კასპიის ნავთობი, როგორც ფასწარმოქმნითი ფაქტორი
       

        გასულ კვირას, გაუთავებელ ინტრიგებში ჩაფლულმა თბილისურმა პოლიტბომონდმა თითქმის საერთოდ არ მიაქცია ყურადღება მოვლენას, რომელიც ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მოხდა.
        იქ შეიკრიბა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის (შეიძლება ასე ითქვას) ელიტა და ამ შეკრებაზე ყაზახეთმა, პრემიერ-მინისტრის სახით, საბოლოოდ განაცხადა, რომ ეს ქვეყანა უერთდება «საუკუნის პროექტს», ანუ აუცილებლად გადატვირთავს «დიდი მილსადენით» ყოველწლიურად 20 მილიონ ტონა ნავთობს.
        ეს განცხადება იმას არ ნიშნავს, თითქოს წინააღმდეგ შემთხვევაში ნავთობსადენი არ აშენდებოდა, მაგრამ ყაზახეთის დასტური პოლიტიკური თვალსაზრისით მიანც ძალიან მნიშვნელოვანია. მაშ ასე: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ბედი გადაწყდა, იგი აუცილებლად აშენდება 2004 წლის ბოლომდე.
        ამ ცნობამ რუსეთში ხელისუფალთა და მათი ინტერესების გამომხატველ ჟურნალისტთა ნამდვილი გაცოფება გამოიწვია. ამჯერად უკვე რისხვა ყაზახეთის წინააღმდეგაა მიმართული («შენც, ბრუტუს?»).
        რატომღაც ქართულ პოლიტიკაში დღემდე არ გაეცა არგუმენტირებული პასუხი კითხვას: რატომ ეწინააღმდეგება რუსეთი ამ პროექტის განხორციელებას? ჩემი აზრით, აქ იმდენად გეოპოლიტიკაში არ არის საქმე, რამდენადაც გეოეკონომიკაში. ეს ცნებები ურთიერთდაკავშირებულია, მაგრამ მაინც არსებობს სხვაობითი ნიუანსი: რუსეთს ის კი არ აღელვებს, რომ თუ მილი საქართველოზე (არა რუსეთზე) გაივლის, ვიღაც «ზურგზე წამოიკიდებს» ცენტრალურ აზიას, სამხრეთ კავკასიას და სადღაც წაიღებს. რა თქმა უნდა, არა! სინამდვილეში მოსკოვის ის აშფოთებს, რომ თუ შეიქმნებოდა ევრაზიის სუბრეგიონში ნავთობის მნიშვნელოვანი ოდენობის მსოფლიოს ბაზრებზე მიწოდების ალტერნატიული მარშრუტი (არა რუსეთის გავლით), მაშინ რუსეთს «ხელიდან გაუსხლტებოდა» ძალზე მნიშვნელოვანი ფასწარმოქმნითი ფაქტორი.
        დააკვირდით: რუსეთის ეკონომიკა, რომლის გადარჩენა თითქოს შეუძლებელი იყო 1998 წელს, სწორედ ნავთობზე მაღალი ფასების წყალობით გადარჩა და ზრდაც კი დაიწყო.
        საკრედიტო ბაზრებზე რუსეთს რაღა დააბრუნებს, მაგრამ ნავთობზე ფაქტობრივი ფასები ეკონომიკას ჟანგბადივით მიეწოდება.
        ახლა კი დააკვირდით: რუსეთი ტრადიციულად (ჯერ კიდევ ბრეჟნევის ეპოქიდან) უარს აცხადებს ოპეკ-ში (ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია) გაწევრიანგებაზე.
        რატომ? იმიტომ, რომ მას ხელს აძლევს დამოუკიდებლობა ამ სფეროში, რათა ითამაშოს (და ძალიან ოსტატურად ახერხებს ამას) წინააღმდეგობებზე ამერიკის შეერთებული შტატებსა და არაბულ სამყაროს შორის და თვითონ არეგულიროს მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები თავისი ამოუწურავი რესურსებით.
        მაგრამ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის აგებით გაჩნდა იმის შესაძლებლობა, რომ მსოფლიო ბაზარს, ალტერნატიული მარშრუტით (არა რუსეთის გავლით), მიეწოდოს ყოველწლიურად 50 მილიონი ტონა ნედლი ნავთობი.
        ეს ოდენობა საერთო მოცულობით დიდი არ არის თითქოს, მაგრამ მნიშვნელოვანია ფასწარმოქმნის თვალსაზრისით, ანუ ფასებზე ზემოქმედების თვალსაზრისით, ესე იგი რუსეთი კარგავს შესაძლებლობას, ზეგავლენა მოახდინოს ფასწარომქმნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორზე.
        ეს კი, ნავთობის ფასებზე მისი ეკონომიკის დამოკიდებულების თვალსაზრისით, რუსეთისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
        აი, რაშია საქმე. აი, რატომ ეწინააღმდეგება რუსეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის განხორციელებას. უკიდურეს შემთხვევაში, თუ რუსეთი ვერ შეძლებდა წინა აღდგომოდა საერთოდ კასპიის აუზის ნავთობის ექსპორტს (ეს შეუძლებელია), მაშინ იგი იმას ეცდებოდა და ცდილობს კიდეც, რომ ნავთობმა მის ტერიტორიაზე გაიაროს, რადგან ეს მაინც უნარჩუნებს მას კონტროლს მნიშვნელოვან ფასწარმოქმნით ფაქტორზე.
        ამიტომ, სრულებითაც არ არის გადაჭარბებული ის მოსზარება, რომ ბაქო-ჯეიჰანსა და მთლიანად «ევრაზიის დერეფანს» რუსეთი ასე ადვილად მართლაც არ შეურიგდება, უფრო მეტიც, იგი ყველაფერს იღონებს, რათა ეს პროექტი ჩაიშალოს და არ მოერიდება აბსოლუტურად არაფერს!
        პუტინის გეგმა რუსეთის «მიწათა შეკრებისა», ანუ ერთიანი კაშვირის ამა თუ იმ ფორმით აღდგენისა სწორედ «ნავთობის დოპინგს» ეყრდნობა. ამ დოპინგის გარეშე პუტინს იმპერიის აღორძინება გაუჭირდება. აქ არის საძიებელი სიღრმისეული მიზეზი საქართველოსთან რუსეთის დაპირისპირებისა. ჩეჩნეთი მხოლოდ საბაბია (რუსულად «პრედლოგ» - არ აგერიოთ «პოვოდ»-ში), რათა არსებობდეს ინსტრუმენტირებული არგუმენტი ზემოქმედებისთვის.
        ჩვენ ხშირად ვერც კი ვაცნობიერებთ, რა საფრთხის წინაშე ვდგავართ: ამ «დერეფნის» ყველაზე სუსტი რგოლი (ობიექტურად) საქართველოა. ამიტომ, აქეთაა მიმართული დარტყმა. პირველი მეთოდი უკვე გამოიყენეს (სავიზო რეჟიმი). შემდგომ ზემოქმედება სულ უფრო გრძელდება და არ მოერიდება არაფერს!!! - ტერიტორიული აქტებისა და სამოქალაქო ომის პროვოცირების ჩათვლით.
        საქართველოს უკან დასახევი გზა არა აქვს. რაკი არავინ არაფერს გვაძალებდა, თუ ამ გრანდიოზულ გეგმას თავად ჩავშლით - ჩვენსკენ აღარასოდეს აღარავინ გამოიხედავს.

დილის გაზეთი, 5 მარტი, 2001 წელი

მთელ გვერდზე