«ხისტი მოდელის» სიკეთე
       

        როგორც ჩანს, პოლიტიკური კრიზისი საქართველოში თანდათან ამოიწურა, რამდენიმე დღეც და მთავრობის სასახლესთან მიტინგები აღარ გაიმართება - 2001 წლის ე.წ. ოქტომბერ-ნოემბეროიც («დეკემბერ-იანვრის მსგავსად) ისტორიის კუთვნილებად იქცევა. პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნამ (თუნდაც ახალი არჩევნების დანიშვნის ფორმით) მხოლოდ მარგინალურ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის პოვა მხარდაჭერა. არც ერთი სერიოზული პოლიტიკური ძალა ამას მხარს არ უჭერს, ვინაიდან, არცთუ უსაფუძვლოდ, მიაჩნიათ, რომ ედუარდ შევარდნაძის წასვლა სცენიდან მაშსტაბურ დესტაბილიზაციას გაომიწვევს ქვეყანაში
        თვით პრეზიდენტმა გამორიცხა გადადგომა და დააზუსტა ორი შემთხვევა, რის გამოც პრეზიდენტის გადაყენება შესაძლებელია: გარდაცვალება და იმპიჩმენტი. მიცვალებულისა შევარდნაძეს არაფერი ეტყობა, პირიქით, როგორც გურიაში იტყვიან, «ჯირკივით არის». რაც შეეხება იმპიჩმენტს, კონსტიტუცია განსაზღვრავს, რომ პრეზიდენტიტს იმპიჩმენტის საკითხი პარლამენტში შეიძლება აღიძრას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ჩაიდენს სისხლის სამართლის დანაშაულს (მაგალითად, მკვლელობას ან ყაჩაღობას) ან დაარღვევს კონსტიტუციას. ასეთ შემთხვევაშიც, პარლამენტში სათანადო პროცედურით უნდა აღიძრას საკითხი, რომელსაც მხარი უნდა დაუჭიროს დეპუტატთა ნახევარმა მაინც. შემდეგ საქმე წარიმართება საკონსტიტუციო ან უზენაეს სასამართლოში იმის მიხედვით, თუ რა ბრალდება პრეზიდენტს - თუ, მაგალითად, ყაჩაღობა ბრალდება - უზენაეს სასამართლოში, ხოლო, თუ კონსტიტუციის დარღვევა - მაშინ საკონსტიტუციო სასამართლოში.
        ორივე შემთხვევაში, დაიწყება ჩვეულებრივი სასამართლო პროცესი - ადვოკატებით, საქმის დეტალური შესწავლით და სხვა. თუ საკონსტიტუციო (ან უზენაესი) სასამართლო გაამტყუნებს პრეზიდენტს, ესეც არ არის საკმარისი მის გადასაყენებლად:; პარლამენტმა ხელმეორედ უნდა განიხილოს საკითხი და ორი მესამედით (!) მიიღოს გადაწყვეტილება. რასაკვირველია, ეს ძალზე რთული პროცედურაა. სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ასევე გართულებულია პროცესი ყველა ქვეყანაში, რათა აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სახელმწიფოს მეთაურის პოზიციები მყარი ყოს და იოლად არ შეიძლებოდეს ვითარების დესტაბილიზაცია.
        ამჟამად საქართვლეოში მოქმედებს ე.წ. ამერიკული მოდელი ხელისუფლებათა გაყოფისა, რამაც ამ დღეებში დადებითი როლი შეასრულა, და აი, რატომ: ამერიკული მოდელი მკვეთრად მიჯნავს პრეზიდენტს პარლამენტისაგან. ამ მოდელს თითქოს უამრავი ნაკლი აქვს, მაგრამ აქვს ერთი თვალსაჩინო ღირსება: იგი იმდენად ხისტია, რომ მხოლოდ ერთ ალტერნატივას ტოვებს: ან მშვიდობიანი თანაარსებობა პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის და მაით მოლაპარაკება, ან სამოაქლაქო ომი! არავითარი რბილი მიეთმოეთი, რაც ქვეყანას ჩაითრევს არასტაბილურობის ჭში. საქართველოს პირობებში ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა გავლენიანი პოლიტიკური ძალა შეეცდება საერთო ენა გამონახოს, რათა 10-12 წლის წინანდელი მოვლენები არ განმეორდეს. «დეკემბერ-იანვრის» მოვლენებმაც უამრავ უბედურებასთან ერთად, ჭკუის სასწავლებელი გაკვეთილი შექმნა. ოღონდ, სისხლისღვრით კი არა, არამედ იმით, რომ მაშინდელი «კომანდორები» კარგა ხნით ციხეში აღმოჩნდნენ.
        ამრიგად, «ხისტი» ამერიკული მოდელი იცავს საქართველოს ახალი სამოქალაქო ომისაგან. ეს, მით უმეტეს, საყურადღებოა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენ საკუთარ თავზე დიდი მტერი არ გვყავს.

მერიდიანი, 7 ნოემბერი, 2001 წ.

მთელ გვერდზე