«ნულოვანი ვარიანტი» - რუსეთის მორიგი ულტიმატუმი
       

        გუშინ ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა «მავანთა მხრიდან დემაგოგიაში სავარჯიშოდ გამოყენებული თემა» უწოდა ე.წ. «ნულოვან ვარიანტს», რომელიც ითვალისწინებს უარის თქმას ყოფილი საბჭოთა კავშირის აქტივებსა და პასივებზე, ანუ ორივე მათგანის რუსეთისათვის გადალოცვას.
        სწორედ ასე მოიქცა საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა რესპუბლიკა, ბალტიის სახელმწიფოთა ჩათვლით. საქართველოს გარდა, ერთადერთი გამონაკლისია უკრაინა, თუმცა, კიევიც მხოლოდ უცხოეთში სსრკ დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობათა ნაწილს მოითხოვს - «ოქროსა და ალმასის» ფონდებზე ან სხვა სახის აქტივებზე მას პრეტენზია არა აქვს, ანუ საქართველო და უკრაინა არ შეუერთდნენ 1991 წლის 4 დეკემბრის ფუნდამენტურ ხელშეკრულებას «სსრკ სახელმწიფო ვალსა და აქტივებთან მიმართებაში სამართალმემკვიდრეობის თაობაზე».
        ოღონდ აქ აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ უკრაინა საბჭოთა პერიოდში გაეროს ნამდვილ წევრად ითვლებოდა და ეს «წევრობა» ფორმალური იყო პოლიტიკური, მაგრამ არა იურიდიული თვალსაზრისით.
        ამრიგად, რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებამ მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც შემდეგ ალგორითმს გულისხმობს: საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტში განსახილველად შეაქვს კანონპროექტი «ნულოვანი ვარიანტის» შესახებ და ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო უერთდება დსთ-ის შესაბამის კონვენციებს, რითაც თბილისი უარს ამბობს ყოფილი საბჭოთა კავშირის როგორც აქტივებზე, ასევე ვალებზე.
        ეს ნაბიჯი უკვე გადაიდგა და პრეზიდენტმა შევარდნაძემ (ვლადიმირ პუტინთან სიტყვიერი შეთანხმების შესაბამისად) პარლამენტში შესაბამისი დოკუმენტი შეიტანა განსახილველად.
        რუსეთმა, თავის მხრივ, 12 იანვრამდე (მაშასადამე, ორშაბათს ან ხუთშაბათს) «პარიზის კრედიტორთა კლუბში» ოფიციალურად უნდა განაცხადოს თანხმობა საქართველოს ვალების რესტრუქტურიზაციაზე (სავარაუდოდ, 3-5 წლით). 12 იანვარს კი, ვაშინგტონში დაგეგმილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს შეკრება, რომელმაც უნდა მიიღოს ოფიციალური გადაწყვეტილება საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენის შესახებ. როგორც ჩანს, რუსეთთან 170 (თუმცა, 22 მილიონი დოლარის გადარიცხვის შემდეგ უკვე 158) - მილიონიანი ვალის 3-5 წლიანი რესტრუქტურიზაცია ადეკვატური საფასურია რუსეთთან ურთიერთობებში დარჩენილი უკანასკნელი ეკონომიკური (ანუ პოლიტიკური) კოზირის გამოსაყენებლად.
        წინააღმდეგ შემთხვვაში, სავალუტო ფონდი ჩვენთან ურთიერთობებს არ აღადგენს, 2001 წელს ვერ მივიღებთ ბიუჯეტში (უკვე) გათვალისწინებულ 150 მილიონ ლარს და 65 მილიონ ლარს 2000 წლის ბიუჯეტის ანგარიშში.
        გარდა ამისა, 2001 წელს დამატებით (ანუ ბიუჯეტში გათვალისწინებულზე მეტად) გვექნება გადასახდელი 292 მილიონ 723 ათასი დოლარი. ეს მაშინ, როდესაც საქართველოს ბიუჯეტი მთლიანად 500 მილიონი დოლარია. აქედან გამომდინარე, ქვეყანა «ფინანსურ ჩიხში» მოექცა და «ნულოვანი ვარიანტის» კოზირის მსხვერპლად გაღება ერთადერთი გამოსავალი ჩანს.
        რაც ყველაზე საგულისხმოა, რუსეთს თითქმის არა აქვს გარანტია, რომ მას შემდეგ, რაც იგი თანხმობას განაცხადებს ვალების რესტრუქტურიზაციაზე (თუ თავად დაიცავს ხსენებულ ალგორითმს), საქართველოს პარლამენტში ეს საკითხი «გავა» უპრობლემოდ ან თუნდაც პრობლემებით და კრემლი საწადელს მიაღწევს, ანუ პირისპირ დარჩება უკრაინასთან - ყოფილი საბოჭთა კავშირის დიპლომატიურ წარმომადგენლობათა შენობების გაყოფის საკითხში.
        მაგრამ რა მოხდება, თუ პარლამენტი ამ წინადადებას «ჩააგდებს»? - სავალუტო ფონდთან ურთიერთობა ხომ იმ დროისთვის აღდგენილი იქნება? ალბათ, ამ შემთხვევისთვის რუსეთს სხვა ბერკეტი აქვს შემონახული - «იტერასგან» გაზის მოწოდებაზე ხელშეკრულებას 3 თებერვალს გაუდის ვადა.

დილის გაზეთი, 9 იანვარი, 2001 წელი

მთელ გვერდზე