსკოვის ლანძღვა-გინების გარეშეც შეიძლებოდა.
        საამისოდ სავსებით საკმარისი იყო ჯერ გორბაჩოვის, შემდეგ ბორის ელცინის გუნდებთან თანაშმრომლობა, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება (9 აპრილის გარეშე) არა ნაციონალისტური, არამედ ლიბერალური ლოზუნგებით, რაც ჩვენს პირობებში (მით უმეტეს, მაშინ) ერთი და იგივე სულაც არ იყო.
        მაგრამ საქმეც სწორედ ის გახლავთ, რომ მაშინ სხვა მიზნები ჰქონდათ, ამიტომ სჭირდებოდათ 9 აპრილის პროვოკაცია, რათა მოვლენათა განვითარებისთვის სხვა კალაპოტი მიეცათ.
        დღეს კი, თურმე, ნუ იტყვით, საქართველოში ლიბერალიზმის დამკვიდრებისა და გამარჯვებისთვის რუსული ბაზარი აუცილებელი ყოფილა. ამ მიზნებით შეიძლება რუსეთის ბაზების დაკანონებასაც კი დაუჭირონ მხარი (რაკი ეს პრობლემა საერთოდ დაავიწყდათ - აღარც ახსენებენ ძველებური ისტერიულობით) და ამით საფლავში ჩააფურთხონ 9 აპრილს მათ მიერვე მსხვერპლად შეწირულ გმირებს.
        ზურაბ ჟვანიას ის ლოზუნგი («ძირს რუსეთის დამპალი იმპერია») არ გამოუტანია და არც გამოიტანდა, ვინაიდან სხვა მენტალიტეტი აქვს. მაგრამ რაკი «გეოპოლიტიკური ორიენტაცია» მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკურ წყობას არ ნიშნავს და გაცილებით უფრო ფართო ცნებაა («გეოპოლიტიკური სივრცის» თემა, უშიშროებისა და სახელმწიფოებრივი მდგრადობის კოორდინატთა სისტემა და ასე შემდეგ), ამიტომ ჟვანიას გუნდის «პროდასავლური ლიბერალიზმი» - პრორუსულ ლიბერალიზმზე გაცილებით თანმიმდევრულიცაა და პატიოსანიც.
        თუ საერთოდ შეიძლება პოლიტიკაში ასეთი «განყენებული» ცნებით ოპერირება, რგორც სინდის-ნამუსია.
        მით უმეტეს, რომ «პრორუსული ლიბერალიზმი» საბოლოოდ, ალბათ, შედეგს ვერც მიაღწევს, ვინაიდან რუსეთი შესაბამის პრივილეგიებს მხოლოდ იმ პირობით დაუშვებს, თუ მისი სახელმწიფოებრივი სივრცის ნაწილად ვიქცევით, ანუ რუსეთ-ბელორუსეთის კავშირში შევალთ «ერთიანი ვალუტით», «ერთიანი არმიით», «ერთიანი საზღვრებით», ერთიანი საბაჟოთი და ასე შემდეგ.
        ასეთ შემთხვევაში საერთოდ გაუგებარია, რაღას ვანგრევდით ამ ქვეყანასა და ათეულობით ათას ადამიანს (ვინც ომებში დაიღუპა) რაღასთვის ვწირავდით, თუ იმავე სივრცეში უნდა დავრჩენილიყავით?»
       

დილის გაზეთი, 5 მაისი, 2001 წელი

მთელ გვერდზე